საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, საქსტატი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას უზრუნველყოფს კომისიის ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო კომისია საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა:
„დღეს გაფორმდა მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სემეკს შორის, რომლის მიზანიცაა, როგორც სემეკის მხრიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ასევე საქსტატის მიერ სემეკის უზრუნველყოფა დამუშავებული, ახალი სტატისტიკური მონაცემებით“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ენერგეტიკის სექტორში არსებული რეფორმების მიმდინარეობის ფონზე მნიშვნელოვანია უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება:
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელებისათვის, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი, სანდო სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას. შეთანხმების შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სემეკს დაეხმარება ენერგეტიკული პორტალის შექმნაში, სადაც განთავსდება ენერგეტიკის სექტორის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია. გარდა ამისა, მხარეები შევთანხმდით, რომ მემორანდუმის ფარგლებში არაერთ სხვა საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შესაბამისად გათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.
კომენტარები