რეპრესიები სასამართლო სისტემაში – მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმარი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერს, იძულებული გახადეს საერთო სასამართლოების სისტემიდან წასულიყო. ამის შესახებ განცხადება მოსამართლე მაისურაძემ ცოტა ხნის წინ თავად გაავრცელა.
მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა. ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა. ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში.
რათქმა უნდა ესეც გაივლის…”- წერს მადონა მაისურაძე.
რეპრესიები, სავარაუდოდ, სასამართლოს გავლენიანმა ჯგუფმა დაიწყო, რადგან საერთო სასამართლოების დეპარტამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექვემდებარება. უმაღლესი საბჭო და მისი წევრები კი ის ორგანოა, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მოსამართლების კეთილსინდისიერების შემოწმებას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე ერთ-ერთია, ვინც ჯერ არც კლანის დემარშს შეუერთდა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ თქვა, შემდეგ კი ღიად დაუჭირა მხარი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას.
მადონა მაისურაძის ქმარი გიორგი ჩემია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სპეციალისტად 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.
tvpirveli
კომენტარები