ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენარალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, შარშან ჩაგდებული „აგენტების კანონის“ მიღებას აპირებს ხელისუფლება. რატომ აკეთებენ ამას და რატომ იწვევენ ხელახლა იმ ხალხს, რომელთაც ამ კანონის მიღების მცდელობის გამო, მათ შარშან კუდით ქვა ასროლინა, უკაცრავად და, ბიძინა ივანიშვილს და მის ლაქიებს საკუთარი გადაფურთხებული აალოკინა?
– აშკარაა, რომ ამათ გამჩენი არ ასვენებთ. ამათი ამ თავხედობის არსი ის არის, რომ ვერ ალაგებენ დასავლეთთან ურთიერთობას, უნდათ, გააყალბონ არჩევნები და შერჩეთ, ამ გზით დარჩნენ ხელისუფლებაში, რადგან სხვანაირად ვერ ახერხებენ დარჩენას, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში არჩევნებს წააგებენ. დასავლეთი აღარ აპირებს ამათ გაყალბებული არჩევნები „გაუპრავოს“, როგორც ეს 2020 წელს მოხდა და ამერიკამ და ევროპამ თვალი დახუჭეს. მაშინ დაშალეს ე.წ შალვას ფანჩატური. ხომ გახსოვთ, გაყალბებულ არჩევნებთან იყო ეს დაკავშირებული. ამ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დასავლეთმა „გაუპრავეს“ ის არჩევნები და დასავლეთი იმავეს აღარ აპირებს. ბიძინა ივანიშვილს სჩვევია, როდესაც რაღაცას ვერ გაიტანს, მერე შეტევაზე გადადის. ასე გააკეთა 2018 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს, როცა დასავლეთს დაპირდა, რომ სრულიად პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებდა 2020 წელს, მერე ეს შეცვალა, 30 მაჟორიტარული ოლქი მაინც დაიტოვა. საპრეზიდენტო არჩევნებზე, გვახსოვს, როგორ გამოვიდა გაფითრებული, იფიცებოდა, ოღონდ სალომე ზურაბიშვილს მიეცით ხმა და ყველაფერს გამოვასწორებო. მერე ვითომ კულუარებში გადაინაცვლა და იქიდან მართავდა ქვეყანას. გვახსოვს შარლ მიშელის შეთანხმება და მერე ის დოკუმენტი თავზე გადაახიეს მიშელს. ჩვენი პარტია აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც სიტყვა არ გატეხა და არ შევედით პარლამენტში. მერე შარშანდელი მარტის მოვლენები იყო, ამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით და უკან წაიღეს ორი მოსმენით მიღებული კანონი. ახლა შეტევაზე გადმოვიდა ბიძინა ივანიშვილი. ეს არის დასავლეთთან დაპირისპირების შედეგი, კოორდინირებულია კრემლის მიერ. ზუსტად ანალოგიური კანონი მიიღეს რუსეთში და ამ კანონით, მთელი დასავლეთის ინსტიტუტები გააძევეს ქვეყნიდან. იგივეს გაკეთებას აპირებს ჩვენი ხელისუფლება. თუ ეს კანონი გაიტანეს, არჩევნებს გააყალბებენ და აქ ერთი ორგანიზაცია აღარ იქნება შედეგების გასაპროტესტებლად, მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება ამოიღოს ხმა. ქუჩაში გაიარეთ, ყველა ამ ხელისუფლებას აგინებს. არჩევნებს, ტოტალურად გაყალბების გარეშე, ვერ მოიგებენ.არის მეორე გარემოებაც. სანქციების სუსხი უკვე მიადგა ბიძინა ივანიშვილს. დასავლეთის პრესამ გაშიფრა მისი სქემები, თუ როგორ აპირებს ქონების გადამალვას ბრაზილიაში დასანქცირების შემთხვევაში. ამისთვის თადარიგი ადრე, 2019 წელს დაიჭირა, როდესც ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებს ხანძარი გაუჩნდა და ბერა ივანიშვილმა მილიონი დოლარი გადარიცხა ამაზონის ჯუნგლების გადარჩენის ფონდში. ამაზონი არ ადარდებდა ბიძინა ივანიშვილს, შვილის ხელით გადარიცხა ეს ფული, შემდგომში ბრაზილიის ხელისუფლების გავლენიანი პერსონების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ეს იყო ნიადაგის მომზადება, რომ სამომავლოდ, გადაეტანა თავისი ფული და ქონება ბრაზილიაში და თუ საჭირო გახდებოდა, იქ გაქცეულიყო. საბოლოოდ მაინც, ეს კანონი დასავლეთისა და რუსეთის დაპირიპირების ფორმატის ნაწილია, რომ თავისი მარიონეტი ბიძინა ივანიშვილის ხელით, განდევნოს აქედან დასავლეთი, ჩაუკეტოს გზა, ევროკავშირმა არ დაიწყოს მოპალარაკება საქართველოსთან გაწევრიანების თაობაზე. „აგენტების კანონი “ იმიტომ გააცოცხლა, რომ სავაჭრო ჰქონდეს დასავლეთთან, თუ სანქციებს ამარიდებთ, კანონს ისევ უკან წავიღებო. ეს გათვლები აქვს ივანიშვილს ამ კანონთან დაკავშირებით. კი, ბატონო, საქართველოს სამტროდ ერთი ცენტი არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ამას ახალი კანონის მიღება არ სჭირდება, გვაქვს შესაბამისი კანონები და ეს სრულიად საკმარისია, გაკონტროლდეს აქ გადმორიცხული თითოეული თეთრი და მათი დანიშნულებაც გაირკვეს. ამათ „აგენტების კანონი“ კი არ მიიღონ, თუ გამჭვირვალეობა უნდათ, გამჭვირვალე გახადონ ქვეყანა როგორ გამოღრღნეს, ტენდერებიდან და სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად შეძენით მილიონებს რომ შოულობენ. ცალ–ცალი კალოშით მოსულები მულტიმილიონერები რომ გახდნენ, სრა–სასახლეებს იშენებენ და სამშენებლო მასალას უცხოეთში ყიდულობენ, უცხოელი არქოტექტორები და ინჟინრები უშენებენ ამ სასახლეებს. ფეშენებელურ კორორტებზე ისვენებენ, სახელმწიფო ბორტს ტაქსად იყენებენ და თან ურცხვად გვეუბნებიან, რომ საამისო ფული პენსიონერმა მშობლებმა აჩუქეს. ის მშობლები მილიონერებად იყვნენ დაბადებულნი თუ განძი იპოვნეს? საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან, ეს გაქსუებული უნამუსოები.
– შარშან, ამ კანონის გამო, დიდი დაპირისპირება იყო და ახლაც ასე მოხდება. მე ვფიქრობ, უარესიც იქნება. სამოქალაქო ომზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ დიდი სამოქალაქო დაპირისპირება იქნება, ამაზე რატომ მიდის ივანიშვილი? ეს ხომ ვა–ბანკია და თუ პროცესები უმართავი გახდა, ხალხმა შეიძლება ხელისუფლებაც დაამხოს?
– ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებს მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მძევლად ჰყავს აყვანილი ქვეყანა, გადაიფარა ქვეყანა ნაძარცვი ფულის შესანარჩუნებლად. რაში ანაღვლებს სამოქალაქო დაპირიპირება, დაიხოცება თუ არა ხალხი, არც ეს ადარდებს. ამითაც ივაჭრებს დასავლეთთან, სანქციები ამარიდეთ, თორემ ავრევ ქვეყანასო. მთავარს ვერ ხვდება, რომ შეუქცევადია ეს პროცესი, შეიცვალა მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარება, შეიცვალა ძალთა ბალანსი და არა რუსეთისა და მოკავშირეების სასარგებლოდ და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ამას ივანიშვილი ვერ გააჩერებს. დარწმუნებული ვარ, სახალხო პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადავა, რადგან საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მათი წინააღდეგია. თუ არ გაჩერდა, მაშინ ძალიან მძიმედ დაასრულებს. კი, ეს ვა–ბანკის თამაშია მათი მხრიდან და ეს ვა –ბანკი ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ.
– მაგას ვამბობ, ვა–ბანკზე მიდის ივანიშვილი. ხალხი გამოვა ქუჩაში და შეიძლება შინ მანამდე არ შევიდნენ, ვიდრე ამ ხელისუფლებას არ დაასრულებენ.
– თან გაითვლისწინეთ, ეს ორსერიანია. ძალით თუ გაიტანა ეს კანონი, შესაბამისი რეაქცია ექნება საზოგადოებას და მერე წინ არჩევნებია. ამიტომ, გაუძნელდებათ ამ პროცესების მართვა სათავისოდ. ძალით გაიტანენ, პროტესტით ქუჩაში გამოსულ საზოგადობას ეჯახებიან და ეს თუ შერჩათ, მაშინ ოქტომბერში არჩევნებია და ამ გაბრაზებულ ხალხს სად წაუვლენ? არჩევნებში მათ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. მოკლედ, ან არჩევნებამდე დამარცხდებიან, ან არჩევნებში. თუ ვერ გაიტანეს კანონი, ეს არჩევნებამდე დამარცხებაა, დემორალიზებული „ქართული ოცნება“ გამარჯვებული ხალხის წინააღმდეგ–წარმოიდგინეთ, რა შედეგით დასრულდება არჩევნები. ბევრი თავისიანიც აღარ მისცემს ხმას. ორივე შემთხვევაში წაგებულია „ოცნება“. ეს იციან, მაგრამ იძულებულნი არიან, პატრონის დავალებები შეასრულონ. ეს პატრონი კი რუსეთია.
– დავუშვათ, საქმე მივიდა სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ხელისუფლება დამხობის პირასაა.გამორიცხავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაოფიციალურად დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს? რუსეთმა კი მისი რეჟიმის გადასარჩენად აქ ჯარი შემოიყვანოს, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა დაცვის მიზნით, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. ხელისუფლების მიერ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკუთარი მოქალაქეების დაცვა, მათ შორის სამხედრო ძალით, რუსეთის კონსტიტუციაში სწერია და რუსეთის ნებისმიერი ხელისუფლება მოვალეა, ეს გააკეთოს. მოკლედ, შესაძლებელია, რომ რუსეთმა ძალით და ჯარით გადაარჩინოს ივანიშვილის ხელისუფლება?
– არა მგონია, აქამდე მივიდეს მოვლენები. რუსეთს მშვიდობიანი და სტაბილური საქართველო სჭირდება, აქ არეულობა არ აწყობს. რუსეთისთვის დღეს საქართველო სასიცოცხლო არხია და ამას თავად აღიარებენ. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო ბუფერული ზონაა, რომ გაარღვიონ სანქციების რკალი. მაშინ როდესაც ყოველგვარი მიმოსვლა რუსეთსა და ევროპის შორის დაკეტილია, რუსები საქართველოს იყენებენ ევროპაში შესასვლელად და მერე იქიდან სხვაგან წასასვლელად. ასევე, აქედან შედის რუსეთში სხვა და სხვა სახის სამხედრო კომპონენტები ირანიდან, სხვა ქვეყნებიდან და ეს ამერიკისა და სხვა სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებმა არაერთხელ აღნიშნეს. საქართველოში არეულობა არ შედის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის ინტერესებში და თავისთავად, ამას ყველანაირად აღუდგება წინ დასავლეთი. აქედან გამომდინარე, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.
– თავად ახსენეთ, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაშია, ალგებს იქ სიტუაციას ბრაზილიის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა ბრაზილიაში გადაიტანოს ფული, ქონება და თუ საჭირო გახდა თავიც ამ ქვეყანას შეაფაროს. ეს ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილში“ გამოქვეყნდა. თუ მართლა ასეა, ივანიშვილს ძალიან ცუდად ჰქონია საქმე. რამდენად დამაჯერებელი ეს სკანდალური ინფორმაცია?
– ეს არის რეალისტური ინფორმაცია, მეტიც ბიძინა ივანიშვილი სამოქმედო გეგმა, თუ ძალიან გაუჭირდა. ეს ოლიგარქებისთვის აპრობირებული მეთოდია, თუ მოექცა სანქციებში, ბრაზილიაში გადაიტანს ქონებას და თუ გასაქცევად გაუხდა საქმე და იმედია, ასეც იქნება, ოჯახთან ერთად წავა სამხრეთ ამერიკაში.ბრაზილია ხომ კრიმინალების სამოთხეა და აქედანაც ჩანს ვინ არის ივანიშვილი, რომ სწორედ ეს ქვეყანა აირჩია ბაზირებისთვის. ჩვენ, „ლეიბორისტებმა“ მივმართეთ ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულას, რომელიც მემარჯვენეა, „ლეიბორისტია“, რომ არ გამოიყენოს ბიძინა ივანიშვილმა ბრაზილიის ტერიტორია შავი ფულის გასათეთრებლად და არ შეუშვან ქვეყანაში. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ვიდრე ბრიტანულ მედიაში გაჩნდებოდა ეს ინფორმაცია.
–თითქოს დუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ისე გაიხადა საქმე, როგორც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ივანიშვილმა ან უნდა გააყალბოს არჩევნები, მერე კი ღია დიქტატურა უნდა დაამყაროს ქვეყანაში, ან წააგოს არჩევნები და გაიქცეს ქვეყნიდან. 2012 წელს იმავე არჩევანის წინ იდგა სააკაშვილი. სააკაშვილს დასავლეთმა არ დაანება არჩევნების გაყალბება და დიქტატურის დამყარება, რისი სურვილიც ჰქონდა, 2013 წელს კი, როდესაც პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა და იმუნიტეტი აღარ ჰქონდა, როდესაც დაჭერის საფრთხის წინაშე დადგა, უკრაინას შეაფარა თავი. ამას მოხერხება არ უნდა, სააკაშვილის დღეში ჩაიგდო თავი? რა ძალა ადგა?
– არ მიკვირს ეგ ამბავი, ორივენი ერთი ძირიდან არიან ამოსულები. გახსოვთ, „ვარდების რევოლუციიდან“ ერთად იყვნენ, მერე სააკაშვილის მთავრობის დამფინანსებელიც იყო, ქრთამის მიმცემიც იყო და სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალინ ბევრი და გახმაურებული დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც ისინი მეგობრობდნენ. კი, თქვენგან აბსოლტტურად სწორი შეფასებაა, ივანიშვილმა სააკაშვილივით ან დიქტატურა უნდა დაამყაროს, ან უნდა წააგოს არჩევნები, აღიაროს მისი შედეგები და ქვეყანა დატოვოს, რათა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხი არ აგოს და „ვივამედში“ სააკაშვილის გვერდით პალატაში არ მიუჩინონ ადგილი. დიქტატურის დამყარება ამ ქვეყანაში არ გამოვა, ეს არ არის ბელარუსი, არც სხვა მსგავსი ქვეყანა. ქართველი ხალხი არ დაუშვებს დიქტატურას. ჩვენი გზა ევროპისკენაა და წარმატებით ვივლით ამ გზაზე.
კომენტარები