სოციალური სამართლიანობის ცენტრი ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესებია მიმდინარეობისას არსებულ დარღვვებზე განცზადებას ავრცელებს:
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის პროცესების მიმდინარეობას არსებითი განხილვის დაწყებიდან აკვირდება. ჩვენი შეხედულებით, საქმეში გამოძიებისა და სასამართლო სხდომების ფარგლებში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გაჭიანურების გარეშე გამოიტანოს სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული განაჩენი.
დღეს, 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მონაწილის – ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართა. საბოლოო სხდომა 26 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პროცესი ერთხელ მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გაიდაიდო, მეორედ კი, ლაზარეს დისტანციურად ჩართვის უფლებაზე ეთქვა უარი და დასკვნითი სხდომის თარიღიც ამ მიზეზით შეიცვალა. დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარადგინეს, მოსამართლემ კი განაჩენის გამოცხადება გონივრული ვადით გადადო.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს, 31 მარტს კი მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა პროკურატურის მხრიდან სრულიად შაბლონურ არგუმენტებს დაეფუძნა და მოსამართლემაც კონკრეტულ საფრთხეებზე აპელირების გარეშე გაიზიარა პროკურატურის პოზიცია. არსებითი განხილვა საქმეზე 31 მაისს დაიწყო.[1]პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ლაზარე გრიგორიადისმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. წაყენებული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას მოიცავს.
ლაზარეს დაკავების დღიდან ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროსახელისუფლებო მედიის მიერ აქტიურად მიმდინარეობს მისი მადისკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია.[2] 2023 წლის 30 მარტს ლაზარეს დაკავების შესახებ ინფორმაცია პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-მ გაასაჯაროვა და ბრალდებულის ფოტოს დაურთო წარწერა – “წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს”.[3]რეალურად, ამ განცხადების გავრცელების მომენტში ლაზარეს ბრალი ჰქონდა წაყენებული ოჯახური დანაშაულისთვის, თუმცა არ არსებობდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, არც ნასამართლევი იყო. ამასთან, მისი კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ დადასტურებულა.
საპროტესტო აქციის მონაწილეების, განსაკუთრებით კი ლაზარე გრიგორიადისის, დისკრედიტაციას არც პოლიტიკური თანამდებობის პირები ერიდებოდნენ, ქართული ოცნების მაშინდელმა თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ ლაზარე სატელევიზიო ინტერვიუში არაერთხელ მოიხსენია, როგორც „გზასაცდენილი“ და „ორიენტაციაარეული“. კობახიძემ ლაზარეს ქმედებები ოპოზიციას დაუკავშირა.[4] მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა კი რამდენჯერმე აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს „სატანისტები, ანარქისტები და პროვოკატორებიც“ უწოდა.[5] პროპაგანდისტულ კამპანიას მოსახლეობაში ლაზარეს მიმართ ნეგატიური შთაბეჭდილებების შექმნისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მიზანი ჰქონდა. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა იმთავითვე წარმოაჩინა ლაზარეს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისადმი პოლიტიკური დაინტერესება.
სასამართლო პროცესების დაკვირვებამ გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები გამოაშკარავა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების ყურადღება გაამახვილოს შემდეგ გარემოებებზე:
- ბრალდებულის ამოცნობის ოქმები პროკურატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, თუმცა საქმეში ფოტოსურათით ამოცნობა საპროცესო მოთხოვნების არსებითი დარღვევით ჩატარდა. ამოცნობის ოქმებში მითითებულია, რომ ფოტოსურათით ამოცნობა იმიტომ ჩატარდა, რომ ბრალდებულის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. საქმის მასალებში კი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ ბრალდებული იმალებოდა. უფრო მეტიც, ბრალდების მხარეს პროცესზე წარმოდგენილი ჰქონდა გრიგორიადისის საცხოვრებელი სახლის შენობის ლიფტთან გადაღებული ვიდეოკადრები.
- მოწმეებს ამოსაცნობად ლაზარესგან მკვეთრად განსხვავებული გარეგნული მახასიათებლების მქონე სამი პირის ფოტოსურათები წარედგინათ. წარდგენილ ფოტოსურთაში მხოლოდ ლაზარეს ჰქონდა ქერა თმა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ადგენს, რომ ამომცნობს უნდა წარედგინოს ფოტოსურათები, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან.[6] გარდა ამისა, ის ზოგადი ნიშნები (მსხვილი წარბები, მუქი ფერის თვალები და სხვ.), რომლებიც ამომცნობმა პოლიციელებმა დაასახელეს ამოცნობის საფუძვლად, სხვა ფოტოებზე წარმოდგენილ პირებსაც ახასიათებდათ. საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის.[7]
- პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობა არსებობს. ეს ეხება როგორც ექსპერტების, ისე პოლიციელების ჩვენებებს. მაგალითისთვის: პოლიციელი, რომლის მანქანაც აქციის დროს დაიწვა, გამოკითხვის დროს ამბობდა, რომ არ დაუნახავს, როგორ აზიანებდნენ მის მანქანას. სასამართლოში დაკითხვის დროს კი მოწმე აცხადებდა, რომ მან დაინახა როგორ აზიანებდა ათზე მეტი პირი მანქანას. რაც შეეხება ექსპერტებს, ერთ-ერთი სახანძრო-ტექნიკური ექსპერტი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ მანქანა, რომლის განადგურებას ლაზარეს ედავებიან, სრულად დამწვარი იყო. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაზიანების წყაროს დადგენა. მასთან ერთად მომუშავე სხვა ექსპერტი კი აცხადებდა, რომ ავტომობილის ძრავის მხარე იყო გადარჩენილი, რაც იძლეოდა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ხანძრის შედეგად იყო მანქანა დაზიანებული, ხანძარი კი ღია ცეცხლის წყარომ გამოიწვია.[8]
- ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვებში ნეიტრალურ და დამაჯერებელ მტკიცებულებად ასახელებდა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც თითქოსდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ამსახველ ვიდეოჩანაწერში ექსპერტმა ლაზარეს სახე დააიდენტიფიცირა. რეალურად კი, ექსპერტს გადაეცა ვიდეოკადრები, რომლებიც მხოლოდ ლაზარეს საპროტესტო აქციაზე ყოფნასა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში პროდუქტების ყიდვას ასახავს. შესაბამისად, შეუძლებელია ეს მტკიცებულება ლაზარეს მიერ რომელიმე დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული.
- ქიმიური ექსპერტიზის შედეგად ლაზარეს ქურთუკზე ნავთობპროდუქტის კვალი იქნა აღმოჩენილი, თუმცა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ექსპერტი აცხადებდა, ნავთობპროდუქტი ადამიანის ტანსაცმელზე შეიძლება სპეციალური საშუალებებით დაბინძურებული ჰაერიდანაც მოხვდეს. შესაბამისად, ვერც ეს მტკიცებულება ადასტურებს მოლოტოვის კოქტეილის სროლასთან ბრალდებულის კავშირს.
- ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვებში მიუთითებდა, რომ პოლიციელზე თავდასხმის ორგანიზებულობას ადასტურებს ლაზარეს მობილური ტელეფონიდან ამოღებული ტელეგრამის მიმოწერის ამსახველი “სქრინშოტები”, სადაც მონაწილეები ერთმანეთს “მიმალვისა” და “თავდასხმის” სტრატეგიებს უზიარებენ. დაცვის მხარემ კი დაადასტურა, რომ საქმე ეხებოდა საერთო მიმოწერას, სადაც უამრავი ადამიანი იყო გაწევრიანებული. მათი უმეტესობა არაიდენტიფიცირებადი ანგარიშით ჩანს კომუნიკაციაში და ამ მტკიცებულებით საერთოდ ვერ დგინდებოდა მონაწილეობდა თუ არა ლაზარე დიალოგში.
ერთ წელზე მეტია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმე განიხილება. სასამართლო სხდომების მიმდინარეობა პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის განზრახ გაჭიანურების შთაბეჭდილებასაც ქმნიდა. პროცესი რამდენჯერმე კონკრეტული საფუძვლის გარეშე გადაიდო, ასევე არაერთხელ დაფიქსირდა პროკურატურის მხრიდან მხოლოდ ერთი მოწმის გამოძახების შემთხვევა, რამაც მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი. ის ფაქტი, რომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა სხვა საქმეზე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის გამო შეუჩერდა, არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმის პრიორიტეტულად განხილვის ვალდებულებისგან. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ ბრალდებულის საპროცესო სტატუსი ხანგრძლივი ვადით არ იყოს გაურკვეველი.
ზემოთ განხილული გარემოებები აჩვენებს, რომ ლაზარეს საქმეში იკვეთება არსებითი ხასიათის პროცესუალური და მტკიცებულებითი დარღვევები. საქმის სასამართლოში მსვლელობა და მის ირგვლივ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები აჩვენებს, თუ რამდენად მძაფრი იყო ამ საქმის პოლიტიზირების მცდელობა. საქმის განხილვის არაერთ ეტაპზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ლაზარეზე ყალბი ინფორმაციების გავრცელება, მისგან მტრის ხატის შექმნის და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საქმეში გამოვლენილი საპროცესო ხარვეზების ფონზე, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპტიმალურ ვადაში გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.“
კომენტარები