ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური პარტია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე, ზვიად ტომარაძე.
– ბატონო ზვიად, აუტკივარი თავი რატომ აიტკივა ხელისუფლებამ და შარშან ჩაგდებული „აგენტების კანონის“ მიღებას, წელს ისევ რატომ ლამობს? რა გეგმები და მიზნები აქვს „ქართულ ოცნებას“? მათი განზრახვა თითქოს ხელისგულზე დევს და ამის იქით კიდევ ხომ არ არის რაიმე?
– შარშან ხომ დადო ხელისუფლებამ პირობა, რომ ამ კანონს აღარ შემოაბრუნებდა და ახლა პირობის დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია. ეს კანონი, კი, ბატონო, ამერიკული „ფარას“ მსგავსია, მაგრამ ამერიკაში ამგვარი კანონი 1938 წელს მიიღეს და მაშინ ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიიღეს. ბუნებრივია, ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთიდან, კონკრეტული ქვეყნიდან ფინანსდება, იმ დამფინანსებელი ქვეყნის ინტერესებს აქ ატარებს, ეს ორჯერ ორი ოთხია. საქართველოშიც ბუნებრივია არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან საბოტაჟს და ხშირ შემთხვევაში, უცხოეთიდან მიღებული გრანტის ფარგლებში მოქმედებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ… მაგრამ ამავდროულად ხომ არსებობენ არასამთავრობოები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს უცხოური გრანტებით მედიცინის, გარემოს დაცვის სფეროებში, სოფლის მეურნეობაში, პატიმრების უფლებების დაცვაში და კიდევ ბევრ სფეროში. ამგვარი არასამთავრობოები საქმეს აკეთებენ და კეთილსინდისიერად საქმიანობენ. ხელისუფლება კი ყველა არასამთავრობოს ერთ თარგზე ჭრის. ამ კანონის მიღების მიზანი, ჩემი აზრით, არასამთავრობოების ფინანსებისა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობა არ არის. გამჭვირვალობა რომ სდომებოდა ხელისუფლებას, შესაძლებელი იყო უკვე არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანა. არსებობს კანონი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ“ და ამ და სხვა კანონებში ცვლილებების შეტანა იყო შესაძლებელი. არც მე ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე ყოფილიყო მათი ფინანსები და საქმიანობა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გაუჭვირვალედ საქმიანობენ, რადგან ავსებენ დეკლარაციებს, არ მალავენ, რომელი ორგანიზაციებიდან, რომელი ქვეყნის საელჩოებიდან იღებენ დაფინანსებას და რაში იყენებენ ამ ფულს. პირიქით, ეამაყებათ, რომ კონრეტული ავტორიტეტული ორგანიზაციისგან თუ საელჩიებისგან იღებენ გრანტებს და ამის აფიშირებას თავადვე აკეთებენ. ყოფილიყო დამატებითი გამჭვირვალობა, ამის წინააღმდეგი არც მე ვიქნებოდი და არც ის ხალხი, ქუჩაში რომ გამოვიდა და აპროტესტებს ამ კანონის მიღებას. მთავარი მიზანი ხელისუფლებისა აქ არის იარლიყის მიწებება, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს უცხო ქვეყნის აგენტები დაუძახონ.
– მერე თუ გააკრიტიკებ ხელისუფლებას ნებისმიერი მიზეზის გამო, აგენტი ხარ და არ გაქვს კრიტიკის მორალური უფლება. ეს არის ხელისუფლების გათვლა?
– კი, ბატონო, ეს უნდა ხელისუფლებას. შეგახსენებთ, რომ შარშან, ზუსტად მარტში, დღევანდელმა პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს კანონი ჩვენ მიღებული რომ გვქონოდა, „ნამახვანის“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროტესტზე ბევრი რამ გვეცოდინებოდაო. ანუ, ამით რა თქვა. სახალხო აქციას დაარტყა,რომელსაც არანაირი პოლიტიკური მიზანი არ ჰქონია, გარდა ჰესის მშენებლობის შეჩერებისა. გამოდის, რომ სამომავლოდ, თუ ეს კანონი მიიღეს, ყველას შეეხება, ვინც რაიმეს გააპროტესტებს, ციფრული ლარის თემა იქნება ეს, ახალი პანდემიის შემოტანის მცდელობა, გიგანტური ჰესების მშენებლობა თუ სხვა ნებისმიერი. რაც ხელისუფლების ინტერესებში იქნება და არ იქნება ხალხის ინტერესებში, ყველა სახის პროტესტის წინააღმდეგ გამოიყენებენ ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ამოიღებს ხმას, ყველას აგენტს დაუძახებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. საქართველოს პარლამენტის არაერთი წევრი, წარსულში მუშაობდა ამ „ენჯეო“ სექტორში. ამ კანონის მიღების შემდეგ რა გამოდის? პარლამენტში გვეყოლება უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი დეპუტატები? წარსულში ისინი უცხო ქვეყნების აგენტები იყვნენ? მათი არც სინანული მოგვისმენია და არც აღსარება.
– „ქართულ ოცნებაში“ 28 დეპუტატია, რომლებიც ადრე უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში“ მუშაობდნენ.
– კი ბატონო და მაგის გარდა, ამ 12 წლის მანძილზე, „ქართულმა ოცნებამ“ ამ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით მიიღო მრავალი კანონი და ცვლილებები სხვა და სხვა კანონში და ეს არასამთავრობოები ხშირად უპირისპირდებოდნენ ჩვენი კონსერვატიული საზოგადოების შეხედულებებს. გარდა ამისა, დღესაც ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ინიცირდება, განმარტებით ბარათში სავალდებულოა ჩაწერა, კანონი ეწინააღმდეგება თუ არა ევროკავშირის დირექტივას და რა გამოდის? საკუთარ სავალდებულო ჩანაწერებს ეწინააღმდგებიან?გამჭვრვალობა თუ უნდათ, მოდით ხელისუფლებიდან დავიწყოთ. ვინ არის კოვიდ–ტესტების შემომტანი საქართველოში და ვინ ლობირებს ხელისუფლებიდან, დღემდე რომ არ გააუქმეს ეს ტესტები კლინიკებში და მიდის ფულის კეთება? ვინ ლობირებს საქართველოში იმპორტს, გაყინული ხორცის ბიზნესს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბიზნესს, რომელმაც ჩაკლა ჩვენი აგრო–სექტორი? კომუნალური გადასახადები რატომ არის ასეთი მაღალი? ვისთან მიდის „ატკატი“, გვითხრან მაშინ. სატრანზიტო ქვეყანა ვართ და აზერბაიჯანიდან გატარებული ნავთობიდან და გაზიდან, საკმაოდ დიდ სარგებელს ვიღებთ და ეს რატომ არ აისახება გაზის საფასურზე? ბიტკოინების საწარმოებლად თბილისში რატომ არის თავისუფალი ზონა? ჩვენი მოსახლეობა ფარავს მავანთათვის ბიტკოინების გამომუშავებისთვის საჭირო ელექტრო ენერგიას. ამდენი ჰესების აშენებაც ბიტკოინების საწარმოებლად უნდათ, ხალხის გამო კი არა. გაივსო თბილისი უხარისხო კორპუსებით, ვისაც არ ეზარება, აშენებს და გვითხრან, ვინ მფარველობს ამ სამშენებლო კომპანიებს. სახელმწიფო ტენდერები კიდევ ცალკე საკითხია, საიდანაც უამრავი ფული მიდის ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯიბეებში „ატკატის“ სახით და ამის ბრალია, რაც კეთდება, უმეტესად უხარისხოდ კეთთდება. მეტიც, მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათოა ამ განხორციელებული პროექტების ნაწილი. ვინ მდიდრდება ამ ნარკო–ბიზნესით, განარკომანდა ახალგაზრდობა, ყველამ ვიცით სქემა, როგორ მარტივად იყიდება ეს „წამალი“ და ამ ბიზნესს ზედა ეშელონებიდან რომ არ მფარველობდნენ, წარმოუდგენელია ასე მასობრივად მისი გაყიდვა. ვინ მდიდრდება აზარტული თამაშების ბიზნესით, რომლის წლიური ბრუნვა 55 მილიარდს გასცდა? ეს ხელისუფლების ინტერესებში რომ არ იყოს, მისი შეზღუდვა მოხდებოდა დიდი ხნის წინ. ბანკების მიერ ხალხის ყვლეფა ვინ ინტერესებშია? ქართული ბანკების წლიური მოგება 2.7 მილიარდია. ვისი ინტერესი იყო, „ლიბერთი ბანკი“ ჩვენს პენსიონერებს რომ ძარცვავდა კაბალური სასესხო პირობებით? გაგვცენ ამ კითხვებზე პასუხი.
– ამ ყველაფერზე, რაც ჩამოთვალეთ, თუ კანონი მიიღეს, ხმას ვეღარ ამოვიღებთ. გავა 50 კაცი ქუჩაში გასაპროტესტებლად და დაშლიან, დააჯარიმებენ, როგორც რუსეთში…
– უბედურება იმაშია, რომ ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს არ ესმის ეს საფრთხეები, პანდემიის დროს კრიტიკულ კითხვას რომ დასვამდი, ეგრევე გპასუხობდნენ ვითომ ჩამჭრელ კითხვას – აბა, ვირუსი არ არსებობს? ახლა კრიტიკულ კითხვებზე გპასუხობენ – აბა, არ უნდა ვიცოდეთ, ვინ საიდან და როგორ ფინანსდება? ისედაც იციან, ამას არავინ მალავს. შევიდნენ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის საიტზე, ყველას ჩამოწიკწიკებული აქვს დონორების ვინაობაც, თანხის ოდენობაც და რა პროექტებში უნდა გაიხარჯოს ეს თანხები, ისიც. კანონის მიღებით ამ ხალხს აგენტის იარლიყს მიაწებებენ და მერე, ამ კანონში რას ჩაამატებენ, რას როგორ შესცვლიან, ეს არავინ იცის. ზუსტად ასე დაიწყო რუსეთში 2012 წელს, „აგენტების კანონის“ მიღებით და მერე გამოიყენეს ნებისმიერი პროტესტის წინააღმდეგ, მათ შორის, სოციალური სახის პროტესტისაც.
– არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ხელისუფლება წელს იმიტომ დაუბრუნდა ამ კანონს, რომ ხალხი გამოეწვია და გამოეყვანა გარეთ, მას მასშტაბური არეულობა აწყობს, სურს პროცესები ძნელად სამართავი გახდეს, რომ საგანგები მდგომარეობა გამოახცადონ და გადადონ არჩევნები, რადგან „ქართულ ოცნებას“ დაბალი რეიტინგი აქვს და ოქტომბერში არჩევნებს ვერ მოიგებს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამაზე წავიდნენ?
– არა მგონია, რომ ეს იყოს მათი გეგმა და მიზანი. თუმცა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ბევრ რამეზე წავლენ, ეს უეჭველია.“ნაცმოძრაობის“ დროინდელი ძალადობრივი მეთოდებიც რომ გამოიყენონ, არც ამას გამოვრიცხავ. ჩემი აზრით, დღევანდელი მდგომარეობაა ისეთი, რომ ჩვენი ხალხი არ ენდობა არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას და ძალიან დიდი ნაწილი არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. რეალურად, ვერ ხედავს გამოსავალს და ნიჰილისტურად არის განწყობილი. „ქართულ ოცნებას“ დაბალი რეიტინგი აქვს ნამდვილად, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ იმით სარგებლობს, რომ ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია და ამის ხარჯზე, ჩემი აზრით, არ უნდა გაუჭირდეს არჩევნებში გამარჯვება. ამიტომ, არა მგონია, ასე იყოს საქმე და არჩევნების გადასადებად კეთდებოდეს ეს ყველაფერი.
კომენტარები