„კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს სწავლება „ქართული ღირებულებების“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ამბროლაურში.
ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი პარტია სრულად ეთანხმება მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციაში წარმოდგენილი ცვლილების პროექტს. ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის შეფასებით, იყო ოპოზიციონერი არ ნიშნავს იყო ქვეყნის წინააღმდეგი.
ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“.
„ვფიქრობ, „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“, ვინაიდან „ქართული ღირებულებები“ უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს „ოჯახურ ღირებულებებსაც“, მართლმადიდებლობასა და პატივისცემას ქრისტიანობის წინაშე, სხვა ტრადიციებსაც. სწორედ „ქართულ ღირებულებებშია“ დედაენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემაც“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
„აიპრესი“
კომენტარები