ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
–ბატონო გია, ევროპარლამენტმა საკმაოდ მწვავე და მძიმე რეზოლუცია მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირისგან, სხვა ევროპული სტრუქტურებისგან ამ რეზოლუციას? რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ევროპისგან?
–ევროპარლამენტის რეზოლუციას ავტომატურად აღსრულება არ მოჰყვება, რადგან საპარლმენტო წესრიგი ასეთია. ჩვენც საპარლამენტო ქვეყანა ვართ და პარლამენტის რეზოლუცია არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მყისიერ ქმედებაში გადადის. თუმცა, ევროპარლამენტი დიდ წილად განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას. შესაბამისად, ეს რეზოლუცია აღმასრულებელი სტრუქტურების მესვეურთა მაგიდებზე დაიდება და თუ ჩვენთან რაიმე სისტემურად არ შეიცვალა ამ მიდგომებში, თუ არ შეიცვალა ჩვენი ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა, მერე წავა აღსრულებაში. მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი დაიწყება ამერიკიდან, სანქციები იქნება ეს თუ სხვა. შეერთებულ შტატებს სხვა მიდგომა აქვს. ისინი ასეთ მწვავე რეზოლუციებს არ იღებენ, შეიძლება ითქვას, დროს არ კარგავენ და პირდაპირ მოქმედებაზე გადადიან. ასე მოიქცნენ მოსამართლეთა დასანქცირების შემთხვევაში, პირდაპირ დაასანქცირეს რეზოლუციებისა და განცხადებების გარეშე, ბევრი გარჩევა და ახსნა–განმარტებები არ დაუწყიათ. ასე რომ, ძალიან მძიმე პროცესი მიდის. ევროკავშირი ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა იცვლის საგარეო ვექტორს, რუსულ თარგზე ჭრის ჩვენს სახელმწიფოს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია დასავლური დემოკრატიისთვის. შესაბამისი დამოკიდებულებაც იქნება, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ რაღაც არ შეცვალა და ცოტა გონზე არ მოვიდნენ.
–ბიძინა ივანიშვილის გარდა, რომელიც პირველია რიგში დასასანქცირებელთა სიაში, კიდევ ვის დასანქცირებას უნდა ველოდოთ ევროკავშირისა და ამერიკისგან? იმასაც გავიხსენებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ივანიშვილის პერსონალური დასანქცირება ცალკე პუნქტად არის შეტანილი.
–რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, ეს არის სისტემური დანაშაული. სისტემურ დანაშაულში იმას ვგულისხმობ, რომ ისინი მიდიან კონსტიტუციის მოთხოვნების საპირისპირო მიმართულებით. კონსტიტუციას არღვევენ, კონსტიტუციური სივრციდან გამოდიან, ევროპას თავი რომ დავანებოთ. შესაბამისად, აქ შეიძლება ეს სია ძალიან გრძელი აღმოჩნდეს, რადგან ამ დანაშაულში ბევრი ადამიანია ჩათრეული.
–დავუშვათ, დაასანქცირონ, რა სახის სანქციები შეიძლება დააკისრონ ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას?
–პირდაპირ გეტყვით, მე არ ვისურვებდი, რომ აქამდე მივიდეს საქმე, ამაზე ფიქრიც არ მინდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ისეა შეზრდილი ძალაუფლებასთან, რომ ამ სანქციებით მარტო ისინი არ დაზარალდებიან, ქვეყანა დაზიანდება, ბევრ სფეროში გრძელვადიანი შეფერხებები იქნება განვითარების კუთხით. კონკრეტიკაში არ შევალ, რა და როგორ. მე არც გამიხარდება, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე. მაინც მაქვს მცირე იმედი, რომ სინდისი კი არ აწუხებთ, მაგრამ შიშმა მაინც აიძულოს, რომ ამის შემდეგ მაინც რაღაც ადეკვატური ნაბიჯები გადადგან.
–იმის საფრთხე თუ არსებობს, რომ ქვეყანაც დასანქცირდეს? დავუშვათ, ეროვნული ბანკი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები?
–არა, ამ ეტაპზე ამის საფრთხე არ არსებობს, თუმცა თუ ბიძინა ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ოფშორად აქცია ეს ქვეყანა კრიმინალური ფულისთვის, მერე ყველაფერია მოსალოდნელი.
–საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზეც იყო ცალკე პუნქტად ევროპარლამენტის რეზოლუციაში. შეიძლება იქვას, ეს საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის ივანიშვილისა და სხვა პერსონათა სანქციებზე მნიშვნელოვანია, რადგან უამრავი ჩვენიანია უცხოეთში და ბევრი აპირებს გამგზავრებას სხვა და სხვა მიზნით. ამას ჩვენი ტურისტული და სხვა სახის ბიზნესიც დავამატოთ, რომელთაც ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში, პირდაპირ დახურვა ემუქრებათ.
–თუ ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ რუსეთის იმპერიისკენ, საითკენაც აშკარად მიდის ყველაფერი, მაშინ, ცხადია, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ. ევროპამ რაღაცით ხომ უნდა დაიცვას თავი. იმას ხომ ვერ დაუშვებს, რომ საქართველო გახდეს რუსებისთვის ტრანზიტული ქვეყანა, ერთგვარი „ტროას ცხენი“ ევროპაში შესაღწევად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ ბიძინამ თავისი გაიტანა და აქ საზოგადოებამ ვერაფერი მოახერხა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე კი არა, შეიძლება ქვეყნის იზოლაციამდეც მივიდეს ყველაფერი. იზოლაციისკენ პირველი ნაბიჯი კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება კი არა, საერთოდ გაუქმება იქნება. ეს იმდენად მძიმე სცენარებია, რომ ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
–ამას ავტომატურად მოჰყვება ევროკავშირისქვეყნებში მყოფი ქართველი ემიგრანტების გამოყრა.
–რა თქმა უნდა, აბა, რა, ყველა რადიკალური ზომა იქნება მიღებული.
–თქვენი აზრით, რას იზამს ხელისუფლება? გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ფარატინა ქაღალდი უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას.
– ფარატინა ქაღალდი კი არა, აგერ, ირაკლი ზარქუა ამერიკელებისგან მოითხოვს, ბოდიში მოუხადონ მურუსიძეს და იმ მოსამართლებს, რომლებიც დაასანქცირეს. ესენი საერთოდ გასულები არიან მომსახურების ზონიდან, ისეთ რაღაცებს ითხოვენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, პირდაპირ გეტყვით. მათ კარგი სვლა აღარ აქვთ. გაიწვევენ ამ „აგენტების კანონს“ მათთვის ვაია, არ გაიწვევენ და უი. ამ ვითარებაში ჩაიგდეს თავი.
–29 პრილს რა შეიძლება მოხდეს? ხელისუფლებას თავისი მომხრეები გამოჰყავს რუსთაველზე აქციაზე. რეგიონებში ფულსაც ურიგებენ ხალხს, რომ რაც შეიძლება მეტი „მომხრე“ ჩამოიყვანონ თბილისში. პარალელურად, რუსთაველზე „აგენტების კანონის“ მოწინააღდეგე ახალგაზრდების აქციაც დაგეგმილია. არ არის გამორიცხული, ორი აქციის მონაწილენი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და რაიმე ცუდი მოხდეს.
– მე მაინც ვისურვებდი, რომ მივცეთ ასპარეზი ხელისუფლების აქციას. რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი სად წავა, რუსთაველზე მივლენ. მერე იყვირებენ რაღაცებს და დაბრუნდებიან სახლებში. იქ ხომ მუხტი, იდეა არ არის, მოგონილი თემაა, რაიმე ცვლილებების, ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ წაყვანის იდეა იქ არ იქნება. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ და ვთხოვ, ერთი დღე არ გაეკარონ რუსთაველს. თუ შეკრება გადაწყვიტეს, სხვა, ალტერნატიულ სივრცეებში შეიკრიბონ და იქ თქვან თავიანთი სათქმელი.
კომენტარები