სააკაშვილის დანიშვნას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიაშიც.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსული სამსახური («BBC Russian») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: “მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში მაინც შევიდა – იგი რეფორმების საბჭოს აღმასკომს უხელმძღანელებს”:
“რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა იმდროინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ და საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს სტატუსი აქვს, მის უფლებამოსილებაში შედის რეფორმების პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზება. მისი ხელმძღვანელი კი პრეზიდენტია და ის არჩევს საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. საბჭომ თავისი არსებობის მანძილზე 28 სხდომა ჩაატარა, ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში ჰქონდა. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია 2015 წლის დეკემბერში გამართულმა სხდომამ, რომლის დროსას ოდესის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ერთმანეთში ურთიერთობის გარჩევა დაიწყეს, რაც საჯარო შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა – ჭიქებიდან წყლის შესხმით. როგორც ჩანს, რადგან ახლაც ორივე პოლიტიკოსი რეფორმების საბჭოს წევრები არიან, სხდომაზე ისინი ისევ ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე…”
სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე წერს კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა “ფაინენშელ თაიმსი” («Financial Times») სტატიაში, სათაურით: “მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გამტარებლად დაინიშნა: ქართველი, რომელიც ვიცე-პრემიერი უნდა ყოფილიყო, ახლა რეფორმების მაკოორდინირებელ როლს შეასრულებს”. პუბლიკაციაში, ნათქვამია:
“2019 წელს არჩეულმა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, ცდილობდა ვერხოვნა რადაში საკუთარი პარტიის “ხალხის მსახურის” მხარდაჭერა მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ბევრმა დეპუტატმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზედმეტად კონფრონტაციული იქნება და საბოლოო ჯამში, ძველებურად პრეზიდენტს დაუპირისპირდებაო.
თუ მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერი გახდებოდა, მისი თქმით, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო ურთიერთობას განავითარებდა უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ.
უკრაინის ბიზნეს-საზოგადოება თავდაპირველად შეშფოთებული იყო ისეთი პოლიტიკოსის დაბრუნებით, რომელსაც რეფორმების გატარების გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ მოკავშირეებთან დაპირისპირებითაც იყო ცნობილი. თუმცა მაინც დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების განხორციელებას დააჩქარებდა, მცირე და საშუალო ბიზნესს კრედიტების აღებას გაუადვილებდა და ოლიგარქებს გვერდზე გასწევდა”.
აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო “ესოშაითედ პრესი” («The Associated Press») სტატიაში სათაურით “საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში ოფიციალური სამუშაო მისცეს”, აღნიშნავს:
“გასულ თვეში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნა შესთავაზა, მაგრამ მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” წევრებმა პრეზიდენტის შეთავაზება არ მოიწონეს და უარი განაცხადეს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის პარლამენტში განხილვა-დამტკიცებაზე. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებამ საქართველოს მთავრობისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების აღშფოთება გამოიწვია: პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
გასული თვის ბოლოს უკრაინა გააფრთხილა, რომ თუ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად დანიშნავდა, კავკასიური სახელმწიფო კიევიდან თავის ელჩს გაიწვევდა. გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მას ქართულმა სასამართლომ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა გამო, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და შესაბამისად, ექსრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერია გაცემული”
წყარო – კვირის პალიტრა
კომენტარები