მიმდინარე მოვლენების ფონზე, ცოტა არ იყოს, უცნაური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. მოსახლეობის ნაწილს უკვე აღარ სჯერა, რომ ვირუსი, რომელმაც მსოფლიში ათეულობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რეალურად არსებობს. ნაწილს მიაჩნია, რომ ის არსებობს, მაგრამ არ არის ისეთი საშიში, როგორც გვეუბნებიან, აი მცირე ნაწილი კი მაქსიმალურად ცდილობს ექიმების რეკომენდაციების დაცვას და სრულ თვითიზოლაციაში იმყოფება.
ყველაფერ ამის ფონზე, ქვეყანაში აშკარად ქაოსი და ანარქიაა. ახლა, თუ იმას ვიტყვით, რომ „ანარქია წესრიგის დედაა“ ქართული რეალობისთვის, ეგებ მართლებიც ვიყოთ. აბა გაიხსენეთ, როდის ყოფილა აქამდე ზედიზედ ორი თვის განმავლობაში, რომ ვინმეს ქუჩაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხის შეკრების მოწოდება არ გაეკეთებინოს? არა, შეკრებაზე მოწოდებები ახლაც არის, მაგრამ არა მთავრობის, არამედ საგანგებო მდგომარეობის „გადადგომის“ მოთხოვნით.
ახლა იმას მოგიყვებით, დიდი კომპანიები რას აკეთებენ ამ პანდემიის დროს და როგორ დაიწყეს ერთმანეთის ჩაყლაპვაზე ფიქრი. თანაც, საქმე ისეთ გიგანტებს ეხებათ, როგორებიც „ვისოლი ჯგუფი“ და „სოკარი“ არიან.
მოგეხსენებათ, ხელისუფლების კეთილი ნებით, ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც თვეში 200 კუბამეტრ აირსა და 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში გადასახადს არ გადაიხდის და მას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. ყველაზე საინტერესოც სწორედ აქ იწყება. როგორც ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანების ხელმძღვანელი პირები გვეუბნებიან, სახელმწიფომ ეს თქვა, შემდეგ კომპანიებს მოუწოდა, რომ მოსახლეობას დავალიანების გამო ჩაჭრები არ გაუკეთონ და დამთავრდა. ჰო, დამთავრდა, რადგან არავინ იცის, როდის გადაიხდის ამ თანხას სახელმწიფო, გადაიხდის თუ არა საერთოდ ან რა ფორმით გადაიხდის. საუბარია იმაზეც, რომ ეს თანხა, რომელსაც კომპანიები იზარალებენ, მათ ინვესტიციაში ჩაუთვალონ(?!).
„ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს ინვესტიციაში ჩათვლა, მაგრამ ამ ტერმინმა შეხვედრაზე გაიჟღერა. ანუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ თანხას არ გადაგვიხდის და იტყვის, რომ ჩვენ განვახორცილეთ ინვესტიცია. ეს ინვესტიცია მოგების გარეშე იქნება და იქნება ასპროცენტიანი ზარალით, რაც კომპანიებს არ აწყობთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა წავიდეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ვერცერთი კომპანია უბრალოდ ვერ შეძლებს“, – გვეუბნება ერთ-ერთი ნავთობკომპანიის წარმომადგენელი.
შესაბამისად, მოსალოდნელი ზარალისგან თავის დასაცავად, აღნიშნულმა კომპანიებმა ზეწოლა კომერციულ ობიექტებზე გააძლიერეს. თუ აქამდე მაგალითად გაზგასამართ სადგურებს ერთი თვის დავალიანებას (დაახლოებით ასი ათას ლარს) პატიობდნენ და ის უბრალოდ მომდევნო თვეზე ნაწილდებოდა, ახლა მასიური ჩაჭრები მიმდინარეობს.
„შესაძლოა, ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ მაგალითად „სოკარმა“ გაზის მოწოდება „ვისოლის“ გაზგასამართ სადგურებს შეუწყვიტა. მასობრივი ჩაჭრები დაიწყო და ზედიზედ რამდენიმე გაზგასამართი სადგური გაუჩერდა „ვისოლს“ სწორედ დავალიანების გამო. აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ ყოველ გადაცილებულ დღეზე საურავიც ირიცხება, რაც მცირე თანხა ნამდვილად არ არის და ხშირ შემთხვევაში დღეში ათას ლარზე მეტია. ანუ, თუ გაზგასამართი სადგური ვერ მუშაობს იმის გამო, რომ ერთი თვის დავალიანება, ანუ 100 ათასი ლარი ვერ გადაიხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ თვის ბოლოს უკვე 130 ათასი ექნება გადასახდელი“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
ის, რომ „სოკარმა“ არაერთი ისეთი ობიექტი გააჩერა, რომელსაც მანამდე ბევრ რამეს პატიობდა, სხვებმაც დაგვიდასტურეს. აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდება და „სოკარს“ თავისი სიმართლე აქვს – ამ კომპანიამ კრიზისის პერიოდში არ გაათავისუფლა არცერთი თანამშრომელი. მათ სამსახური შეუნარჩუნეს, უკლებლივ ყველას მაშინაც კი, როცა მანქანებით გადაადგილება შეზღუდული იყო და შესაბამისად, ბენზინგასამართი სადგურები, პრაქტიკულად, უფუნქციოდ დარჩნენ. შესაბამისად, „სოკარი“, ისე როგორც სხვა კომპანიები, სერიოზულ ზარალში წავიდნენ და ამიტომ, აზერბაიჯანულმა მხარემ ვალების ამოღება დაიწყო.
„ჩვენი მონიტორინგის სამსახური ორი კვირაა 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. “პლომბს” ვადებთ ყველა კომერციულ ობიექტს, რომელსაც დავალიანება აქვს და ეს ხდება კომპანიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით. „სოკარში“ მზად არიან იმისთვის, რომ სახელმწიფო მოსახლეობისთვის ნაჩუქარ 200 კუბამეტრს კარგა ხანს არ გადაიხდის და ამიტომ, ზარალის ამოღებას კომერციული ობიექტებიდან საურავების სახით აპირებს. ეს მოულოდნელი იყო თავად იმ ობიექტებისთვის, რადგან შეთანხმების საფუძველზე, მარტივად ხდებოდა ვალების გადავადება, ახლა კი ისინი ამისთვის მზად არ აღმოჩდნენ, იურიდიულად ვერ დაობენ, რადგან ვალი აქვთ და ამით გვარიანად ზარალდებიან“, – გვეუბნება „სოკარის“ მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
არიან ისეთებიც, რომლებმაც უკვე ხელი ჩაიქნიეს და თქვეს, რომ ვერც ვალებს გადაიხდიან, ვერც საურავს და ისინი უბრალოდ გაკოტრდნენ. მათთვის აზერბაიჯანულ კომპანიას სხვა შეთავაზება აქვს – გარკვეული თანხა, პლუს ვალების ჩამოწერა და გაზგასამართი სადგურის სწორედ „სოკარისთვის“ დათმობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამუშავებული და ადაპტაციაგავლილი გაზგასამართი სადგურები მალე დაიბრუნებენ ძველ კლიენტურას, „სოკარს“ კი ახალი ობიექტები შეემატება, თუმცა თავად განსაჯეთ, რა ბრძოლა გაიმართება იმავე „ვისოლსა“ და „სოკარს“ შორის „მზის ქვეშ“ ადგილის შენარჩუნებისთვის.
„ყველაზე კარგი გათვლებითაც კი, ამ პერიოდში მიღებული ზარალისგან გათავისუფლება და ძველ რელსებზე დაბრუნება ყველა კომპანიისთვის ურთულესი იქნება და ეს მინიმუმ 2-3 წლიან პერიოდს მოიცავს. ვიღაცისთვის ნავთობკომპანია აწყობილი ბიზნესია, რეალურად კი საერთაშორისო რყევებმა შესაძლოა ათეული მილიონობით ზარალი მოიტანოს. ახლაც, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მინიმუმამდე დაცემამ ქართულ კომპანიებს მწარედ დაარტყა, რადგან მათ ნავთობპროდუქტების მარაგი სხვა ფასში ჰქონდათ აღებული“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
ცალკე საკითხია, რესტორნებისა და სასტუმროების მეპატრონეთა მდგომარეობა. ისინი ამბობენ, რომ წელს არანაირი მოგების იმედი არ აქვთ და სეზონი უკვე ჩაუვარდათ. სასტუმროებში ჯავშანი პრაქტიკულად არავის აქვს, თუმცა ერთიცაა – როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, როცა იცი, რომ ტურისტი კი არა, ადგილობრივი დამსვენებელიც სანთლით საძებარია, კეთილი უნდა ინებო და ფასი ცოტათი მაინც დაწიო, თორემ ღამეში 500 ლარის გადამხდელი დღეს საქართველოში ძალიან ცოტაა და სახელმწიფოც რომ დაასრულებს საკარანტინო სივრცეებად სასტუმროების გამოყენებას, შემდეგ მართლა კრიზისი დაგიდგებათ, ბატონებო, მაგრამ მერე ძალიან, ძალიან გვიან იქნება.
პ.ს. კახეთში, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში, ერთი ადამიანის დასვენება 499 ლარად არის შესაძლებელი. 4-კაციანი ჯგუფი რომ ჩამოვიდეს, ათი დღე დავისვენოთ, შეღავათი რამდენი იქნება თქო, რომ ვკითხეთ, იანგარიშეს და მთლიანობაში ას ლარს დავაკლებთო, ანუ ერთ კაცს 4990 ლარი უნდა გადაეხადა, ოთხ კაცს, თითქმის 20 ათასი და მხოლოდ ასი ლარი დააკლეს!
ანი დვალიშვილი
ალია №14
კომენტარები