ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი, ძალიან ცუდი ამბები ხდება ქვეყანაში. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ხალხს სცემენ, ტელეფონზე ურეკავენ და ემუქრებიან, სახლებთან და სამსახურებთან უსაფრდებიან განსხვავებულად მოაზროვნეებს, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს. პოლიცია და სხვა სამართალდამცავები უმოქმედოდ არიან. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უკონტროლო ძალადობა? მეშინია, სამოქალაქო ომამდე არ მივიდეს საქმე.
– შენ რომ გეშინია და მე რომ მეშინია, სამწუხაროდ, მაგით არაფერი იცვლება. რა გითხრა, აბა? ეს ყველაფერი ემსგავსება 30–იანი წლების ფაშისტურ გერმანიას, ერთი–ერთში ემსგავსება. მაგალითად, გერმანიაშიც შეიქმნა პოლიტიკური პოლიცია „გესტაპო“ და „ესესი“, რომლებიც ნადირობდნენ ჰიტლერის პარტიის მოწინააღმდეგეებზე. ახლა დააკვირდი, რა ხდება. ჩვენში ყველა უწყება პოლიტიკურია, პოლიცია, სასამართლო, სუს–ი, პროკურატურა და კულტურისა და მეცნიერების სამინისტროც კი. ყველა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ცენტრალური, ადგილობრივი უწყებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან. ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესმა მოიცვა მთელი ქვეყანა. ყველა უწყება სისტემურად ერთი პარტიაა. ამიტომ კონსტიტუციური ფუნქცია სახელმწიფოს აღარ გააჩნია. ეს არის ავტოკრატიული პარტიკულარიზმი, რომელიც მალე გადავა დიქტატურაში და ამის მკაფიო ნიშნები უკვე არის. დიქტატურის დროს ყველანაირ ფუნქციას დაკარგავს არჩევნები. სახელმწიფო ინსტიტუციები… აღარც პარლამენტს ექმნება მნიშვნელობა, აღარც მთავრობას, აღარც სამართალდამცავ სტრუქტურებს. დიქტატურის შეჩერებას სჭირდება შეუჩერებელი ბრძოლა და ნაციონალური დაუმორჩილებლობა, სხვაგვარად ვერ გააჩერებენ. დიქტატურა ბევრმა ქვეყანამ ვერ აიცილა თავიდან, იქნებ ჩვენ ავიცილოთ. ვნახოთ, ქართველობა როგორ გაუძლებს ამ ძნელბედობას და როგორ შეებრძოლება დიქტატატურის დამყარების მცდელობას და შესძლებს თუ არა, მის თავიდან აცილებას.
– შესაძლოა, ჩვენც ვერ ავიცილოთ დიქტატურა თავიდან? ძალიან პესიმისტურად მეჩვენებით განწყობილი, რაც არ გჩვევიათ ხოლმე, რამე ინფორმაციებს ფლობთ?
–ჩვენ როდესაც შეგვეძლო დიქტატურის თავიდაბ აცილება, მაშინ ვერ შევძელით. ყველამ ხომ ვიცოდით, რომ ეს დრო დადგებოდა.რა, ეჭვი გეპარებოდათ? მე მაგალითად, 10 წელია ამას ვიძახი, რომ ესენი თავისით, არჩევნების გზით ხელისუფლებიდან არ წავლენ. ესენი მიშაზე ხომ იძახიან, სისხლიანი 9 წელიო. 9 წელი კი არა, წინ გველის უვადო დიქტატურა, უვადო სისხლის ღვრა, დაჭერები, ხალხის რბევა და ათასი უბედურება. ესენი რომ იკადრებენ, იმას ცხოველი არ იკადრებს. ყველაფერს იკადრებენ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. მივედით იქამდე, რომ ამას ვეღარ ავიცილებთ თავიდან. ეს ადრე უნდა მომხდარიყო.“ქართულ ოცნებაში“ თავიდან იყო ყველა დემოკრატიული პარტია. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა დემოკრატიული პარტიები და მერე ნელ–ნელა ყველა გამოყარა. პარტიებს ზედ მიაყოლა უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატებიც, ვინც მონად არ დაუდგა და ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს უჭერდა მხარს, ყველა მოიშორა. იგივე გააკეთა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონების დონეზეც. აქამდე, დიქტატურამდე ნელ–ნელა მოდიოდა. ზოგმა ვერ დაინახა და ზოგმა თავი დაიყრუა, ხედავდნენ და ჩუმად იყვნენ. 2014 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა. მაშინ „რესპუბლიკელებს“ ეჭირათ საკვანძო პოსტები პარლამენტში და დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო. „თავისუფალი დემოკრატებიც“ იქ იყვნენ. მაშინ რომ შეეცვალათ კონსტიტუცია, რომ ერთ პარტიაზე არ ყოფილიყო მორგებული, დღეს ეს ვითარება არ გვექნებოდა. იმის მერე 2 არჩევნები ჩატარდა, ორივე არჩევნებში დამარცხდებოდა „ქართული ოცნება“. ახლა რაც ხდება, სწორედ იმ ძალებს ვაბრალებ, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და ვერ უზრუნველყვეს ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოება. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმი შექმნილიყო და აქამდე მოვსულიყავით. დღეს ყველა ნანობს, მაგრამ ის ხომ კარგი იყო, პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომ იყვნენ მაღალ–მაღალ პოსტებზე?
– როგორც ამბობდნენ, მილიონი რომ მისცა ყველა პარტიას, ესეც გავიხსენოთ.
– გავიხსენოთ, ეგრე იყო ნამდვილად. მაშინ მზე იმათაც ბიძინაზე ამისდიოდათ. მათი შეცდომები ყველას ძვირად დაგვიჯდა. დღეს ამბობენ, რომ ოპოზიციაში არიან და რეჟიმს ებრძვიან. ეგ კარგია, მაგრამ ხელისუფლებაში როცა იყავი, მაშინ რატომ არ იღებდი პასუხისმგებლობას სამომავლო შედეგებზე? დღეს რაც შედეგები დადგა, შენი ბრალი რომ არის, ამას რატომ ვერ ხვდები?
– რა ვიცი, 3–5 წლით მაინც თუ ვერ განჭვრიტე მომავალი პოლიტიკური ვითარება, დაახლოებით მაინც, რაღა პოლიტიკოსი ხარ?
– განჭვრეტა არაფერ შუაშია. 2014 წელს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი მთლინად პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებისა და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ. ვინ წავიდა წინააღმდეგი? ვინ ჩააგდო კანონპროექტი? „რესპუბლიკურმა პარტიამ“! დღეს „რესპუბლიკელები“ ოპოზიციაში არიან, აგინებენ ბიძინას და „ქართულ ოცნებას“, ამ დროს „ქართული ოცნების“ მთავარი, ყველაზე წონიანი წევრები ესენი იყვნენ. კომფორტულად როდესაც იყვნენ, მაშინ ხალხი და სახელმწიფო არ ადარდებდათ. პირიქით, ყველანაირ ნიადაგს ქმნიდნენ დიქტატურისთვის, ბიძინა ივანიშვილის ყველა საკანონმდებლო ახირებას მხარს უჭერდნენ პარლამენტში. დღეს როდესაც ისინი აღარავის სჭირდება, მაშინ დაიწყეს ხელისუფლების კრიტიკა. ეს შეიძლება? ეს დასაშვებია? გახარიას პრემიერობისას შეიძლება თვალები დათხარო ბავშვებს და ეს სწორია, მაგრამ თუ ახლა წყლის ჭავლს და წიწაკის სპრეის მიუშვებ აქციის მონაწილეებს, ეს დანაშაულია. ასეთი, ორმაგი და ხუთმაგი სტანდარტია ქვეყანაში და მაგან დაგვღუპა.
– ახალგაზრდების მართლა უპრეცენდენტოდ მასობრივი, რაღაც გაუტეხელი, დიდი შემართების მოძრაობა დაიწყო ქვეყანაში. საქმე სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მიდის. ეს ვერ გასტეხს ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე? თუ სისხლშიც ჩაახშობენ, თუ დასჭირდათ ახალგაზრდების პროტესტს?
– თუ ხალხს არ აქვს კომფორმიზმის კომპლექსი, ჩვენ სიხლიანი ბრძოლა გვინახავს მტრებთან. ჩახშობა რა? ახალგაზრდებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ. საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, ჩემი და შენი მომავალი აქ აღარ არის, ჩვენი მომავალი ის არის, სიბერე გავატაროთ ნორმალურად. რაიმე კარიერული სვლა, ბიზნესის დაწყება, რაღაც იდეების რეალიზაცია რომ დავიწყო, ჩემთვის ეს უკვე დაგვიანებულია. თუ დანებდნენ ახალგაზრდები, მოკლავენ საკუთარ მომავალს. უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ისეთი ქვეყანა ააშენონ, როგორშიც სურთ ცხოვრება –ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, წესრიგიანი. მე ამ სიტუაციას 90–იან წლებს ვადარებ. მაშინ კონფლიქტი იყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 30 000 ადამიანი დაიღუპა, აქედან 20 000 ახალგაზრდა იყო. მთელი გენოფონდი ამ ომებში ჩაწყდა. იმის მერე, ჩვენ პატრიოტული თაობები ვეღარ მივიღეთ და ახლა ვღებულობთ ამ სტუდენტობის სახით. მე არავის არ ვუსურვებ განადგურებას, მაგრამ ისტორია ამას ამბობ. ქვეყნის გადარჩენა თუ გინდა, უნდა იომო, სხვა გზა არ არის და თუ ხელისუფლებამ სისხლი დაღვრა, უკან მაინც არ უნდა დაიხიო.
– არ არის გამორიცხული, პოლიცია ხალხის მხარეს გადავიდეს და თუ ასე მოხდა, ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ ჯარს გამოიყვანს? სადამდე არიან წამსვლელები?
– არა, ეგ გამორიცხულია. ჯარის გამოყვანის უფლება აქვს უმაღლეს მთავარსარდლს, პრეზიდენტს და ისიც საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას. სალომე ზურაბიშვილი ჯარს არ გამოიყვანს, მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ჯარი არა, მაგრამ სხვა, ნებისმიერ ძალადობაზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანანჩუნებლად, ხალხსაც დახოცავენ ჯარის გარეშე. ხომ ხედავ, ხალხს უმოწყალოდ სცემენ და არანაირი გარანტია არ იყო, რომ ვინმეს არ მოკლავდნენ. რაც უფრო მალე მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ ესენი მოსაშორებლები არიან, მით უკეთესი. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ. ამას ვერ ავცდებით, უდანაშაულო ხალხის დაპატიმრებებს, ირაღისა და ნარკოტიკების ჩადებას, ცემა–ტყეპას, მუქარას. ეს ყველაფერი დიდხანს რომ არ გაგრძელდეს, დროულად უნდა დაესვას წერტილი.
– ვეღარ მოხერხდება, რომ ევროკავშირისა და ამერიკის ზეწოლით, შეაჩერონ ბიძინა ივანიშვილი?
– ისინი ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამ კაცის შეჩერება ასე არ შეიძლება. მარტო სიტყვით, კრიტიკით არაფერი გამოდის. ბიძინა და მთელი ხელისუფლება უნდა დაასანქცირონ და მერე ვნახავთ, რა მოჰყვება ამას.
– ხალხის ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა, რუსეთის ჯარი შემოიყვანოს ივანიშვილმა სტუდენტების სამაგალითოდ დასასჯელად. არა მარტო სტუდენტების, ცხადია.
– ეგეც გამორიცხულია. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, საერთოდ აღარ გვაქვს სახელმწიფოთაშორისო კონტაქტები და სამართლებრივად, ჩვენი ხელისუფლება რუსეთისას სამხედრო დახმარებას ვერ სთხოვს, ამის უფლება არ გააჩნია. ერთი რუსის ჯარისკაციც რომ შემოვიდეს, ეს უკვე იქნება ჩვენი ქვეყნის ანექსიაა, ომია, თუ კაპიტულაცია არ გამოაცხადა ივანიშვილმა. ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ და ისინი ითვლებიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად. ჩვენს ქვეყანას უფლება აქვს, ამერიკას მოსთხოვოს დახმარება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამერიკას დახმარებისთვის მიმართავს? მტრად გამოგვიცხადა ამერიკა. ამიტომ, ხალხმა უნდა მიმართოს ამერიკის ხელისუფლებას, როგორც სახალხო მოძრაობამ და სთხოვოს სამხედრო დახმარება.
– არსებობს ასეთი მექანიზმი? შეიძლება ამის გაკეთება?
– რატომ არ შეიძლება, ხალხია მთავარი და არა მთავრობა.
კომენტარები