ექთანს ნებისმიერი ქვეყნის სამედიცინო სისტემაში განსაკუთრებულად საპატიო ადგილი უკავია. 12 მაისს მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ექთნების საერთაშორისო დღე 1974 წლიდან აღინიშნება. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალი სანათით“, რადგან ღამ-ღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.
1860 წელს, ნაითინგეილმა დააარსა მსოფლიოში პირველი პროფესიული საექთნო სკოლა ლონდონში, სენტ-ტომასის ჰოსპიტალში. დამწყები ექთნები „ნაითინგეილის ფიცს“ დებენ; „ფლორენს ნაითინგეილის მედალი“ საუკეთესო ჯილდოა, რისი მოპოვებაც ექთნებს შეუძლიათ.
21.02.2024-დან საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით საექთნო საქმიანობა დამოუკიდებელ პროფესიად იქნა აღიარებული, რომელიც ცალკე სერტიფიცირებას დაექვემდებარა, რითაც კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული ამ პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელობა.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ამჟამად 425 პროფესიონალი ექთანია დასაქმებული, 169 ახალგაზრდა კი ექთნის თანაშემწის (რეინჯერის) პოზიციაზე ეუფლება პროფესიონალის უნარ-ჩვევებს. კლინიკაში საექთნო სამსახური გამოყოფილია ცალკე სტრუქტურულ ერთეულად, რომელშიც მნიშვნელოვანი მენეჯერული ფუნქციებით ოპერირებენ უფროსი ექთნები. ამით ხაზგასმულია ექთნების როლი და მნიშვნელობა პაციენტისათვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და საბოლოო გამოჯანმრთელების პროცესში.
ალიას ესაუბრება მარიამ ბურდული – „ნიუ ჰოსპიტალსის“ საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი.
– რა არის ექთნის სამუშაოს მიზანი და ფუნქცია?
– პაციენტის ჯანმრთელობაზე უსაფრთხო და ეფექტური ზრუნვა. მათი გამოჯანმრთელების პროცესის მართვა, ადამიანისათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დახმარება.
ექთნობა მრავალმხრივი პროფესიაა. მისი ფუნქცია პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არსებულ დაავადებაზე ცნობიერების ამაღლება. ექთნის მიერ შესრულებული პროცედურები და მანიპულაციები პაციენტის მკურნალობის ქვაკუთხედია.
– რამდენად მნიშვნელოვანია ექთნის როლი კლინიკისთვის?
– საექთნო სამსახური, სამედიცინო დაწესებულებისათვის, ხარისხის უზრუნველყოფის საყრდენს წარმოადგენს. პაციენტთან ყველაზე დიდ დროს ექთანი ატარებს, შესაბამისად მისი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩატარებული სამედიცინო პროცედურების ხარისხს და გამოჯანმრთელებული პაციენტის კმაყოფილებას. ექთნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული კომუნიკაციის დამყარება პაციენტთან, რომლებიც შესაძლოა, უამრავი კითხვა დასვან, ისინი ხშირად ღელავენ და საჭირო მედიკამენტის მიწოდებამდე აუცილებელია მათი დამშვიდება. ამიტომაც, ექთანს პაციენტთან ურთიერთობისას სამედიცინო საქმიანობასთან ერთად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებაც უწევს.
– რა თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ ექთანს?
– გულისხმიერება, ემპათიურობა, ეთიკისა და პროფესიის ნორმების დაცვა, პაციენტის
პატივისცემა. ექთნის პროფესიონალიზმი განისაზღვრება მისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, ეფექტური კომუნიკაციის უნარებით, საექთნო საქმიანობის ხარისხის მუდმივად განვითარებით.
ექთანი დღეს სამედიცინო სფეროში უმნიშვნელოვანესი რგოლია, ხშირად ექთანს სამედიცინო დაწესებულის ხერხემალს უწოდებენ. ასევე პაციენტის დამოკიდებულება კლინიკისადმი, მისი დატოვების შემდეგ მეტწილად ექთანზეა დამოკიდებული, ვინაიდან სწორედ ექთანს უწევს ყოველდღიური და აქტიური კომუნიკაცია მასთან. იყო ექთანი, ნიშნავს პაციენტებზე ზრუნვაში გათენებულ ღამეებს, თანაგრძნობასა და მოთმინებას, ავადმყოფის ახლობლების დამშვიდებას ყველაზე უფრო სტრესულ სიტუაციებშიც. ვფიქრობ, ექთნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ექიმისაგან მიღებული დავალებების სწორად, ადეკვატურად და სწრაფად შესრულება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მივიღოთ მონაწილეობა.
– რა გამოწვევები აქვს საექთნო პროფესიას?
– საექთნო პროფესია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოც დიდი გამოწვევების წინაშეა. მცირეა საკადრო რესურსი. საჭიროა ამ პროფესიის მეტი პოპულარიზება, პროფესიონალების ქვეყნიდან გადინების შემცირება, მათი საქმიანობის მეტად დაფასება, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მხრიდან.
საექთნო საქმის ყველა წარმომადგენელს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში. დღევანდელი დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა ვაღიაროთ და დავაფასოთ ჩვენი ექთნების ფასდაუდებელი წვლილი, მათი ურყევი ერთგულება და პროფესიონალიზმი პაციენტების მიმართ. გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო ადამიანები ხართ.
კომენტარები