ლექტორი არჩილ გამზარდია უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას ასე ეხმაურება:
,,ზედმეტად მარტივად და პირდაპირ ნუ აღიქვამთ უნივერსიტეტების ოფიციალურ ერთობლივ განცხადებას. უნივერსიტეტები იცავენ და იმედია, დაიცავენ სტუდენტების ყოველ მხრივ ინტერესებსა და პოზიციებს.
უნივერსიტეტების უმრავლესობა გაფიცული სტუდენტების გვერდით დგას, სთავაზობენ მათ სხვა და სხვა საშეღავათო შესაძლებლობას, თუმცა, ბუნებრივია, იცავენ იმ სტუდენტების ინტერესებსაც, ვინც უნივერსიტეტში მიდის.
ამ ინტერესებს ვიცავთ ლექტორებიც. თუ არსებობს სტუდენტი, რომელიც მოდის ლექციაზე, მისი უფლება და ჩვენი ვალდებულებაა ლექცია ჩავუტაროთ. პირადად, მე, ასევე ვგულშემატკივრობ გაფიცულ სტუდენტებსაც, ვეთანხმები მათ და გვერდით ვუდგავარ.
სასწავლო პროცესში არსებობს ე.წ. საველე სამუშაოების მეთოდი. შესაბამისად, ლექტორები, რომლებიც აქციებზე სტუდენტების გვერდით დგანან, ასევე ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და საველე ლექციებს უტარებენ აქციების სივრცეში.
პირადად, მე, როგორც არაერთხელ მითქვამს, ყველა იმ სტუდენტს, რომელიც იფიცება, გაფიცვის დასრულების შემდგომ ვთავაზობ ლექციების ანაზღაურებასაც (უნივერსიტეტის ვალდებულების მიღმა, საკუთარი ნების საფუძველზე) და სამუშაოთა მონიტორინგის მოქნილ სისტემას.
ვერავინ და ვერაფერი დაუდგება ახალგაზრდებს წინ.
სინამდვილეში, უნივერსიტეტების უმრავლესობა სტუდენტების გვერდითაა.
ჯავახიშვილზე უკეთ კი ვერაფერს ვიტყვი, ცხადია, ამასვე ვიზიარებ მეც: “შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო” (ივანე ჯავახიშვილი სტუდენტებს 1921 წელს).”
კომენტარები