ლევან ჯავახიშვილი
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. კანონპროექტის შემუშავებაში ასევე ჩართული იყო აზიის განვითარების ბანკის ექსპერტთა ჯგუფიც. შესაძლოა, საპენსიო სააგენტოს ბაზაზე შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც მსხვილ ინვესტიციებს განახორციელებს საქართველოში და უცხოეთში. ამ ეტაპზე საპენსიო ფონდში, 8 მილიარდ ლარამდე თანხაა დაგროვილი.
მოსალოდნელი ცვლილებებისა და შესაძლო შედეგების შესახებ „ალიას“ „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, საპენსიო ფონდის სახელმწიფო ბანკად გარდაქმნას აპირებს ჩვენი ხელისუფლება. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ მორიგ სახელმწიფო დონის თაღლითობასთან, სახელმწიფოს მიერ ხალხის მორიგ დაყაჩაღებასთან გვაქვს საქმე. თქვენ რას ფიქრობთ?
– წინათგრძნობა კი არა, ეგ არის ახლო მომავლის ობიექტურად განჭვრეტა, ლოგიკური დასასრული იმისა, რასაც აპირებენ. თავის დროზე საპენსიო ფონდი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება მოსახლეობის თანხებისა და მერე მომხდარიყო მისი დატაცება. ამ საქმის დიდი სპეციალისტი ჰყავთ მათ, ვანო ჩხარტიშვილი, რომელმაც 90–იან წლებში საკუთარ მეგობრებთან ერთად, მიიტაცა ქართველი ხალხის რამდენიმე მილიარდი, წლობით დაგროვილი ანაბრები. სწორედ იმავე სქემისთვის შექმნეს საპენსიო ფონდი. აქამდე ფიქრობდნენ, რა გზით მიეტაცებინათ ხალხის 8 მილიარდი ლარი, რომელიც პერსპექტივაში, მზარდი თანხაა და გადაწყვიტეს მის ბაზაზე სახელმწიფო ბანკის შექმნა და ამ ბანკის მეშვეობით ხალხის ფულის მიტაცება. უკვე აუქმებენ ჩამკეტ ნორმებს, რომლებიც აქამდე იყო – დაბალი, მაღალი და საშუალო რისკის მქონე აქტივებში ამ ფულის განთავსება და თავად მოქალაქეები წყვეტდნენ, სად უნდა განთავსებულიყო მათი თანხები, მათი მომავალი საპენსიო თანხა. ახლა მათ ამასაც არ დაეკითხებიან, სად განთავსდეს მათი ფული, რომელ რისკ–ჯგუფში. სახელმწიფო ბანკი გადაწყვეტს, როგორ და რანაირად მოიპარონ ეს ფული და როგორ დატოვონ ხალხი ხახამშრალი. რასაც ხელისუფლება ამბობს, ეს არის ბლეფი. ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს ინფლაცია, მართლა მომგებიანი ინვესტიცია რომც განახორციელონ, 15–20 წლის შემდეგ, ის დანაზოგი იქნება გაუფასურებული და დღეს თუ 1 ლარად ერთ პურს ყიდულობს ხალხი, მაშინ ის პური ეღირება 10 და 15 ლარი. ოლიგარქების, ოლიგარქატის ხელში, ჩვენ ვუყურებთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტიც გაყიდეს და ხალხიც გაძარცვეს უმოწყალოდ. ეს პროცესი ახლა საპენსიო ფონდში გრძელდება.
– შეგიძლიათ, კონკრეტული აფიორული სქემა მითხრათ, თუ როგორ შეიძლება ბანკად გადაქცეული ფონდიდან, დავუშვათ, 1 მილიარდის მითვისება?
– როგორ და ძალიან მარტივად – როდესაც ის აკრძალვები, ჩამკეტები მოიხსნება, რაზედაც ვისაუბრეთ და ფული გადავა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ბანკის ხელში, ადგებიან და მაღალრისკიან პორტფელში დააბანდებენ 1 მილიარდ ლარს, რომელიღაც ოფშორში, რომელიღაც ბლეფ–კომპანიაში. ხალხს მოატყუებენ, რომ ეს ინვესტიცია მოიტანს დიდ მოგებას. გაუშვებენ ამ თანხას, ჩადებენ ამ საქმეში და მერე, ის კომპანია ფორმალურად გაკოტრდება, თანხა გაქრება. გაკოტრებულ კომპანიას ერთ ცენტსაც ვერ მოსთხოვ. გაქრა ეგ თქვენი 1 მილიარდი და დანარჩენ შვიდსაც იგივე ბედი ეწევა. შესაძლოა, სხვა სქემებით მოიპარონ ეს ფული, საამისო სქემები არსებობს და ახლის მოგონება არ დასჭირდებათ, ბევრ ქვეყანაში მომხდარა ასეთი რაღაცები, მათ შორის, დღეს იდეალური საპენსიო სისტემა რომ აქვთ, იქაც. ცხადია, ვიდრე დალაგდებოდა, მანამდე. თაღლითებს რა დალევს ამ ქვეყნად, ყველგან არიან. მე მგონი, ჯამში ტრილიონობით დოლარი აქვთ მითვისებული საპენსიო ფონდებიდან. ჩვენთან ამის გაკეთება იოლია. სასამართლო არ არსებობს, ჩამკეტ მექნიზმებს აუქმებენ, ივანიშვილმა ოფშორად და ფულის სამრეცხაოდ აქცია საქართველო. შესაძლოა, უცხოური ოფშორები არც დასჭირდეთ, ჩვენთან დარეგისტრირებულ კომპანიაში ჩადონ ის 1 მილიარდი და მერე ააორთქლონ. მომკითხავი და პატრონიც არავინ იქნება.
– საპენსიო ასაკამდე მიაღწევს ხალხი და ხელში ვერაფერს დაიჭერს?
– კი, მიაღწევენ საპენსიო ასაკამდე და მანამდე ეცოდინებათ, რომ მათი დაგროვილი ფული შეჭამეს. ამ 8 მილიარდის მოპარვას დიდი დრო არ დასჭირდება. ამათ მარიფათს თუ გავითვალისწინებთ მაგ საქმეში, თუ დასცალდათ, 2–3 წელიწადში შეიძლება მთლიანად ააორთქლონ. საპენსიო ფონდი შეიქმნა ხალხის გასატყავებლად, ეს ფონდი შეიქმნა თუ არა, მაშინვე ვთქვი. აგერ, ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ საქმის დიდი ცოდნა. ხომ გახსოვთ, რას ედავება ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს „სვის კაპიტალს“ და თავის პირად ბანკირს… ამ ხელისუფლებას მართლა სიკეთე რომ უნდოდეს ხალხისთვის, ცივილიზებულ ქვეყნებში როგორც არის, ისე გააკეთებდა. დაგროვებითი საპენსიო სისტემა არსებობს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რამდენიმე საფეხურიანია ეს სისტემა: გარანტირებული საპენსიო თანხა, რომელიც ყველას ეძლევა, დანამატი პენსიაზე შრომისა და სტაჟის მიხედვით, რაც მეტი გაქვს ნამსახურები, მით უფრო მეტ თანხას იღებ, რადგან საპენსიო ფონდში სხვაზე მეტი გქონდა შეტანილი და მესამე, როდესაც სახელმწიფო საპენსიო ფონდის გარდა, კერძო საპენსიო ფონდშიც შეგქონდა თანხა და იმ ფონდიდანაც გემატება ფული. თუმცა, იქ არსებობს ტოტალური სახელმწიფო გარანტიები. ჯერ ერთი, საპენსიო თანხას არ დააბანდებინებენ ისეთ ფონდებში, რომლებიც დიდ რისკს შეიცავს, არ დააბანდენინებენ არასანდო ფონდებში, სადაც კიდევ დარჩნენ ასეთები. სადაც ხალხი ამ ფულს აბანდებს, ის ფონდები რომც გაკოტრდნენ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ მათ ამ თანხას აუნაზღაურებს ბიუჯეტიდან, სახელმწიფოა გარანტი და ამიტომაცაა, რომ იქ ებრძვიან თაღლითებს და ცალკეული შემთხვევების გარდა, გამორიცხულია, ნორმალურ ქვეყნებში ტოტალურ თაღლითობას გადააწყდე. თუ არიან არასანდო ფონდები, მათ ბევრი არ ენდობა და შესაძლოა, მცირე რაიდენობის ადამიანმა შეიტანოს იქ ფული. ჩვენთან კი, სახელმწიფო არანაირ გარანტიას არ აძლევს ხალხს, თუ მაღალრისკიან პაკეტში ჩადებენ ფულს, მერე კომპანიას ხელოვნურად გააკოტრებენ და ამ ფულს მიითვისებენ, დამიჯერეთ, ხალხს ყასიდად ბოდიშსაც კი არ მოუხდიან, რომ ამდენი წლის დანაზოგი ანდეს სახელმწიფოს და ხელისუფლებამ კი ეს ფული მოიპარა.
– კი, დარწმუნებული ვარ, მოიპარავს ივანიშვილის კლანი ამ 8 მილიარდს და ხალხი ამაზეც გაჩუმდება. ზოგჯერ ვფიქრობ, ცხვარი მართლა უნდა გაპარსო, ვიდრე მატყლს იძლევა და ძალიან ბევრ შემთხვევაში, ეს ჩვენს ხალხზე ზედგამოჭრილია.
– ცხვრის მარტო გაპარსვა არ არის – ვიდრე გაპარსავს ცხვარს, მას აჭმევს, ასმევს და უვლის პატრონი. ესენი აყაჩაღებენ, პარავენ კანონის სახელით. გასაგებია, ქვეყანაში ისეთი პროცესები მიდის, რომ ეს თემა მეორე ხარისხოვნად იქცა, თუმცა ძალიან საყურადღებოა. ესენი დიდხანს ვერ იქნებიან ხელისულებაში, მალე წავლენ და ამ 8 მილიარდსაც ხელს გააყოლებენ.
– სადამდეც ხელი მიუუწვდებათ, ყველგან ცდილობენ, ფული ამოაცალონ ხალხს ჯიბიდან.
– ამ ქვეყნის, ხალხის სიმდიდრე მიითვისეს? მიითვისეს. ტყე, საბადოები, მიწები მიითვისეს? მიითვისეს. ბიუჯეტი საკუთარ ფულად გადააქციეს? გადააქციეს. მონოპოლიები ბიზნესში შექმნეს და ყველა ბიზნესი მათია? დიახ, ასეა. მგონი, ეს საპენსიო ფონდიღა იყო დარჩენილი, რომელიც ხალხისაა და კბილები უკაწკაწებდათ, რომ ეს ფულიც მოეპარათ რაღაც მაქინაციებით დ აკეთებენ კიდეც ამას. ჩვენ სახელმწიფოს ყველა ნიშნი დაკარგული გვაქვს. ქვეყანას მართავს კრიმინალური კორპორაცია. არაუფლებამოსილ პირს, ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუცია და მათ კრიმინალური საქმიანობისთვის იყენებს. ესენი სახლში რომ შეუცვივდნენ ხალხს და წაართვან რაც სურთ, არც ეს გაგიკვირდეთ.
კომენტარები