მმართველი პოლიტიკური პარტია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, “რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას არჩევნების მოახლოების ეშინია, რადგან მათ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ”.
„ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს, თითქოს, მმართველმა გუნდმა პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მოხდება, მხოლო და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა და რადიკალურ სცენაზე ფიქრს ამბჯობინებს, რისთვისაც საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
“ქართული ოცნების” ლიდერი ირწმუნება, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია.
„შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე ბატონებმა უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის. უგულავას და და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოჰყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისთვის. მეტიც, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლლდებოდნენ მათი წარმოდგენით ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ნინო ბურჯანაძემ, ასევე სხვა პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან. ასევე ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. ამის მიუხედავად ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები