„აგვისტოში საქართველოს დედაქალაქს სოხუმში გადავიტან“, – მითხრა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს, – იხსენებს „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი თანაავტორი, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში იმ პერიოდს, როდესაც მეორედ გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა იგი რუსეთში საქართველოს ელჩად დანიშნა.
„მიხეილ სააკაშვილის იმპულსური ხასიათი 2002-2003 წლებში ქარიზმის ნაწილი იყო და ეს ძალიან ბევრისთვის აბსოლუტურად მომხიბვლელი იყო. ეს ყველას მოგვწონდა და ვამბობდით, აუ, რა უშუალოა მიშა და ა.შ თუმცა თუ როგორ “წაადგა” ქვეყანას მიშას ეს იმპულსურობა, საქართველოს რუკაზე თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს.
ცალკე თემაა, თავად პრეზიდენტის თვითმფრინავი. ეს არის 15 კაციანი მცირე ზომის ახალი თვითმფრინავი. მას აქვს პატარა სალონი, თავისი პატარა და დიდი გასაშლელი დივნებით. დიდი დივანი შეგიძლია საწოლად გადააკეთო. მისი იმპულსების კვალი სალონსაც ნათლად ატყვია: ის ღვინით ზოგგან მიწუწულ-მოწუწული და დაბინძურებულია.
თავად ეს თვითმფრინავი სააკაშვილმა სრულიად არაკანონიერი გზით შეიძინა: „საქართველოს ბანკმა“ კრედიტი მისცა თავდაცვის სამინისტროს და ეს თვითმფრინავიც მათ იყიდეს. კრედიტი არის ძალიან კაბალური და ბიუჯეტით გარანტირებული. კრედიტის პროცენტიანად თვითმფრინავი ალბათ 80 მილიონი დაჯდება, იმიტომ, რომ ძალიან მაღალპროცენტიანი ხანგრძლივი კრედიტია. თვითმფრინავი ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა სააკაშვილი სარგებლობს, რაც უკანონოა. თავისთავად პრეზიდენტს რომ თვითმფრინავი ჰყავდეს, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, მაგრამ ეს ის სააკაშვილია, რომელიც, როცა პრეზიდენტი გახდა ე.წ “ვიპ” გასასვლელითაც არ სარგებლობდა. ოთხი წლის წინ აცხადებდა, რომ აეროპორტში ტრაპთანაც ავტობუსით ხალხთან ერთად მივიდოდა და ჩინოვნიკებსაც ამისკენ მოუწოდებდა. აი ამიტომ არის ამ თვითმფრინავის თემა საინტერესო და მნიშვნელოვანი.
იმ სააკაშვილმა უკანონო გზით დაისაკუთრა ძვირადღირებული თვითმფრინავი, რომელსაც არც თვითმფრინავი უნდოდა, არც რეგალიები, არც პრივილეგიები. ახლა კი როგორი რეზიდენციაც ააშენა ავლაბარში – ეს ყველამ ნახა. აჭარაში ბობოყვათის რეზიდენციაში კეთდება უმდიდრესი რემონტი, ერთი რეზიდენცია აქვს წეროვანში, მეორე შავნაბადაზე, ზუგდიდში გააკეთა უზარმაზარი რეზიდენცია. ადამიანმა, რომელიც 4 წლის წინ სრულიად სხვა ზღაპრებს ყვებოდა.
უკვე ვთქვი, რომ მოსკოვში სააკაშვილმა როგორც დანიშნული ელჩი არსად არ წარმადგინა, საერთოდ იგნორირება გამიკეთა, არც ვიცი იქ რატომ წამიყვანა. ჩემთვის მთავარი ამბავი უკანა გზაზე, იმავე თვითმფრინავში მოხდა:
სააკაშვილი სალონში ფეხზე იდგა და მე, ვაშაძეს და ბეჟუაშვილს გვესაუბრებოდა. მან ჩემთვის ძალიან მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აგვისტოში საქართველოს დედაქალაქს სოხუმში გადაიტანდა.
– რას იზამ მიშა? როგორ თქო? – ვკითხე.
– ეგრე იქნებაო, – მიპასუხა.
მისმა გარემოცვამ, ყველა იქ მყოფმა, ეს ამბავი ძალზე ჩვეულებრივად მიიღო. იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებით ისინი მასთან ერთად ხშირად დაფრინავდნენ. სააკაშვილი რომ ომის დაწყებას აპირებდა, ელჩის სტატუსში მე ეს პირველად მოვისმინე, ყველა იქ მსხდომმა ეს იცოდა და მათ არაფერი გაუპროტესტებიათ, პირიქით ჰა-ჰა-ჰა, გააგრძელეს ლაღობა.
თანაც, გასათვალისწინებელი იყო, ისიც რომ ამ მიმართულებით პუტინს სააკაშვილი არანაირად არ დაუიმედებია. პირიქით, სააკაშვილი გაღიზიანდა, პუტინი მკაცრად მესაუბრაო.
“მე მაქვს შანსი ამ ომის თავიდან ასაცილებლად,”- ვუთხარი ჩემს თავს და გადავწყვიტე გამეძლიერებინა სააკაშვილის გარემოცვის ის ფრთა, ვინც ომის დაწყებას მხარს არ უჭერდა. ვფიქრობდი, რომ ამ ხალხს შევეშველებოდი თუ ჩემი მხრიდან დავუმატებდი არგუმენტებს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ შევძლებდით ომის თავიდან აცილებას. ასეთებად პირველ რიგში, პრაგმატული აზროვნების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ზურაბ ადეიშვილს და შინაგან
საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მოვიაზრებდი. თუმცა, მათი ტყუილად მეიმედებოდა, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ.
მეორედ მოსკოვში ერთი კვირის თავზე წავედი, როგორც კერძო პირმა დესპანის მოწვევით ავიღე ვიზა. ვსარგებლობდი ელჩის მანქანით, მაგრამ მანქანას არ ეკეთა საქართველოს დროშა. მივედი საელჩოში და ხაზგასმულად არ ავედი ელჩის რეზიდენციაში და გავჩერდი სასტუმროში. ამას ხედავდა საელჩოს დაცვა და იკითხეს, რას აკეთებსო? რაზეც უპასუხეს, რომ ჩვენს ელჩს რწმუნებათა სიგელი არ გადაუცია და ოფიციალურად ელჩი არ არისო.
მაშინ ვნახე, რომ საელჩო მიტოვებული ჰქონდათ. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან რუსეთიდან ზურა აბაშიძის გამოწვევის შემდეგ იქ დანიშნეს კოტე კემულარია, რომლის წარდგენისას სააკაშვილმა თქვა, რომ კოტე მისი მეგობარი იყო. რუსეთში კემულარია კარგად მიიღეს, მაგრამ მე კოტეს ვერც პროფესიონალიზმს შევაფასებ, ვერც გაკეთებულ საქმეს, იქ სულ რამდენიმე თვე გაჩერდა, იგი მალევე აქ მინისტრად გადმოიყვანეს.
შემდეგ დანიშნეს ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც პროფესიონალი საკადრო დიპლომატია და ითვლებოდა, რომ კარგი ელჩი იქნებოდა. იგი 2005 წლის გაზაფხულზე უკვე სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი ჩუბინიშვილმა შეცვალა. ელჩების სწრაფად ცვლას საელჩოს კადრების ცვლაც მოჰყვა, რაც მის მუშაობას ნაკლებად ქმედუნარიანობას იწვევდა.
ირაკლი ჩუბინიშვილის ელჩად წასვლის მოტივი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. მე და ირაკლი ძალიან ახლოს ვიყავით, ვმეგობრობდით და მისი წასვლა ჩემთვის გასაგები იყო: იგი გარბოდა ამ გარემოცვიდან. მან თავისი თავი ამ სისტემაში ცოტა ხნით დაინახა. მისთვის საკუთარი ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზეა, ცოტა ეგოისტია, ეს არც კარგია, არც ცუდია, უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს.
მიშა მას ეკონომიკის მინისტრობას სთავაზობდა. თუ დაუკვირდებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელი, ჩუბინიშვილის გარდა, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. არველაძე, შარაშიძე. ბოლო გამონაკლისია ადეიშვილი, რომელიც გადაიყვანეს იუსტიციაში თუ პროკურატურაში.
მოკლედ, ირაკლი გაექცა მიშას, თავი მოისაწყლა, ჯერ ვითომ კვდება, ავად არის, მერე ცოლს გაშორდა და ამის გამო თბილისში ცხოვრება აღარ შეუძლია. წავიდა და მოსკოვში ცხოვრება მოიწყო. მან ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას ფულით საელჩო და ელჩის რეზიდენცია კარგად გაარემონტა, გაარემონტა ბინა ელჩის აგარაკზე, იყიდა კარგი მანქანა.
ირაკლი როგორც ელჩი არც არაფერს არ აკეთებდა, მას არც არავინ არაფერს ეკითხებოდა და მისი საქმიანობა არც არავის აინტერესებდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი, „ჩელოვეკ ნევეძიმკა“, კომპოზიტორმა გია ყანჩელმა დაარქვა. მას მანამდე მოსკოვში რაღაც ბიზნესი ჰქონდა და ძველი მეგობრები შემოიკრიბა ირგვლივ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილი სულ გაიძახოდა ხუთჯერ შევხვდი პუტინსო. პუტინთან შეხვედრა და ზოგადად პრეზიდენტების შეხვედრა, ეს არ ნიშნავს, რომ ორი კაცი შეხვდება ერთმანეთს და უცებ რაღაცას გადაწყვეტენ, რომელსაც მერე ხალხი შეასრულებს. ამ შეხვედრებს წინ თუ დიდი სამზადისი არ აქვს შედეგი ვერ მიიღწევა. შეხვედრის მომზადებაა ყველაზე პრინციპული ნაწილი, როცა პრეზიდენტები რაღაცაზე ბედნიერი სახით ხელს აწერენ, ეს ამის შედეგია და ამგვარი ფუქცია ჩვენს საელჩოს საერთოდ დაკარგული ჰქონდა. დაკარგული ჰქონდა მატერიალური ქონებაც“, – წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში.
2020ნიუს
კომენტარები