თსუ-ის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ კანონის დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ვინაიდან:
1. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირება და მიღება მას შემდეგ, რაც მან 2023 წლის გაზაფხულზე გამოიწვია ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტი, ხოლო პარლამენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიო პოლიტიკური ნება დააფიქსირა მისი გაწვევის შესახებ, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და მნიშვნელოვნად აზიანებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ატმოსფეროს ჩვენს სახელმწიფოში.
ეს დასტურდება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტით 2024 წლის გაზაფხულზე, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების ცალსახა უარყოფითი რეაქციით. ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროტესტი არ გამოუწვევია არცერთ სხვა საკანონმდებლო ინიციატივას.2. თვალნათელია, რომ აღნიშნული კანონი მნიშვნელოვნად აზიანებს და აფერხებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ქართველი ხალხის ნებით.
დაზიანება და შეფერხება დასტურდება წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ლიდერების, ელჩების, მაღალი თანამდებობის პირთა მკაფიო განცხადებებით, ევროპარლამენტის 25 აპრილის რეზოლუციით და ჯერ კიდევ 2023 წელს გამოქვეყნებული ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნით.
აღსანიშნავია, რომ მათ არცერთი სხვა კანონის გაწვევა არ მოუთხოვიათ. ასევე საყურადღებოა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას
მხარს უჭერს პარლამენტართა 88%.უნგრეთში ანალოგიური ტიპის 2015 წელს მიღებული კანონის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გაუქმება ასევე ცხადყოფს, რომ ასეთი სახის მიდგომა აშკარად ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელ შეთანხმებებს და პრინციპებს. ამიტომ მისი არსებობა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებთან.
იმავეს ადასტურებს 21 მაისს გამოქვეყნებული „ვენეციის კომისიის“ დასკვნა, რომელიც ამომწურავად და კომპეტენტურად აანალიზებს აღნიშნულ კანონს, მის მიმართებას საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან და მკაფიოდ მიუთითებს მის შესაძლო დამანგრეველ შედეგებზე. ვენეციის კომისიის მტკიცე და ცალსახა რეკომენდაციაა კანონის გაწვევა.
3. ვშიშობთ, რომ აღნიშნული კანონი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სიჯანსაღეს, არასამთავრობო და მედია სექტორის მოქმედების თავისუფლებას.
კანონი, კერძოდ კი მისი მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ჩამოთვლის იმ პირთა წრეს რომელზეც ვრცელდება კანონი, და მე-8 მუხლი, რომელიც მონიტორინგის განხორციელების წინაპირობებს განსაზღვრავს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ისეთ დელიკატურ და საკვანძო სფეროებში მომუშავე ორგანიზაციებს, როგორებიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, წამების მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.
იმავეს ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 18 მაისის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც კონსტიტუციით გამყარებული ისეთი ძირითადი პრინციპების დარღვევაზე მიუთითებს, როგორიცაა თანასწორობის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გაერთიანების თავისუფლება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.
კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტაცია, ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მოხმობით მოცემულია როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაში, ისე ვენეციის კომისიის დასკვნაში. ამ დასკვნებში მოტანილი არგუმენტების უგულებელყოფა დამღუპველია.
4. შევნიშნავთ, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია განისაზღვრება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ არის დაფინანსების 20%-ის მიღება „უცხოური ძალისგან“. გარდა იმისა, რომ გაუგებარია, რატომ გადაწონის ერთი მეხუთედი დარჩენილ ოთხ მეხუთედს, ყოვლად მიუღებელია ორგანიზაციის მარკირება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მისი საქმიანობის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ დაფინანსების წყაროზე დაყრდნობით.
ამ ნიშნით, კანონი უსამართლო დაღს ასვამს ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მოღვაწეობის არეალი არის ჰუმანიტარული საქმიანობა, რეგიონულ თემთა გაძლიერება, რეგიონული მაუწყებლობა, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა და ნებისმიერი სხვა საქმიანობა, მიმართული საქართველოს ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გასატარებლად.
გარდა ამისა, ექსკლუზიურად დაფინანსების წყაროს კრიტერიუმით ორგანიზაციის მარკირება მსგავსი კანონის ფარგლებში წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკაში ანალოგიური კანონების ცალსახა განმასხვავებელ ნიშანს ავტორიტარულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა რუსეთის ფედერაცია და მისი სატელიტი ან მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები. არცერთ ევროპულ თუ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს ექსკლუზიურად ფინანსური კომპონენტის მიხედვით, მეტიც, ფინანსური მდგენელი მხოლოდ დამატებითი, ორგანიზაციების დამცველი კრიტერიუმია, ხოლო წამყვან კრიტერიუმს საქმიანობის ხასიათი წარმოადგენს. ამას ნათლად მიანიშნებს ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისი პუნქტებიც.
5. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს კანონის მე-8 მუხლი, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლებას არაპროპორციული უფლება წარმოეშობა ნებისმიერი არასამთავრობო თუ სამაუწყებლო ორგანიზაციის, ასევე კერძო პირის მიმართ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და თავისუფლებებთან და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას.კერძოდ, ამ მუხლის ფარგლებში, სასამართლო განხილვის, გამოძიებისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გარეშე, მხოლოდ ანონიმური განცხადებისა და „უფლებამოსილი პირის“ ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმოიშობა უფლება ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზების, მისი კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკისა და დოკუმენტაციის ამოღებისა და სენსიტიური ინფორმაციის, მათ შორის ორგანიზაციის მომსახურებით მოსარგებლე მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე წვდომისა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლი ადვილად შეიძლება იქცეს ზეწოლის, ძალაუფლების მქონე პირთა არაკეთილსინდისიერ ქმედებათა და კანონდარღვევათა დაფარვის ბერკეტად და იარაღად.
ამასვე ადასტურებს ვენეციის კომისიის არგუმენტირებული დასკვნა.აღვნიშნავთ, რომ კანონის ხელახლა ინიციირების ქმედება აღრმავებს პოლარიზაციას
საზოგადოებაში და აღვივებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში. ეს დასტურდება მრავალათასიანი
საპროტესტო მოძრაობით, რომელიც თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მოიცავს
საზოგადოების ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფენას.ამასთან დაკავშირებით გვსურს ცალსახად დავაფიქსიროთ, რომ:
6. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი პროტესტანტების
მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები არიან და იმყოფებიან
უმწეო მდგომარეობაში.7. გვსურს შევახსენოთ პოლიციის მუშაკებს, რომ მათი ვალია, დაიცვან კანონი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. პოლიციელის პირდაპირი მოვალეობაა, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა და სისასტიკე – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მომდინარეობს სხვა სამართალდამცავთაგან.
8. კატეგორიულად მიუღებელია, რომ ასობით დაკავებული პროტესტანტის ფონზე, ჯერ არ დაკავებულა არცერთი სამართალდამცავი, მიუხედავად მათ მიერ აშკარა კანონდარღვევებისა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ განსაკუთრებით თვალსაჩინო ძალადობისა და სისასტიკის ფაქტები პროტესტის მონაწილეების მიმართ, მიიღონ ოპერატიული ზომები და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება. კერძოდ კი:
დაუყოვნებლივ დადგინდეს იმ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ვინაობა, ვინც უშუალოდ ძალადობს უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეზე მედიით გავრცელებულ უკიდურესად შემაშფოთებელ ეპიზოდებში. ასევე დადგინდეს იმ პოლიციელთა და სპეცრაზმელთა ვინაობა, ვინც უშუალოდ ესწრება აღნიშნულ ძალადობას და გულგრილობას იჩენს მის მიმართ. ყველა ასეთ პირს დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.
თუკი აღნიშნულ პირთა ვინაობის დადგენა ოპერატიულად ვერ ხერხდება, დაუყოვნებლივ შეუჩერდეთ უფლებამოსილება მათ უშუალო ხელმძღვანელ პირებს (რომელთა ვინაობის დადგენაც პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს) და მიღებულ იქნას ზომები იმისათვის, რომ მომავალში მარტივად იყოს შესაძლებელი მსგავს ოპერაციებში მონაწილე ძალაუფლების მქონე პირთა, ასევე მათ ხელმძღვანელთა, იდენტიფიცირება.
დასასრულს, გვინდა პიროვნულად მივმართოთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს:
9. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ბედი თქვენს ხელთაა ქართველი ხალხის ნდობისა და არჩევანის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის წყალობით, შესაბამისად სწორედ საქართველოს, მისი კონსტიტუციისა და ხალხის წინაშე ატარებთ უპირველეს პასუხისმგებლობას.
10. მოგიწოდებთ, პარლამენტში მისაღები ყოველი გადაწყვეტილებისას იხელმძღვანელოთ მხოლოდ საქართველოს, მისი კონსტიტუციისა და საზოგადოების ინტერესებით.
11. გისურვებთ, გეპოვოთ გამბედაობა, რათა იმოქმედოთ საკუთარი სინდისისა და საღი
აზრის კარნახით.” ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები