,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ, რეფერენდუმის იდეას ასე ეხმაურება:
,,დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჩავატაროთ რეფერენდუმი: გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობაო…
დავიწყო იმით, რომ რეფერენდუმის საკითხი მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, საგარეო კურსის საკითხი სარეფერენდუმოდ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ცოტა რთული სათქმელია, გარდა ამისა, კონსტიტუციაში დასავლური კურსი ისედაც ჩაწერილი გვაქვს.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოში სარეფერენდუმო საკითხის წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში იძლევა პასუხს ცესკო და ხშირად პასუხი უარყოფითია ხოლმე…
რაც შეეხება სხვა ტექნიკურ საკითხებს:
ვნახოთ ესწრება თუ არა რეფერენდუმი საარჩევნოდ (5 თვეზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი) ?
1) ხვალვე რომ შედგეს საინიციატივო ჯგუფი და ცესკოში საკითხი შეიტანონ, ცესკო პასუხს და ხელმოწერისთვის ბლანკებს ერთ თვეში იძლევა (მუხლი 10. პუნქტი 5.)
2) 200 000–ზე მეტი ხელმოწერის შესაგროვებლად ალბათ მინიმუმ 2 თვე მაინც იქნება საჭირო, კანონით ვადა 3 თვეა. (მუხლი 13. პუნქტი 3.)
შეგროვების შემდეგ უნდა დამოწმდეს ნოტარიულად.
3) ცესკო შეგროვებული ხელმოწერები თუ წესრიგში იქნება, საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ წარუდგენს პრეზიდენტს 1 თვის ვადაში. (მუხლი 12. პუნქტი 2.)
4) რეფერენდუმი იმართება პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არა უადრეს ორი თვისა. (მუხლი 14. პუნქტი 1.)
ეს რომ დავაჯამოთ პროცედურულად 6 თვე გამოდის…
თუნდაც 1 თვეში რომ შეგროვდეს 200 000–ზე მეტი ხელმოწერა, მაინც რთული იქნება ვადებში ჩაჯდომა, რადგან არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი…
და ბოლოს, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას 30 დღის განმავლობაში.“
კომენტარები