ეკონომისტი ოთო აბესაძე, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრობს იმაზე, რუსულ კანონზე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ამბობს:
„ივლისიდან ყველა, უკლებლივ ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს ევროპის და ამერიკის ფასს საქართველოში.
სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე, იმ კუთხით, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას სანქციების წინაშე, თუ რეალურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აამოქმედა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ძალოვან ხელისუფლებაზე სანქციები და როგორც დააანონსეს, ეს არის „მაგნეტსკის სიის“ პროტოტიპი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეყოლება სანქცირებული მთავრობა. არცერთი საერთაშორისო საფინანსო აქტორი (საუბარი მაქვს მსხვილ და საშუალო ტიპის საფინანსო-საინვესტიციო პორტფელებზე) საქართველოსკენ აღარ გამოიხედავს.
ამას დამატებული, საქართველოში უკვე შეაჩერა სავალუტო ფონდმა მისი პროექტები. ასევე, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაგრძელდება თუ არა EBRD-ის და ევროპული საერთაშორისო ფინანსური დონორების წარმომადგენლობები საქართველოში. ამას აჩვენებს ივნისის თვე, როცა დავდგებით სანქციების რისკის ქვეშ. ეს ყოველივე გამოიწვევს იმას, რომ წლის განმავლობაში საშუალოდ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავს ქვეყანა.
პირდაპირ დონაციასა და პროექტების დაფინანსებას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტები ვეღარ ივაჭრებენ თამამად. დოლარის დეფიციტი გაჩნდება ქვეყანაში, ვალუტა ქვეყანაში აღარ შემოვა. ჩვენნაირი მყიფე ეკონომიკისთვის ეს გამოიწვევს ლარის მომენტალურ გაუფასურებასა და ფასების ზრდას. საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ლარი რამეზე სწორდებოდეს. ბოლო 30 წელია საქართველოს ყველა ეკონომიკური პარამეტრი – დაწყებული ავტომობილების ბაზრით, დამთავრებული უძრავი ქონების ბაზრითა და სურსათის, სწორდება დოლარზე და დოლარის ქვეყანაში არბრუნვის შედეგად მივიღებთ ინფლაციას და კატასტროფულად გაზრდილ ფასებს.”
კომენტარები