აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ლექტორი გიორგი მასალკინი, სოციალურ ქსელში, წერს:
სერიიდან: “საქართველოს რეალობაში კიდევ ერთ დიქოტომიაზე ან პოლიტიკური რჩევა-დარიგება ჟან-ჟაკ რუსოსგან”.
კრიზისიდან ხელისუფლება უფრო ძლიერი და რეიტინგული ვერ გამოვა. მთავრობა, რომელიც თავის სიმაღლეზე ვერც კრიზისამდე პერიოდში იყო, დიდი ალბათობით, ვერც პოსტკრიზისული პერიოდის ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს გაუმკლავდება. გაძლიერდა თუ არა ოპოზიციის პოზიციები? ვფიქრობ, ჯერ არა.
არადა, წინ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ურთულესი თვეები და ოქტომბერში კვლავ ქვეყნისთვის „საბედისწერო არჩევნები“ გველის. პასუხისმგებელი ოპოზიციის გაძლიერების შანსი არსებობს – ის მაქსიმალური თანამშრომლობისა და მაქსიმალური რაციონალურობის ველზე გადის.
შეცდომების დაშვების დრო არ არის!!! გვახსოვდეს ჟან ჟაკ რუსოს პოლიტიკური რჩევა-გაფრთხილება: „„თუ გსურთ სახელმწიფოს სიმტკიცე უზრუნველეყოთ, შესაძლებლობისდაგვარად დაუახლოვეთ ერთმანეთს უკიდურესი რანგები; ნუ შეეგუებით ნურც ძალზე მდიდრებს, ნურც ღატაკების არსებობას; ეს ორი, ბუნებრივად ერთმანეთისაგან განუყოფელი მდგომარეობა, თანაბრად დამღუპველია საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. ერთი ტირანიის თავკაცებს წარმოშობს, მეორე – ტირანებს; მათ შორის მუდამ იმართება საზოგადოებრივი თავისუფლებით ვაჭრობა, ერთი ყიდის, მეორე ყიდულობს“.
უახლოეს თვეებში ღატაკების რიცხვი ქვეყანაში დრამატულად იმატებს, ღატაკებისა, რომლებიც მზად იქნებიან (იძულებულნი იქნებიან) ივაჭრონ და გაყიდონ თავისი „საზოგადოებრივი თავისუფლება“. ხოლო, მყიდველი ამ თავისუფლებისა არსად არ წასულა… ის ჩასაფრებულია და ელოდება – ელოდება თავისუფლებაზე ფასების დაცემას, გადამწყვეტ მომენტში იაფად რომ დაეუფლოს მას.”
კომენტარები