ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია.
– ბატონო კახა, იმედგაცრუებული ხომ არ ხართ? მიუხედავად ახალგაზრდობის აქტიურობისა, ის შედეგი ვერ დაიდო, რისი იმედიც იყო – ხელისუფლებამ „აგენტების კანონი“ მაინც მიიღო.
– დარწმუნებული ვიყავი, როდესაც ივანიშვილმა გაბედა და მეორედ შემოიტანა ეს კანონი, ბოლომდე მიაწვებოდა და არ მიკვირს, რომ უკან არ დაიხია. ეს იყო კრემლიდან მიღებული ბრძნება, რომელიც ივანიშვილმა პირნათლად შეასრულა და თუ ამას არ გააკეთებდა, კრემლიდან სერიოზული საფრთხე ელოდა. რაც შეეხება იმედგაცრუებას, პირიქით, ახლა უფრო იმედიანად ვარ, ქართული საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც ებრძოდა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებას, ახალგაზრდობის ძალისხმევა დაემატა. საზოგადოება საბოლოოდ მიხვდა, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე. ვისაც კიდევ ეჭვი ეპარებოდა, თუ როგორ გახრწნილ და ყველაფრის მკადრებელ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ახლა ყველა დარწმუნდა მათ ბოროტ განზრახვაში, მათ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ გეგმებში. ვფიქრობ, შემოდგომით არჩევნებში ქართული საზოგადოების ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გამარჯვებით დაგვირგვინდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
– აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. შარშან, ამაზე ბევრად ნაკლებმა ხალხმა უკან დაახევინა ივანიშვილს, წელს, 200 000 კაცზე მეტიც გამიდიოდა საპროტესტო აქციებზე და მაინც ძალით, პოლიციასა და სპეცრაზმებს ამოფარებულმა, პარლამენტს კანონი მიაღებინა. წელს რატომ ვერ მოიგო ხალხმა ეს ბრძოლა? რა შეიცვალა?
– რაც ზემოთ გითხარით, ივანიშვილს კრემლიდან ჰქონდა მიღებული ბრძანება, რომ წელს, არჩევნებამდე ეს კანონი უნდა მიეღოთ და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრემლი მას დასჯიდა!!! ამიტომაც ივანიშვილი წავიდა ვაბანკზე, დაუპირისპირდა ქართულ საზოგადოებას და აქციების დარბევით, უხეში ძალით, პოლიციელთა მხრიდან ახალგაზრდების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების სასტიკი ცემით მიიღო ეს კანონი. ჩვენ ყველამ ერთად და პირველ რიგში, ახალმა თაობამ, უნდა გადავტეხოთ კრემლის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი საქართველოში. ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალების სრული მობილიზება კრემლისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ უკვე გაძლიერებული, მოტივირებული ქართული საზოგადოება ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის მოგებას შესძლებს, რათა ჩვენს შვილებს, შვილიშვილებსა და მომავალ თაობებს არ მოუწიოთ რუსეთის გუბერნია „გრუზიაში“ ცხოვრება. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ამ პროცესს ისე არ ვუყურებ, თითქოს ახლა ჩვენ წავაგეთ და ივანიშვილმა მოიგო. საბოლოო ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისათვის ახლა იწყება. როდესაც არჩევნების მოგებაზეა ლაპარაკი, აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა აღვნიშნო. ათასობით ახალგაზრდა იყო აქციებზე გამოსული, მათი 80% არჩევნებში აქამდე არ მონაწილეობდა, ზოგი ნიჰილისტურად იყო განწყობილი არჩევნების მიმართ, ზოგი საარჩევნო ასაკისა არ იყო. ეს ახალგაზრდები ახლა არჩევნებზე მივლენ, სხვებსაც მიიყვანენ და გადაწყვეტენ არჩევნების ბედს. მერე, ხმებსაც დაიცავენ და „ქართული ოცნება“ ვერ გააყალბებს არჩევნებს. იმხელა მოტივაციაა ამ ახალგაზრდებში, რომ მათი გაჩერება ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის ძალებს აღემატება. ამიტომ ვარ იმედიანად.
– აქცენტი რაზე უნდა გაკეთდეს, არჩევნებზე თუ არჩევნებამდე ისე შეიცვალოს ვითარება, რომ არჩევნები ოპოზიციამ უპრობლემოდ მოიგოს?
– ეს კომპლექსური საკითხია და რამდენიმე შრედ შეიძლება დაიყოს. ჩვენ არჩევნები უნდა მოვიგოთ არჩევნებამდე. ამისთვის მთელი საზოგადოების ძალისხმევაა საჭირო. განსაკუთრებული როლი ამაში პრეზიდენტს ენიჭება. მე ვეთანხმები ქართული ქარტიის სულისკვეთებას. პოლიტიკურმა სპექტრმა, პრეზიდენტმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი და მთავარი დამრტყმელი ძალა უნდა იყოს ახალგაზრდობა. წილი ნაყარია, აქ ასახსნელი არაფერია და ახლა ჯერი ჩვენზეა. ამ რუსული კანონის მიღება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კანონის მიღებაა. ამით, ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ანულირება გაუკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. შესაძლოა, ეს ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ ასეა. ივანიშვილმა, მოამზადა ნიადაგი, რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რუსეთის უკანა ეზო. როცა ასე ნათელია ყველაფერი, როცა საქართველოს, მის ხალხს ამხელა მხარდაჭერა აქვს დასავლეთიდან (რაც ამერიკის კონგრესში ჰელსინკის კომისიის მიერ ინიცირებული და ორივე პარტიისაგან მხარდაჭერილი ,,მეგობარი” აქტის განხილვისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდა), ზრდის ქართული საზოგადოების მოტივაციას, იბრძოლოს საბოლოო გამარჯვებამდე!!! დასავლეთმა ქართველი ხალხი საბოლოოდ განაცალკევა რუსული რეჟიმისგან, ახლა უკვე ჩვენი ჯერია. აქ არ გამოვა წუწუნი, რაღაცების დათმობა, ერთმანეთთან შუღლი და ერთმანეთისთვის საქმის გარჩევა. საჭიროა ერთიანობა!!! ასეთი საფრთხე არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. არცერთი ხელისუფლების დროს დღის წესრიგში არა მდგარა საკითხი, ევროპა თუ რუსეთი? ჩვენი დამოუკიდებლობა თუ მონობა? სწორედ ბიძინა ივანიშვილმა და კრემლმა დააყენეს ეს საკითხი დღის წესრიგში და ახლა ჯერი ჩვენზეა – არ უნდა დავთმოთ ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენი დამოუკიდებლობა.
– ახალგაზრდობა გამოვა, მოიგებენ ამ ბრძოლას და არჩევნებზე უკვე წელში გადატეხილი „ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას – ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობას ალიანსის ფარგლებში „ნაციონალებიც“ მიიღებენ. ახალგაზრდებიდან ყველამ არ იცის, მაგრამ ჩვენ დეტალურად ვიცით, რა უბედურებაც დააწია ხალხს და ქვეყანას სააკაშვილის რეჟიმმა. გამოდის, ოპოზიციის მხარდაჭერით, ჩვენი ხელით უნდა მოვიყვანოთ კოალიციურ მმართველობაში იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელთაც, სხვებისა რა გითხრათ, მაგრამ ჩვენ და თქვენ წლები ვებრძოდით და ძლივს გავყარეთ?!
– ეს არის კიდევ ერთი პრობლემა. თუმცა, ჩვენ ამ „ნაც–ქოცურ“ დაპირისპირებაში თუ ჩავრჩით, თუ ისევ ამაზე გვექნება აქცენტი გაკეთებული, ჩვენ ამ მოჯადოებური წრიდან ვერ გამოვალთ! უკვე დიდი ხანია, დღესავით ნათელია ის ფაქტი, თუ რატომ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა „ნაცმოძრაობის“ დროინდელი დამნაშავე პოლიტიკოსები, ჩინოსნები და სხვა მოხელეები დაუსჯელები, რატომ დატოვა „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად. 2012 წლის შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ ხარჯზე, 8 სხვა და სხვა დონის არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ყველა არჩევნების წინ 2 არჩევანი იყო – „ქართული ოცნება“ თუ „ნაცმოძრაობა“. ცხდია, ხალხი ცუდსა და უარესს შორის აკეთებდა არჩევანს და „ქართულ ოცნებას“ ირჩევდა. გარდა ამისა, პროპაგანდის მეშვეობით, დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობა“ წარმოგვიდგინეს დასავლეთის სახედ, რითაც ისარგებლეს და შეცვალეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. დიახ, „ნაცმოძრაობამ“ გარკვეულწილად მართლა მოახდინა დასავლეთის დისკრედიტაცია ქართველი ამომრჩევლის თვალში, თავისი ზღვარს გადასული არადემოკრატიული მართვის მეთოდებით. სწორედ ამიტომ ეს პარტია პირადად ჩემთვის არასოდეს არ ასოცირდებოდა დასავლეთთან. დასავლეთს, დღეს პირველ რიგში, წარმოადგენს ის ახალგაზრდობა, რომლებმაც 50 დღის მანძილზე გვიჩვენეს ზუსტად დასავლეთისადმი ერთგულება, დასავლური ღირებულებებისთვის შეუდრეკელი ბრძოლა. დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ ვერ ავკრძალავთ, ეს თუ გასაკეთებელი იყო, ადრე უნდა მომხდარიყო და ბიძინა ივანიშვილმა ამაზე უარი თქვა! სწორედ იმ მზაკვრულ განზრახვაში არ უნდა ავყვეთ ივანიშვილს, როცა იგი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ თითქოს „ნაცმოძრაობა“ და მასთან ერთად მთელი ქართული საზოგადოება ასოცირდება ,,გარყვნილ” დასავლეთთან, რაღაც გაუგებარ გლობალურ ომის პარტიასთან და ა.შ. ეს არის კრემლიდან დაკვეთილი თამაში და ამ თამაშში თუ შევყევით ივანიშვილს, არჩევნებს ისევ მოიგებს „ქართული ოცნება“. უნდა ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიციამ უნდა მოიგოს არჩევნები და ერთი წლის მერე, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აი, მაშინ ცალკ–ცალკე გამოვლენ არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვას „ნაცმოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“.
– ხელისუფლების წახალისებული, დაუსჯელი „ზონდერ–ჯგუფები“ ხალხს ხან ქუჩაში სცემენ, ხან ოფისებში უვარდებიან. ამ უკონტროლო აგრესიამ ძალიან სახიფათო სახე მიიღო და დიდი შანსია, შემოაკვდეთ ან განზრახ მოკლან ადამიანები. შემდეგ, როგორც წესი, ამ ტიპის აგრესიას საპასუხო და უფრო სასტიკი აგრესია მოსდევს და დაპირისპირების ეს წრე იზრდება ხოლმე. მერე უკვე იარაღი ჩნდება. მრავლისმნახველი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფუძვლიანად ფიქრობს და შიშობს, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ არა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც ფაქტიურად უკვე საზეზეა, არამედ სამოქალაქო ომამდე შეიძლება მივიდეს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?
– დიახ, სამწუხაროდ ეს საფრთხე არსებობს და მის გარეშე, ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ იარსებებს. ეს რეჟიმი კრიმინალურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ჩვენ კრიმინალებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ, საზოგადოების მთელი მობილიზაცია და სიფხიზლე ამიტომაც არის საჭირო. რა თქმა უნდა, დასავლეთი დაგვეხმარება, სანქციებიც დაიწყო და უფრო მკაცრიც იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ კრემლის ზეწოლას, ჩვენი მონდომებით და მოტივაციით. ჩვენ ომში ვართ, ეს ბოლომდე უნდა გავიაზროთ. ჩვენ ეს ომი უნდა მოვიგოთ და წინ უნდა წავიდეთ ევროპისკენ. ესენი ამ „ზონდერ–ჯგუფების“ დაფინანსებას, წახალისებას, დაუსჯელობას არ შეწყვეტენ და თუ შეგვეშინდა, მაშინ უნდა გავჩერდეთ. თუ გავჩერდით, ქვეყნის მომავალს ვკარგავთ, უპერსპექტივობაში ვიჩეხებით. ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ გავძლოთ!!! მრავალათასიანი აქციებით, ხელისუფლებაზე ზეწოლით, დასავლეთის დახმარებით, უნდა მივაღწიოთ მიზანს, გავიმარჯვოთ არჩევნებში და ეს რუსული ხელისუფლება სამუდამოდ მოვიშოროთ. ძალიან მძიმე იქნება არჩევნებამდე დარჩენილი ეს 5 თვე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლების ამ ძალადობას არ ავყვეთ, ამ გამოწვევებსაც სათანადოდ ვუპასუხოთ, ბეწვის ხიდზეც გავიაროთ და გადავტეხოთ კრემლის რეჟიმი საქართველოში. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს!
კომენტარები