„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ის განმარტება მიიღო, რომელსაც ითხოვდა. დეპუტატი ამ განცხადებით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.
„სენატის თავმჯდომარის ამ განცხადებას შეიძლება ვუწოდოთ „განსაკუთრებით უტიფართათვის“. კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან მიიღო ეს განმარტება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, სადაც საუბარი იყო, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ასევე, საუბარი იყო, რომ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესისა და შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ „ოცნებას“ გარკვეულწილად სახე შეენარჩუნებინა. არავინ საუბრობდა, ყოველ შემთხვევაში, არავინ ითხოვდა მათგან, რომ ისინი როგორც პოლიტპატიმრები დაესახელებინათ და ისე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ როგორც ნათქვამია, რასაც ღმერთს შესთხოვ, ის მოგეცემა კიდეც.
ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ – ეს არის უმძიმესი შეფასება. არ ვიცი, „ქართული ოცნება“ რას იტყვის, უკრაინის მსგავსად შეიძლება ელჩი მოსალაპარაკებლად გამოიწვიონ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ მართალი გითხრათ, არ გვაინტერესებს, მაგრამ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსათვის და ქართული საზოგადოებისათვის“, – განაცხადა რატიანმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„მე მოველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სრულად შეასრულონ მარტის შეთანხმება, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემისკენ, – წერს სენატორი „ტვიტერზე“ .
კომენტარები