ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს 24 ივნისს, ლუქსემბურგში შეხვედრისას, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინასთან მისი ომის გამო, სანქციების მე-14 პაკეტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.
მე-14 პაკეტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ზეწოლას რუსულ ენერგეტიკაზე და მოიცავს ზომებს ევროპული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
სანქცირებულია 116 ფიზიკური და იურიდიული პირი.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 27 ტანკერს, რომლებიც ახორციელებენ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, G7-ის მიერ დადგენილი ფასის ზღვარის მიუხედავად.
სანქციები ასევე მოიცავს:
ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სერვისების გადატვირთვის აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის ოპერაციების მიზნით;
ახალი ინვესტიციების აკრძალვას მშენებარე LNG პროექტების დასასრულებლად;
“ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის” (SPFS) გამოყენების აკრძალვას;
პორტში შესვლის აკრძალვას და რუსეთის ომში მონაწილე გემებისთვის მომსახურების მიწოდების აკრძალვას;
ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას;
შემდგომი იმპორტ-ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.
კომენტარები