ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს 2024 წლის პარლამენტში, ეს არის ქართული არჩევანი, ჩვენ შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.
„ჩვენი კონსერვატიული საზოგადოების მხრიდან ყოველთვის იყო მოთხოვნა, მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად, რომ გავერთიანებულიყავით კონსერვატიული ძალები, ტრადიციონალისტები, ეროვნული პარტიები. მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი პროცესის შემდეგ შედგა ეს ერთობა. დღეს წარმოდგენილია უკვე ამ დეკლარაციის ხელმომწერად თითქმის ყველა კონსერვატიული პარტია, რომელიც საქართველოში არსებობს. ასევე, ამ დეკლარაციას შემოუერთდნენ საზოგადოებრივი მოძრაობები. დეკლარაცია ღიაა ყველა მამულიშვილისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენი დეკლარაციის, ჩვენი ერთობის მსოფლმხედველობასა და სულისკვეთებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ იმავე დღის წესრიგს გვთავაზობენ, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები. იგივე პოლიტიკური სპექტაკლები, იგივე თამაშები და იგივე რიტორიკა, რომ ვართ თითქოს და კეთილი „ქართული ოცნება“ და ბოროტი „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა დანარჩენი არავინ არ არსებობს პოლიტიკურ ველზე. სწორედ ეს რიტორიკა გრძელდება მთელი 12 წლის მანძილზე. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ებრძოდა არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ განშტოებებს, არამედ, რეალურად, ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს, ამ პარტიებს, რომლებიც დღეს ვართ აქ წარმოდგენილი. ბევრ აქ წარმოდგენილ პარტიას გაუჩერა რეგისტრაცია. ჩვენ საერთოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი წაგვართვეს ისე, რომ ვითომც არაფერი, გადააბიჯეს კონსტიტუციას, შეცვალეს კანონი ერთი პარტიის წინააღმდეგ და ვითომ არაფერი“, – განაცხადა ინაშვილმა.
კომენტარები