ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარტია „ახალის“ წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე:
– ბოლო დღეებია დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით, კვლავ კრიტიკა წამოვიდა. არჩევნებამდე, ამერიკის ან ევროკავშირის მხრიდან, იმაზე უფრო მკაცრ სანქციებს ელოდებით, რაც უკვე დაუწესეს?
– არა მგონია, რადგან ბევრ რაღაცას შეხედავს ახლა დასავლეთი. არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლებიც იქნებიან, საკმაოდ მასშტაბური ჩარევა იქნება თვალყურის დევნების კუთხით. თუ არჩევნები არ ყალბდება, დემოკრატიულად ტარდება, გამჭვირვალეა და მაინც იგებს „ქართული ოცნება“, ეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი, რაც გამორიცხავს საქართველოს ევროპულ გზას. თუმცა, მაინც და მაინც მკაცრი სანქციები ამას არ მოჰყვება. თუ არჩევნები გაყალბდება, საარჩევნო დემოკრატიას ხაზს გადაუსვამენ, ხალხს პირში ჩალას გამოავლებენ, ამ შემთხვევაში მკაცრი სანქციები იქნება. არჩევნებამდე სანქციები, შესაძლოა, არასწორიც იყოს. ესენიც მოერიდებიან წინასაარჩევნოდ სიტუაციის უფრო დაძაბვას, თუმცა მაგის გარეშე მაინც არ ჩატარდება არჩევნები. ტემპერატურა რაღაც დონეზე ამათ უკვე აწეული აქვთ. საკუთარი გარემოცვა უკვე შეაგუეს იმას, რომ ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში, თქვენ რაღაც ცუდი მოგივათო. ცხადია, ხელისუფლება საკუთარი მომხრეების სოციალურ ინტერსებს იცავს ყველა დონეზე და ყველა მიმართულებით, რაიონებში, ძალოვნებში, პოლიტიკურ ლიდერშიფში… ხელისუფლების დაკარგვისა ძალიან ეშინიათ, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას ცვლილებები უნდა აწყობდეს ყველანაირად, რადგან თუ ამათ გაიმარჯვეს, ევროკავშირს და მსგავს პერსპექტივას დაკარგავს ქვეყანა.
– არჩევნების შემდეგ სანქციები გვიანი ხომ არ იქნება? „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიგო არჩევნები, დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს რუსეთთან, შესაძლოა, სამოკავშირეო ხელშეკრულებაც გააფორმონ და „ოდკბ“ წევრებიც გახდეს საქართველო. ან 3+3 ფორმატი ამოქმედდეს და იქ შევიდეთ. ასე თუ მოხდა, საქართველო დასავლეთისთვის დაკარგული არ არის?
– პირველ რიგში, ეს ქართველი ხალხის პრობლემაა და არა დასავლეთის. რა ქნას დასავლეთმა? ტანკები შემოიყვანოს და პროდასავლური ძალები ძალით მოიყვანოს ხელისუფლებაში? ასე არ გამოვა, ცხადია და არც მოხდება. ამ ეტაპზე, დასავლეთის ზედმეტად ხისტი ზეწოლა ხელისუფლებაზე, სიგნალი იქნება ხალხისთვის, მე ამათ ვასუსტებ და არიქა, ახლა მოუგეთ არჩევნებიო. ამას ეს უკვე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამს ბევრი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, შეცვალოს თუ არა ხელისუფლება, რომ მერე აღარ ჰქონდეს იმის განცდა, რომ დასავლეთი ჩაერია, ჩვენ გვინდოდა მართლმადიდებლობა და ეროვნულობა და იმათ სიბინძურე და ჰომოსექსუალიზმი მოგვახვიეს თავზე. ეს მომენტი კარგად უნდა გავიაზრით. ევროპა არის ცივილიზაცია, ევროპა არის ის, საიდანაც შემოვიდა ქრისტიანობა, ის კულტურული და მენტალური სივრცე, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში. ევროპისთვის იბრძოდნენ მეფე მირიანი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყონვალე, ვახტანგ მეექვსე, ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა… ეს უნდა გაიაზროს საზოგადოებამ. ჩვენ საქართველო და მისი მომავალი უნდა დავიცვათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არჩევნებამდე ისეთი რამ არ გააკეთოს დასავლეთმა, რომ მერე აქ არ შეიქმნას განცდა, ქრისტიანობას, ვაჟკაცობას და კაი ბიჭობას გვართმევენო. ერმა კარგად უნდა გაიაზროს, რა უნდა და რისთვის უნდა. ეს არჩევნები არ არის მარტო ფორმალურად ხელისუფლების შესაცვლელად, ეს არის ერის არჩევანი, მონობა უნდა თუ თავისუფლება, ევროპა უნდა თუ რუსეთი, ტერიტორიების აღდგენა უნდა თუ სულ ერთია მისთვის, რომ ბედიის ტაძარი დაკარგულია და ჩვენი გმირების საფლავები უპატრონოდ არის…ეს ნაციამ, ერმა უნდა გადაწყვიტოს. მე მაქვს იმედი და იმის განცდა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში იდგენენ, ეს ყველაფერი გაიაზრეს და მყარი პოზიცია ჩამოუყალიბდათ. არა მარტო ახალგაზრდებს და უნდა გავერთიანდეთ ეროვნულ დონეზე და ვიბრძოლოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
– უკვე ბევრი ლაპარაკობს, მათ შორის პოლიტიკოსები და ესპერტები, რომ იმდენად დაძაბული არჩევნები იქნება ოქტომბერში, იმდენად დაპირისპირებულია ხალხი ერთმანეთთან, რომ სამოქალაქო ომის საფრთხე რეალურიაო. თქვენ რას იტყვით?
– ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში რაც მოხდა 1991–92 წლებში და მას სამოქალაქო ომს ბევრი ეძახის, აბსოლუტურად რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. არანაირი სამოქალაქო ომი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთი. რასაც სამოქლაქო ომი დავარქვით, ეს იყო რუსეთის მიერ პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთ დაპირისპირების ესკალაცია, მათი აგენტურის მუშობა, რომ ძმას ძმისთვის ტყვია ესროლა. ახლა სამოქალაქო ომის წინაპირობა არ არსებობს. საბოლოო ჯამში რას იცავს იქითა მხარე? ცალკეული ჯგუფის და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ფულს, რაღაცა კომფორტს. ყველად გვესმის, რომ ივანიშვილისთვის, შვეიცარიის ბანკში რომ ფული აქვს, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო. ოხანაშვილისთვის, მდინარაძისთვის და კობახიძისთვის კი ის სოციალური კომფორტი, რაც დაუმსახურებლად მიიღეს. ივანიშვილის მსახურებაში მიიღეს ეს კომფორტი მათაც და ბევრმა მათნაირმა, როდესაც კანონის, მორალის და ყველა სხვა სტანდარტითაც უნდა ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. სამოქალაქო ომის წინაპირობა არის, დავუშვათ, როდესაც ერთს უნდა პროტესტანტიზმი და მეორეს კათოლიციზმი, ერთს უნდა კომუნიზმი და მეორეს ბურჟუაზია. ასეთი მოცემულობა ქართულ საზოგადოებაში არ არის. ესენი ხელოვნურად იგონებენ ფორმულას, რომ ჩვენ გვინდა ტრადიციული ღირებულებები და იქით არიან მამათმავლების მომხრეები. ხომ იცით, რომ ეს ფარსია, არც ქრისტიანობის, არც ტრადიციული ღირებულებების და არც რაიმე ქართული მსოფლმხედველობის ნასახი არ აქვთ. დასვი ერთი და ჰკითხე ვაჟა–ფშაველას რა ნაწარმოები იცითო, სამს ვერ ჩამოგითვლიან. ეს მხარე დაცლილია ინტელექტისგან, მორალისგან, სულიერებისგან, იდეოლოგიისგან. მაგას მუდამ ვამბობ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც დილას შეიძლება იყოს მონარქისტი და საღამოს ანარქისტი, თუ ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს ამას. ამათ რა სამოქალაქო ომში შეიძლება მიიღონ მონაწილეობა? ერთადერთი, როდესაც ომსა და დაპირისპირებაზე საუბრობენ, მხოლოდ რუსეთის ფაქტორებზე ლაპარაკობენ. მე ამ ფაქტორს გამოვრიცხავ, რადგან არ მგონია, რუსეთს იმის თავი ჰქონდეს, კიდევ რაიმე საომარი ვალდებულებები აიღოს. სოფელ ავდეევკის აღებას რომ მთავარ სამხედრო წარმატებად გამოაცხადებ და ხარკოვთან ახლა რაც ხდება, ამითაც ნათელია, რუსეთს უკრაინაში გამარჯვების შანსი არ აქვს, ცხადია, თუ დასავლეთმა სრულიად არ ჩაიქნია ხელი უკრაინის დახმარებაზე. პუტინი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ეძებს თავის მთავარ მოკავშირეს, ეს უკვე ჰიტლერის ბოლო ფაზის მსგავსია, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს რაღაც ხავსს ეჭიდებოდა და ეგონა, მოაბრუნებდა ომის ბედს. გადარჩენის ვერანაირ გზას ვერ მონახავს ვერც რუსეთი და მით უმეტეს, იმის რესურსი არ ექნება, რომ ესენი გადაარჩინოს. სამოქალაქო ომს, როგორც შესაძლო საფრთხეს გამოვრიცხავ ჩვენი ქვეყნისთვის. არის ჯგუფი, რომელიც იცავს საკუთარ პრივილეგიებსა და კომფორტს, ივანიშვილი იცავს თავის ფინანსურ ინტერესებს და აქეთ არის ქართველი ხალხი, რომელიც იბრძვის ქვეყნის იმ ნათელი მომავლისთვის, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და ამ ბრძოლას შეეწირნენ. ძალიან დიდი კონტრასტია ასეთ დაპირისპირებაში, რომ ვინმემ მოახერხოს სამოქალაქო ომის ინსპირირება. მე მგონია, რომ ძალიან მარტივად უნდა გადაწყდეს ყველაფერი.
– ბატონო გედი, მდინარაძე, კობახიძე და მათი დაუმსხურებელი კომფორტი და პრივილეგიები ახსენეთ და ათასობით ადამიანია, რომელთაც ასევე დაუმსახურებლად აქვთ პრივილეგიები და კომფორტი მიღებული. შესაძლოა, იმდენი არ აქვთ დასაკაარგი, რამდენიც მმართველ ელიტას, მაგრამ მათაც აქვთ დასაკარგი სამსახურები და ხელფას–პრემიები, ბიზნესმენებს გარანტირებულად მოგებული ტენდერები და სხვა სასათბურე პირობები, ჩალის ფასად ხელში ჩაგდებული და კიდევ ჩასაგდები სახელმწიფო ქონება, ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი ბიზნესის დაფინანსება და ბევრი ამდაგვარი. ამ ხალხს ეს ყველაფერი აქვთ დასაკარგი და დასაცავი და იმის მეშინია, სისხლიან პროვოკაციაზეც არ წავიდნენ?!
– მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ადამიანები, რომლებიც იცავენ საკუთარ კომფორტს და ქონებას, ძალიან უსუსურები არიან მორალურად. იმათ სოციალური კომფორტი იმიტომ სჭირდებათ, რომ იარაღის ხელში აღება, თავის გაწირვა არ უნდათ. ეს სოციალური კომფორტის სიყვარული და იარაღით ბრძოლა ერთმანეთთან შეუთავსებელია. კი, ამ ხალხს სოციალური მოტივაცია აქვს და მათი ბრძოლა პოლიტიკურ ფარგლებს არ გასცდება. უარეს შემთხვევაში, ასეთი ადამიანებიდან, შესაძლოა, ზოგმა „ზონდერობა“ იკისროს ხელისუფლების დავალებით, ვიღაცას სადღაც ჩაუსაფრდეს და სცემოს, მეტს ვერ გაბდავენ. ეს არის მიზერული მოტივაცია. მეორე მხარეს კი დგას ასეულ ათასობით ადამიანი და მეტიც, რომელთა მოტივაციაც ამ ქვეყნის მომავლის შეცვლაა. ვინც აპელირებს, რომ სიციალური მოტივით ათასობით ადამიანი ხელში იარაღს აიღებს, ვფიქრობ, მათ სიციოლოგიაზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. ადამიანი, რომელიც ხელში იარაღს იღებს, მას უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი ემოცია, ძალიან მყარი მოტივაცია. მას მარტო სხვისი გაწირვა კი არა, საკუთარი თავის გაწირვაც უნდა შეეძლოს და უღირთ მდინარაძეს და ოხანაშვილს თავის გაწირვა სოციალური კომფორტის შენარჩუნების გამო? ცხადია, არ უღირთ. არიან ადამიანები, რომლებიც იდეის გამო გააკეთბენ ამას. მე იარაღს ხელში არ ავიღებ, მაგრამ ტყვიაზე წავალ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალოს, რადგან ჩემთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, ამ ქვეყნიდან არსად წავალ და ვერ ვიცხოვრებ რეჟიმის პირობებში. ოხანაშვილსა და მდინარაძეს აქვთ გამოსავალი. ცხადია, ხელისუფლების დაკარგის შემდეგ ექნებათ დისკომფორტი, მაგრამ მათ არავინ დაიჭერს. დაიჭერენ „ზონდერებს“, ვიღაცა ჩინოვნიკს, რომელმაც „იზონდერა“, ვიღაცას მიუვარდა. დაჭერა შეიძლება მოხდეს ძალიან ვიწრო ჯგუფის, რომელიც დანაშაულს სჩადის და ისინიც წარსდგებიან სამართლიანი და არა მურუსიძე–ჩინჩალაძის სასამართლოს წინაშე და მსჯავრს გამოუტანენ არა „ზონდერ–მოსამართლეები“, არამედ დამოუკიდებელი და პატიოსანი მოსამართლეები.
კომენტარები