„შრომის კოდექსის“ ახალი ვერსიით, რომელსაც დღეს პარლამენტი ბიუროს სხდომაე განიხილავს, განსაზღვრულია სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირება.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.
როგორც კანონპროექტში ააღნიშნული, ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების ქვეშ და ასრულებს თავის საქმიანობას ან მოვალეობებს. სამუშაო დროში კი, არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში დაკანონდება, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.
კანონპროექტით ასევე კონკრეტდება, რომ სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები, სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება ექვს საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება და შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. პროექტით, თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ ექვს საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.
დაგეგმილი ცვლილებით, დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათის. ბავშვის კვებისთვის შესვენება კი ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულისთვის დასვენება შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათის. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მიმდევრობით ორჯერ 24 საათიანი დასვენების დროით სარგებლობა არაუმეტეს 14 დღის ფარგლებში.
16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და დღის განმავლობაში ექვს საათს.
14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და დღის განმავლობაში ოთხ საათს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს კი უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელთან შეათანხმოს შინაგანაწესისაგან განსხვავებული სამუშაო დრო.
კომენტარები