ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,რა სიმბოლურია, რომ დღეს პორტუგალიას ვეთამაშებით.
ევროპა ხომ სწორედ ლისაბონიდან თბილისამდეა.
ჩვენ არ დავიჯერეთ, რაშიც თავგამოდებით გვარწმუნებდნენ, თითქოს საქართველო ,,პატარა სოფელია”.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის დედაქალაქი თბილისია.
უფრო მეტიც, მისი აღმოსავლეთი კარიბჭის გასაღები სწორედ ჩვენ გვიჭირავს.
როგორც ბორის პაიჭაძეს ერთხელ სერგო კოტრიკაძისთვის უთქვამს, ახლაც ასეა – ჩვენი მეკარე ფეხბურთის კარს კი არა, დარიალის შემოსასვლელს იცავს.
ჩვენ არა მხოლოდ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, არამედ იქ მივედით იმ ფეხბურთით, რომელიც ევროპას უკვე აღარც ახსოვდა – რომანტიკული, დრამატული და ლამაზი თამაშით. ჩვენ ხელცარიელი არასდროს ვბრუნდებით შინ (ევროპაში).
ჩვენ გავახსენეთ ევროპას, ვინ ვართ, როცა ათასწლეულების შემდეგ რევანში ავიღეთ და თანამედროვე არგონავტები ხელცარიელი გავისტუმრეთ უკან. ესეც სიმბოლურია – ჩვენ უკანა კარიდან კი არ შევიპარეთ, არამედ მთავარი ევროპული ქვეყანა დავამარცხეთ იქ მოსახვედრად.
საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა !
არ ვიცი, დღეს რა მოხდება, მოვიგებთ თუ წავაგებთ სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გუნდთან, მაგრამ სწორედ ეს ,,არ ვიცი” არის ახალი ეპოქისა და ახალი აზროვნების დასაწყისი, რადგან არც პორტუგალიელებმა იციან წინასწარ და ვერც ვერავინ გარისკავს თავდაჯერებულ პროგნოზს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.
გამარჯვება საქართველოს ნაკრებს !”
კომენტარები