საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა.
საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა.
სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი – 5.
რაც შეეხება ევრო 2024-ს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობის საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილზეა:
1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 30;
2. თომას სტრაკოშა, ალბანეთი – 13;
3. კასპერ შმეიხელი, დანია – 12;
4. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 12;
5. ბარტ ვერბრიუგენი, ნიდერლანდები – 12.
„პირველი არხი“
კომენტარები