“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს კვლევას, იმ საგზაო კომპანიებზე, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო შესყიდვებიდან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ირკვევა რომ მათი ნაწილი დაკავშირებულია მოქმედ, ან ყოფილ თანამდებობის პირებთან. ასევე არიან პოლიტიკური შემწირველებიც.
ერთ-ერთი მაგალითი შპს “ლიდერი+”-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37,232,754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.
“მიმოხილვაში ჩამოთვლილი კომპანიები ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქმიანობენ. ყველა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 676,623,524 ლარის კონტრაქტები მიიღო;
შპს „საგზაომ“, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან მონაწილეობს, ამ დრომდე 76,813,353 ლარის შესყიდვები მიიღო. შპს-ს ამჟამინდელი მფლობელი კახაბერ უბილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო.
საგზაო ინფრასტრუქტურის ტენდერებს იგებს კახაბერ უბილავას სიძე, დავით სიჭინავაც, რომელიც შპს “საგზაოში” უბილავას მოსვლამდე ფლობდა მის 100% წილს და ამავდროულად 2013-2022 წლებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსითაც მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში. ამ პერიოდში მან 57,188,154 ლარის 54 ტენდერი მოიგო. დავით სიჭინავა “ქართული ოცნების” შემწირველიცაა;
შპს “ლიდერი+”-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის კანდიდ კვიციანის შვილია. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37,232,754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო;
სენაკის მერიის საგზაო მშენებლობის ტენდერებს უმთავრესად იგებს სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი”, რომლის დამფუძნებელი საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დემურ გადელიაა. სენაკის მერი ვახტანგ გადელია კი დემურ გადელიას ძმისშვილია და თავად 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ამავე ოჯახთან არის დაკავშირებული შპს “ინდიკოც” – კომპანიის, 100% წილის მფლობელი იოსებ გადელიაა – სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძაშვილი;
შპს “როუდ პლიუსი” და შპს “ბილდინგ გრუპ 17” ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიებია. ამ კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 28,516,914 ლარის ტენდერები მოიგეს. აქედან 15,314,019 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის;
კვლევაში მიმოხილულ კომპანიებს ან/და მათთან დაკავშირებული პირებს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ პოლიტიკური შეწირულებებიც აქვთ გაღებული: შპს “საგზაოსთან” დაკავშირებულმა დავით სიჭინავამ 2017-2021 წლებში 32,000 ლარი შესწირა; შპს “შარაგზამშენი პირველმა” 2017 და 2021 წელს, შესწირა ჯამში 25,000 ლარი; შპს “ლიდერი +”-მა 2021 წელს შესწირა 5,000 ლარი; შპს “თავადი 1”-მა კი 2021 წელს შესწირა 2,500 ლარი.” ნათქვამია ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართავს, შეისწავლოს და დაადგინოს, შეიცავს თუ არა სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს.
,,მთავარი არხი”
კომენტარები