ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
„აი, მე ფეხბურთის ყურება მაშინ დავიწყე, როცა თბილისის “დინამო” საბჭოთა პირველობაზე გამოდიოდა.
პირველი, ვისი გვარიც ეკრანზე გავიგონე, ალექსანდრე ჩივაძე იყო. ბურთს დასარტყმელად ასწორებდა. ჩვენი გუნდი მოსკოვის “სპარტაკს” ეთამაშებოდა. მერე მახსოვს “ვერდერთან” თამაში და წაგება. თან, საავადმყოფოში ვადევნებდი თვალს. ვერდერის ბრემენიო, ასეც ვამბობდი მაშინ.
ცოტა გვიან უკვე სტადიონზეც წავედი დინამო-ნეფთჩის თამაშს ვუყურე. 2:0 მოვიგეთ და სიხარულით გავიბადრე.
იქვე სტადიონზე ლატარეა თამაშდებოდა, ვიღაცამ ველოსიპედი “სალიუტი” მოიგო და ჩვენ ვიყიდეთ 30 მანეთად. ზურმუხტისფერი იყო. მერე ბაზალეთზე მომპარეს. უცნობს ვათხოვე, გავისეირნებო და აღარც გამოჩნდა. საბჭოთა “დინამოდან” მახსოვს კახა ვოგიჩაიშვილის შედევრი გოლი მოსკოვის “სპარტაკის” კარში. ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო , რამდენიმე მოატყუა და გაიტანა. ტელევიზორში ვნახე ეს თამაში.
“დინამოს” გოლებიდან რაც მინახავს, ეს ყველაზე საუკეთესოდ მიმაჩნია.
ცოტა ადრე საერთაშორისო ფეხბურთის ყურებაც დავიწყე. მახსოვს მექსიკის 1986 წლის მსოფლიო პირველობა, არგენტინის ტრიუმფი და ზებუნებრივი მარადონა. ამ პირველობას გურამ ფანჯიკიძემ წიგნი “მარადონა რეი”მიუძღვნა და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
მერე დემიკო ლოლაძის წიგნებს ჩავუჯექი და ქართველი ფეხბურთელების ბიოგრაფიები ჩავაბულბულე.
იმდროიდან მახსოვს ლანჩხუთის “გურიის” აღზევება უმაღლეს ლიგაში და 1988 წლის ევროპის ფინალი საბჭოთა კავშირსა და ჰოლანდიას შორის. საბჭოელებმა 0:2 წააგეს. ფინალიდან მახსოვს საოცარი რუუდ გულიტი, მარკო ვან ბასტენი (ორივემ გაიტანა გოლი) და ფრანკ რაიკაარდი.
პირველობაზე თენგიზ სულაქველიძემაც ითამაშა.
იმ წლებში ვიჯექი ხოლმე მაგნიტოფონთან და კასეტაზე კომენტარებს ვწერდი მიკროფონით, ძირითადად “დინამოზე.” ვკომენტატორობდი. ნეტავ მაპოვნინა, რამდენს ვიცინებდი.
მერე იყო 1990 წლის მსოფლიო პირველობა იტალიაში არგენტინა-კამერუნის გახსნით, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა 0:1 წააგო. როჟე მილა მახსოვს ძალიან კარგად და პირველობის იტალიური სიმღერა-ჰიმნი. ფინალიც მახსოვს, გერმანიამ იმავე არგენტინას რომ მოუგო.
ეროვნული პირველობის პირველ თამაშზეც ვიყავი 1990 წელს, თბილისის “იბერია” (ყოფილი “დინამო”) და ფოთის “კოლხეთი” რომ შეხვდნენ ერთმანეთს და ოლიმპიადის ერთადერთმა ოქროსმედალოსანმა ქართველმა ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა ავტოგოლით გახსნა არამხოლოდ თამაში, პირველობაც.
“დინამო,” რომელიც ჩემი საყვარელი გუნდიც არის, 1993 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგაზე და “ლინფილდს” ხვდებოდა. აქ 2:1 მოვუგეთ, იქ 1:1 ვითამაშეთ. შემდეგ კი ჩვენი კლუბი სკანდალში გაეხვა. თურქი მსაჯის მოქრთამვა დაბრალდათ და 1 წლით მოკვეთეს. გუნდი მერე რომ დაბრუნდა, უკვე უკან წაუვიდა საქმეები. მომდევნო თამაშებს მომაკვდინებელი შედეგებით ასრულებდა. ერთხელ “ბრაგამაც” დაგვიბრაგუნა 4:0 უეფას თასზე. 2004-ში გეგუჩაძის გაწვრთვნილი გუნდი კი უეფას თასის ჯგუფში რომ მოხვდა, მაგან ხომ გამაბედნიერა. თუმცაღა, სასტიკად ცუდი შედეგებით დავასრულეთ.
ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიც ჩემი თვალით ვნახე ლიეტუვასთან, ორჯერ რომ ვაგებდით. გია გურული პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ნაკრებში გოლი გაიტანა. კახა კაჭარავამაც გაიტანა და 2:2 დასრულდა.
97-ში 7:0 სომხეთთან? რამდენი ვიტრაბახეთ.
ჰო, მანამდე ხომ 5:0 იყო უელსთან 94-ში, პაიჭაძეზე, ქინქლაძემ რომ შეუდარებელი გოლი გაუტანა საუთჰოლს. ბურთი თავზე გადაუგდო.
და გიგზი?
მაშინ მას საქართველოსთან არ უთამაშია, საკუთარ ნაკრებს არ ჩამოჰყვა.
ტაილანდს რომ 2023-ში 8:0 მოვუგეთ და მიქაუტაძემ პირველმა შეასრულა პოკერი ეროვნულ ნაკრებში? თუმცა, ამაზე დიდად აღარ გვიტრაბახია. უფრო ვიცინეთ.
სხვა თამაშებზე ბევრს აღარ ვიტყვი, მაგრამ მაშინ გამორჩეულ ბულგარეთს რომ მოვუგეთ 2:1 ეგ უნდა ვთქვა. გერმანიასთან თამაშზეც ვიყავი და კლინსმანისგან მიღებული სიმწარეც მახსოვს. უჰ, გადატენილი იყო სტადიონი. ნემსს მართლა ვერ ჩააგდებდი.
მერე ინგლისიც იყო ბექჰემიანად. მაშინ ამბობდნენ, მას სწორედ “მეტეხი შერატონში” ტელევიზორში გასული კლიპის ყურებისას შეუყვარდა “სფაის გერლზის” ვიქტორიაო. მერე ინგლისში რომ ვეთამაშეთ მის ნაკრებს და “რუსთავი 2-ის” ეთერში ვუყურე, ეგეც მახსოვს. პირველად მაშინ და ერთადერთხელ ვნახე შეცვლაზე შესული ფეხბურთელი რომ თამაშიდან გაიყვანეს – ყიფიანმა ქნა გოგრიჭიანის მისამართით.
კიდევ იცით, ვინ გამახსენდა? ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთვნელი 1999 წელს იოჰან ბოსკამი, ზაზა ჯანაშიას უდისციპლინობაზე რომ გაბრაზდა და ცნობილი ფრაზა “ჯორჯიან მენტალიტეტ” წამოისროლა. ივო შუშაკიც, ჟირესიც, ტოპმიოლერიც, კუპერიც წვრთნიდნენ ჩვენს ნაკრებს და დიდი შედეგები არც ერთს ჰქონია.
მხოლოდ შუშაკი მახსენდება, რუსეთს მესხის სტადიონზე რომ მოვუგეთ 1:0 2023-ში. მალხაზ ასათიანი პირველ ოფიციალურ თამაშს, ისე კი, მეორეს ატარებდა ნაკრების მაისურით და გოლი თავით გაიტანა.
იმავე სტადიონზე 2002 წელს რუსეთის ნაკრებს რომ შევხვდით, მაშინაც ვიყავი და დენი ჩაქრა. შევარდნაძეც ესწრებოდა. ეს ამბავი 2023 წელს ბერლინში სწავლისას ერთმა რუსმა სტუდენტმა გოგომ გამიხსენა და იქედნურად დამცინა.
მე კიდევ ასათიანის გოლი გავუხსენე.
მალხაზის თამაში პირველად 2001 წელს ვნახე მცხეთის მინგრეულ სტადიონზე, როცა ის ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა. ჩემ გვერდით კახი ასათიანი იჯდა და მასზე ყურადღებას ამახვილებდა არა მოგვარეობის, არამედ სათამაშო უნარების გამო. ისიც კი თქვა, ყველა გუნდშია საჭირო ერთი წითური (ისე, “რიჟა” ახსენა) ფეხბურთელის ყოლაო.
მახსოვს შოთა-აჩის გადასვლა “ტრაბზონში” და შემდეგ ერთი “აიაქსში, მეორე – “ბრედაში” მოხვდა. დაუღალავი და მებრძოლი ქეცბაია არ დამავიწყდება, 95-ში სტუმრად გერმანელებს პირველი გოლი რომ შეუგდო და ლამის ჭერს ავარტყი თავი სიხარულისგან. თუმცაღა, 4:1 კი წავაგეთ.
ქეცბას ვამსგავსებდი კანკავას, ისიც ასეთი შეუპავარი იყო და ცენტრის ბურჯი იყო, ვინც 100-ზე მეტი თამაში ითამაშა ნაკრებში.
და მახსოვს ჯადოქარი ქინქლაძე და მის ჰადოსნური გოლი “საუთჰემპტონის” კარში. დღემდე მანჩესტერ სითის გულშემატკივრებს რომ არ ავიწყდებათ.
1999 წლის ჩემპიონთა ლიგის დრამატული ფინალი უკვე ბევრს ახსოვს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბაიერნს” 2:1 რომ მოუგო დამატებით წუთებზე გატანილი გოლებით.
2005 წლის ლიგის ფინალიც რა დრამატული იყო, “მილანი” რომ 3:0-ს უგებდა “ლივერპულს” 55 წუთის მანძილზე და მერე 5 წუთში სამი გოლი მიიღო და პენალტებით წააგო.
კალაძემ ორჯერ აღმართა ლიგის თასი და ის გამოუვიდა, რაც შევჩენკომ ვერ შეძლო.
მაგის დებიუტიც მახსოვს კიევის “დინამოში,” დსთ-ს თასის ფინალში შევჩენკოს გადაცემით გამარჯვების გოლი რომ გაიტანა და 2009 წელს ის 2 ავტოგოლიც იტალიასთან, ტრავმის შემდეგ რომ დაბრუნდა ნაკრებში.
ყველა მნიშვნელოვანი თამაში და ფინალი მახსოვს და გამირჩევია.
მახსოვს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, ზოგი ტრავმამ რომ გააწამა, ზოგი დაუდევრობამ და უშრომელობამ და სხვა არაერთმა მიზეზმა – ზაზა ჯანაშია, რატი ალექსიძე (“ჩელსიში” მისი ძელიც მახსოვს), მიხეილ ფოცხვერია, ჯანო ანანიძე და სხვები.
შოტლანდიას რომ 2:0 მოვუგეთ აქ და ლამის სკოლის მოსწავლეებმა – ყენიამ, მჭედლიდეძემ (გოლიც გაიტანა) და მეკარე გიორგი მაკარიძემ ითამაშეს, კობიაშვილის გამარჯვების გოლი ხორვატიასთან, ესპანეთთან ლორიას ბრწყინვალე მოგერიებები, სიხარულის მომტანი იყო.
კობის ჰეთთრიქიც მახსოვს ლიგაზე, “შალკეს” მაისურით “ეინდჰოვენის” კარში.
2000 ათასი წლიდან ფოტორეპორტიორის ამპლუით უკვე იმდენ თამაშზე ვიყავი საქართველოშიც და უცხოეთშიც, ვეღარც მოვთვლი. ყველა გამარჯვება და მწარე მარცხი მახსოვს, ფეხბურთის ვარსკვლავები მახსოვს, ბიჭებთან ერთად ავტობუსით შემოვლა და მათთან გამამხნევებელი საუბრები მახსოვს.
ყველაზე მძიმედ 2020 წლის ევროპაზე გასასვლელი ფინალი მახსოვს ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
კოვიდპანდემიის მიზეზით მთავრობამ უარი თქვა უეფასგან ნებადართული 1/3 მაყურებლის დაშვებაზე, დაახლოებით 18 ათას გულშემატკივარზე იყო ლაპარაკი. დღემდე ვერ მიპატიებია ეს გადაწყვეტილება და ახლაც უგუნური მგონია. არც ჩაკვეტაძე თამაშობდა ტრავმის გამო და არც კვარაცხელია კოვიდით დაინფიცირების მიზეზით.
მაშინ გიორგი ჩაკვეტაძე ყველას პირზე ეკერა. ლამის მარტომ მოიგო პირველი ერთა ლიგა და ამ გათამაშების პირველი გოლიც მან გაიტანა ყაზახების კარში.
ხოდა თბილისშივე, ცარიელი ტრიბუნების წინ წავაგეთ 0:1 და უდიდესი იმედგაცრუება დამეუფლა. კარის უკან ვიდექი გადასაღებად და ვხედავდი ჩვენი ნაკრების უნიათო თამაშს, თამაშის შემდეგ კი ბიჭების აცრემლებულ თვალებს.
ეს ვლადიმერ ვაისის ყველაზე დიდი მარცხი იყო სამწვრთვნელო კარიერაში.
მესის, ინიესტას, მალდინის, ბუფონის, რონალდუს თამაშები ცოცხლად მინახავს და გადამიღია. ყველას აღარც ჩამოვთვლი. ჰო, მარადონა რომ იყო აქ აგვისტოს ომის შემდეგ და “დინამოზე” ითამაშა ბილეთების სიძვირის გამო ლამის ცარიელი ტრიბუნების წინ, ეგეც მახსოვს.
ამაღელვებელზე ამაღელვებელი კი იყო 2024 წელი. მარტში ლუქსემბურგთან და საბერძნეთან ევროპაზე გასასვლელი თამაშები რომ მოვიგეთ, მაგას რა დამავიწყებს?
და მერე იყო პირველად ევროპირველობაზე გასვლა – ჯგუფის თამაშები თურქეთთან მიქაუტაძის პირველი გოლით, ჩეხეთთან პირველი ქულით, პორტუგალიასთან პირველი მოგებით და ესპანეთთან მწარე მარცხით.
მე ვესწრებოდი პორტუგალიასთან თამაშს გელზენკირხენში. ღმერთო, ეს რა იყო, რონალდუს და მის რაზმს მოვუგეთ 2:0 კვარას უსწრაფესი გოლით და მიქაუტაძის პენალტით და ჯგუფიდან გავედით. ეს არასდროს დამავიწყდება.
და მოვიდა თაობა, რომელიც მომავალში ოჯახში, მეგობრებთან, უცნობებთან, ეკრანებთან ფეხბურთზე ლაპარაკს სწორედ 2024-ის 26 მარტიდან და 26 ივნისიდან დაიწყებს, მათ შორის ჩემი შვილი, რომელიც გაფაციცებით ადევნებდა თვალს თამაშებს და მამარდაშვილი რომ შეუყვარდა ყველაზე მეტად და მისი მაისური რომ ვერსად იშოვა.
გავა წლები და ეს თაობა იტყვის, გახსოვს, მამარდამ რა ბურთები აიღო ჩეხეთთან ან რონალდუს ჯარიმა როგორ მოიგერია ანდაც ბოლო წამებზე გუნდს თურქეთთან 1:2-ზე გოლის გატანა რომ ჭირდებოდა და კარიდან გამოვიდა? გახსოვს ქოჩორა, ყველგან რომ იყო და იმავე თურქეთთან ხარიხას მოარტყა ბურთი? მიქაუტიძის მეგოლეობა, კვარას სწრაფი გოლი და რონალდუს მაისური ან ესპანეთს რომ ვუგებდით და თამაშგარეგოლით გაგვითანაბრეს?
რამდენი ადამიანის საფეხბურთო ათვლა დაიწყო ამ ევროპირველობით.
ჩემი საფეხბურთო ათვლა ჩივაძით და “დინამოთი” დაიწყო და კვლავ გრძელდება, რადგან ძალიან კარგი თაობა მოვიდა ქართულ ფეხბურთში.
იბურთავეთ ბიჭებო ლაღად, უშიშრად, დასამახსოვრებლად და გააგრძელეთ ათვლა თაობებისთვის.“
კომენტარები