საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ „ალიას“ დაუკავშირდა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი 2015 წლიდან, პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ღირსების ორდენის კავალერი, უმაღლესი საკლასო ჩინის მფლობელი, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე დანიელ(დენის) დავითაშვილი, რომელიც საუბრის დასაწყისშივე აცხადებს, რომ რასაც გვიყვება, ყველაფერზე სათანადო მტკიცებულება გააჩნია:
– 8 წელი ვთანამშრომლობდი ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირთან და კავშირის თავმჯდომარესთან, ჰამლეტ გეგიასთან… სამწუხაროდ, 2017 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა ჰამლეტ გეგია და დაწყებული 2017 წლიდან 2022 წლამდე კავშირს და მის თანათავმჯდომარეებს არაფერი გაუკეთებიათ… შემდეგ თავმჯდომარედ მოვიდა გიორგი მამაცაშვილი და ეგ ცალკე ისტორიაა, თუ როგორ დაიკავა ეს თანამდებობა, ახლა გაცილებით სკანდალურ ფაქტებზე შევჩერდები.
ფაქტი #1
2024 წლის 12 აპრილამდე მამაცაშვილს არ ჩაუტარებია გამგეობის არცერთისხდომა. იმისათვის, რომ გაესტუმრებინა გ. ჟორჟოლიანის, ი. თოდუას ოჯახისა დამ. რუხაძის ვალი, სულ 165 ათასი ლარის ოდენობით, გიორგი მამაცაშვილმა ურთიერთობა დაამყარა შპს „იუ-ჯი-თის“ ხელმძღვანელობასთან. მასთან გააფორმა 5 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება, მოტყუების გზით დააჯერა კავშირი, მთლიანად ყრილობა, რომ მან თავისი, პირადი ნასესხები ფულით გადაიხადა ვალი. გიორგი მამაცაშვილს „იუ-ჯი-თის“ ხელმძღვანელობასთან 5 წლის ვადით 600 კვ.მ. ფართი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთპიროვნულად გაქირავებული აქვს (1 კვ. მ. 6 აშშ დოლარად).
ფაქტი #2
ამის შემდეგ გიორგი მამაცაშვილმა კიდევ ახალი სავარაუდო თაღლითობა ჩაიდინა. 2024 წლის 12 აპრილს წესდების დარღვევით, ერთპიროვნულად მოიწვია 53 დელეგატი და ჩაატარა რიგგარეშე ყრილობა. ესენი იყვნენ: 45 გამგეობის წევრი და 8 – დამატებით, გამგეობის წევრებად ასარჩევად მოწვეული პირი.
დღის წესრიგში იყო ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირისთვის სახელის შეცვლა. მას ეწოდა „ჟურნალისტთა ფედერაცია“. ყრილობაზე არ განხილულა ახალი წესდება, მაგრამ ოქმში გააფორმეს მისი განხილვა და დამტკიცება. ახალ წესდებაში კი კანონის უხეში დარღვევით გაჩნდა ჩანაწერი, რომ ფედერაციას დაგამგეობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ფედერაციის კუთვნილი ქონების გაყიდვის შესახებ. აი, ბატონებო, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სწორედ ეს იყო გიორგი მამაცაშვილისა და მისი „დედობილების“ – მარინე თექთუმანიძისა და მარინა გიგინეიშვილის ძირითადი ამოცანა, რომ გაესტუმრებინათ სასამართლოს მიერ დაწესებული ვალი, რათა მომავალში გამოიყენონ საჯარო რეესტრში უკვე გატარებული ჟურნალისტთა ფედერაციის წესდება და გაყიდონ ფედერაციის შენობა.
ფაქტი #3
დაბოლოს, 2024 წლის 12 აპრილის ყრილობაზე გიორგი მამაცაშვილმა კიდევ ერთი გასაოცარი რამ ჩაიდინა. დღის წესრიგში არ იყო ეს საკითხი შეტანილი და ჩემს მიმართ ცილისწამებების და ტყუილების მთელი კორიანტელი დააყენა. გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩემს შესახებ, რის გამოც ვფიქრობ, შევიტანო სარჩელი გიორგი მამაცაშვილის მხრიდან ცილისწამების შესახებ, „სიტყვისა და თავისუფლების შესახებ“ კანონის შესაბამისად. გიორგი მამაცაშვილის თქმით, მე ვყოფილვარ პროვოკატორი, ცილისმწამებელი, ვეწევი დესტრუქციას კავშირის მიმართ. მან ასევე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე მე სასამართლოებში ვარბენინებდი მარინე თექთუმანიძეს და მარინა გიგინეიშვილს. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში გამგეობის წევრს გიგლა გობეჩიას ჰქონდა შეტანილი სარჩელი და მე რა შუაში ვარ?! გიორგი მამაცაშვილმა ყრილობაზე განაცხდა, რომ მზად არის ჩემთან შესახვედრად და თან დასძინა, სანამ მე ვიქნები ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, დავითაშვილი ვერასოდეს გახდება ფედერაციის წევრი და ვერასოდეს აიღებს ჟურნალისტთა ფედერაციის მანდატსო, მე კი 2015 წლიდან გახლავართ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
– ბატონო დანიელ, კიდევ ერთხელ გეკითხებით, ამ ბრალდებზე გაქვთ თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები?
– დიახ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გიორგი მამაცაშვილის მხრიდან ჩადენილ თითოეულ ქმედებაზე, რაზეც მოგახსენეთ, მაქვს დოკუმენტალური მტკიცებულებები, რისი საწინააღმდეგო ფაქტები გიორგი მამაცაშვილს არ გააჩნია… მოვითხოვ, გიორგი მამაცაშვილმა მოიწვიოს რიგგარეშე ჟურნალისტთა ფედერაციის ყრილობა, რათა 2024 წლის 12 აპრილს ჩატარებულ რიგგარეშე ყრილობაზე ჩემს მიმართ გამოთქმული ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციების გამო ბოდიში მომიხადოს და დაუყოვნებლივ გადადგეს თანამდებობიდან. მოვითხოვ, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდნენ მისი ნამოქმედარით და მოახდინონ მყისიერი რეაგირება!
პ.ს. თუ გიორგი მამაცაშვილს კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდება, მასაც მოვუსმენთ და მის პოზიციასაც გავაშუქებთ.
ნანა სულავა, 599070189
კომენტარები