ახალი მრავალმილიონიანი ქონება “ქართული ოცნების” ანგარიშზე – დღეიდან ივანიშვილის პარტია როსტომ მეფის სასახლიდან სამუშაოდ ორთაჭალაში, ახალ ოფისში გადადის.
მმართველი პარტია ბინას ძალოვნების კვარტალში დადებს: საერთო ღობე კრიმინალურ პოლიციასთან, მოსაზღვრედ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურაა. “ქართული ოცნების” ახალი შენობა 8460,9 კვ.მ-ს შეადგენს.
მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოფისის მოწყობის სამუშაოებს კი პარტიის ლიდერები თავად ზედამხედველობდნენ.
ირკვევა, რომ პარტიის შენობა “ქართულმა ოცნებამ” პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე იყიდა. ხელშეკრულება კომპანია “ნიუ ოფისთან” გუშინ გაფორმდა, რაც კორუფციის მკვლევარებს უჩენს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი ახალი სავარაუდო თაღლითობაა.
ხელშეკრულების დეტალები უცნობია, თუმცა რისი გარკვევაც ამ დროისთვის არის შესაძლებელი არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აღნიშნული შენობა განვადებით მიიღო.
კორუფციის მკვლევარები შავი ფულის შესაძლო გათეთრებაზე საუბრობენ – ბესიკ დონაძე “პირველებს” ეუბნება, რომ წარმოუდგენელია, კომპანიას ოფისი წინასწარი შენატანის გარეშე ააშენებინო.
,,ქართული ოცნების, თეთრ ფერად შეღებილი ოფისი არის ფულის გათეთრებით აშენებული ოფისი. წარმოიდგინეთ, რომ კომპანიას ააშენებინებს ოფისი ყოველგვარი წინასწარი შენატანების გარეშე. 2023 წლის დეკლარაციაში არ აქვს “ქართულ ოცნებას” მითითებული, რომ აშენებეს ოფისს, ან რამე თანხა გადაიხადა მშენებლობისთვის. პირიქით, 2023 დახურეს ისე, რომ 11 მილიონი ლარი ჰქონდათ ანგარიშზე.
ანუ, კომპანიამ აუშენა მისი თანხებით შენობა ნაგებობა, ეხლა მრავალწლიანი განვადებით მისცა, რომ ქართულმა ოცნებამ ფული გადაიხადოს, აქ ცალსახად იკვეთება საეჭვო კორუფციული გარიგება”- აცხადებს დონაძე.
კომენტარები