საარჩევნო ვნებათაღელვა კორონავირუსის პანდემიას აღარ ემორჩილება. სავარაუდოდ, 2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარებამ ჩაილურის წყალი დალია. რეალობა ასეთია: ან ცივილურ კალაპოტში დაბრუნდება პროცესები, ანდაც მმართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გაიმეორებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების აფიორას და ოპოზიცია ხავერდოვან გადატრიალებას მოაწყობს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დადგომით, თანაც – მშიერი ხალხის დახმარებით.
მეტიც, „ოცნება“ მახეშია, რომელიც თავის თავს თავადვე დაუგო ,,ბავშვური თამაშებით“ პოლიტიკაში. თუმცა „კონსტიტუციურ მახეზე“ ბოლოში, მანამდე მივყვეთ მოვლენათა ანალიზის ჯაჭვს, რომელიც მმართველებისა და ოპოზიციონერების ნამდვილ ზრახვებზე გადის.
8 მარტის შეთანხმება – „ქართული ოცნების“ ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტი
მაშ ასე, დავიწყოთ 8 მარტის მთავარი შეთანხმებით, რომლის შეუსრულებლობის ბრალდებას ხელისუფლებას მარტო ოპოზიცია აღარ უყენებს. ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს არ ათავისუფლებს და ამით შეთანხმებას არ ასრულებს, უკვე შეუერთდა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპარლამენტარი ქრისტიან გელერი.
დასავლელმა პოლიტიკოსებმა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ პირველად გააჟღერეს სიტყვა „პოლიტპატიმარი“ და ამით დაადასტურეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით შემდგარი შეთანხმების დროს, ნამდვილად იყო საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
საპასუხოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და სასამართლო გადაწყვეტილებებზე ზეწოლა დაუშვებელია.
„ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია“, – დაწერა გუშინ ევროპარლამენტარმა გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა მაიკლ გელერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, – ეს უკვე ევროპალამენტარ გელერამდე, 12 მაისს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა დაწერა ,,ტვიტერზე“.
როგორ აღიქვამს შეთანხმების დარღვევას საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელმაც მრავალი ასეული მილიონი ევრო თუ დოლარი უნდა გადმორიცხოს ქვეყნის ეკონომიკის „ფეხზე წამოსაყენებლად“ – კორონავირუსის პანდემიის შემდგომ, ამ განცხადებებით უკვე გასაგები ხდება.
ლაკმუსის ტესტი კი იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია შესაძლოა, დასავლური სანქციების სამიზნე გახდეს და დაპირებული მილიონებიც ვეღარ მიიღოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულ კანონ-პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კიდევ ერთი კონგრესმენი, რობ ბიშოპი შეუერთდა. ის რიგით მე-9 კონგრესმენია, რომელიც ამ კანონ-პროექტს მიემხრო.
სანქციების შესახებ კანონ-პროექტი რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინის მიერ არის ინიცირებული.
მალინმა 16 იანვარს ღია წერილიც გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისამართით… წერილში საუბარი იყო საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების „განგრძობადი გადახვევის“ ტენდენციაზე, ასევე ბიზნესგარემოს გაუარესებაზე, ევროპული და ამერიკული ინტერესების შევიწროებაზე. შემდეგ იყო კიდევ სხვა კონგრესმენის წერილი, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ აშშ ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას, რადგან „საქართველო ამერიკის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა“.
როგორც საზოგადოებას ახსოვს, დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ პრემიერ გახარიას მისამართით გამოგზავნილი სხვა მრავალი, იგივე შინაარსის წერილების კასკადის შემდეგ, პოლიტიკურად „ცივი თებერვალი“ 8 მარტს – ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებით დასრულდა.
დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას კორონავირისის პანდემიის მწვავე პრობლემა უდგას, რადგან თითოეული მათგანი ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის რისკის წინაშე დგას ყოველწუთიერად, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების „დალაგებისთვის“ საერთაშორისო პარტნიორებმა მაინც მოიცალეს.
ეს ხდება იმ ფონზე, როცა ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებას ეგონა, პანდემია დასავლეთის ყურადღებას მოადუნებდა და მორიგი აფიორა დაგეგმეს.
ასეა თუ ისე, ფაქტია, დასავლეთში მოიცალეს და ივანიშვილის ხელისუფლებას წითელი ბარათიც აჩვენეს. საამისოდ, მიზეზი ნამდვილად არსებობს, რადგან ახლა პანდემიის პარალელურად, საქართველო გადის ბეწვის ხიდზე – ან პროპორციულთან მიახლოებულ არჩევნებს ჩაატარებს, ანდაც ეს არჩევნები ძველი წესით ჩატარდება და ქვეყანაში მივიღებთ მშიერი ხალხის ხავერდოვან რევოლუციას, რომელსაც ოპოზიცია უხელმძღვანელებს. საქმე კი, აუცილებლად მივა რიგგარეშე არჩევნებამდე, რომელიც „ოცნებას“ ნამდვილად არ უნდა აწყობდეს. და აი, რატომ…
რა უნდა „ოცნებას’ და რა აწყობს ოპოზიციას? – ვის ბადეს მოჰყვება მეტი თევზი?
ხელისუფლება-ოპოზიციის შეთანხმება 120/30-ზე სისტემით არჩევნების ჩატარების თაობაზე (120 პროპორციული სიით გასული დეპუტატი და 30 მაჟორიტარი), რეალურად არც მმართველ ძალას აწყობს, რადგან ხმებს ვერ აგროვებს არათუ კონსტიტუციური, არამედ უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად და ასევე არ აწყობს ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც არჩევნებში კონკურენტები გაუჩნდებიან სხვა, ნულოვანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობის მქონე პარტიების სახით. შესაბამისად კი, სასურველ შედეგს ვერც ისინი მიიღებენ, როგორც მსხვილი ოპოზიციური ძალები.
მით უმეტეს, ამ მოცემულობაში ისინი ვერ შეცვლიან ხელისუფლებას.
ბრძოლა კი, რეალურად, ხელისუფლების შეცვლისთვის მიდის და რისი მიმანიშნებელიცაა მეზობელ სახელმწიფოში, უკრაინაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა. მის საქმიანობაზე დიდად იქნება დამოკიდებული, რომელ ოპოზიციურ ძალაზე გაკეთდება გათვლა დასავლეთიდან, „ამერიკის მომავლისთვის მნიშვნელოვან ქვეყანაში“ – გაზრდილი რუსული გავლენების საპირწონედ.
დავუბრუნდეთ ქართულ არჩევნებს – პროპორციულთან მიახლოებული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შანსი სწორედ შედარებით ნაკლები მხარდაჭერისა და მცირე ფინანსური შესაძლებლობების მქონე პოლიტიკურ ძალებს უჩნდებათ, რომ პარლამენტში მოხვდნენ.
მრავალფეროვანი პარლამენტით სარგებლობს ამომრჩეველი, ხოლო მსხვილი პოლიტიკური ძალები კარგავენ მანდატების რაოდენობას.
აქედან დასკვნა, რომ თუ ვინმეს აწყობს დღეს „ოცნების“ გაჯიუტება პოლიტპატიმრების თემაზე, ეს სწორედ ის მსხვილი პოლიტიკური ძალებია, რომელთა რიგებშიც მოიაზრებიან იგივე პოლიტპატიმრები. მღვრიე წყალში მეტ თევზს მეტი მეთევზის პატრონი იჭერს.
ქართული პოლიტიკის ცნობილი კასტელების ომი თუ რიგგარეშე არჩევნებამდე მივა, ამით მოქმედი მმართველი ძალა ნამდვილად ვერ ისარგებლებს, „ბავშვური თამაშებით“ პოლიტიკაში გზას მმართველობისკენ კი, ნამდვილად გაუხსნის კონკურენტ კასტელს. პრემიერ გიორგი გახარიას დაანონსებულ შემოდგომაზე. ამავე შემოდგომაზე მეტ თევზსაც სწორედ სწორად მოთამაშე პოლიტიკური ძალა დაიჭერს…
ვიდრე ხელისუფლება-ოპოზიციის ფარულ ზრახვებზე უფრო არგუმენტირებულად ვისაუბრებთ, მანამდე ვნახოთ, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე.
როგორც ცნობილია, ორივე ოპოზიციური პარტიაში მკაცრად აფიქსირებენ, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათი ლიდერები კი აცხადებენ, რომ „ოცნებას“ ამ ორი პოლიტიკური ძალის გარეშეც ჰყოფნის ხმები და შეუძლია, მიიღოს ცვლილებები.
როგორ გამოიყურება დღევანდელი პარლამენტი და რომელი ფრაქციის მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ?
უშუალოდ ფრაქცია ქართული ოცნება – 58 დეპუტატისგან შედგება, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ქართული ოცნება მრეწველები – 6 დეპუტატი, ქართული ოცნება – მწვანეები – 6, ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის – 6, ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა – 10, ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის – 6. სულ 92 დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის „ქართულ ოცნებას“ სჭირდება უმრავლესობის ¾, ანუ 113 ხმა, რომელიც ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გამო, მას დღეს აღარ აქვს. იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს, „ოცნებას“ სჭირდება ხმების მობილიზება პარლამენტში და უკვე იცის, რომელი ოპოზიციური ფრაქციების ხმებს ვერ მიიღებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.
აქვე დავაკონკრეტებ იმ ფრაქციებსაც, რომლებიც „ევროპული საქართველოს ლიდერის“, გიგი უგულავას, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუასა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გაშვების გარეშე,, „ოცნება“ მათ ხმებს ვერ მიიღებს.
ეს ფრაქციებია: ევროპული საქართველო – 6 დეპუტატით, ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 7-ით, ევროპული საქართველო რეგიონები – 6-ითა და ნაციონალური მოძრაობა – 7 პარლამენტარით.
ანუ „ოცნება“ 26 ხმას ვერ მიიღებს და ამავდროულად, ჰყავს თავისი 92 დეპუტატი, საკმაოდ ჭრელი პოლიტიკური გემოვნებითა თუ მისწრაფებებით. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი, მას სჭირდება 113 ხმა და პარლამენტში ლავირებისთვის რჩება 31 დეპუტატი, რომელთა მხარდაჭერის შემთხვევაში, „ოცნება“ მარტივად შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.
ამ 31 დეპუტატიდან 7-ის ხმა მმართველ პარტიას გარანტირებული აქვს, რადგან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ისინი 120/30-ზე სისტემით არჩევნების ჩატარებას მხარს დაუჭერენ. შესაბამისად, „საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად – ოცნებას“ 99 ხმა უგროვდება, თავისი 92 დეპუტატის დამატებით.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა უკვე დააფიქსირეს ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებში“, მათი 6 ხმაც „ოცნების“ „ყულაბაშია“ და ესეც 105 ხმა.
სხვათაშორის, ამ ფრაქციის წევრმა გედევან ფოფხაძემ „2020NEWS“-თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან და ამ თამაშში აყოლას არ აპირებს, ამიტომ ცვლილებებს ხმას მისცემს.
საჭირო 113 ხმიდან მოსაგროვებელი დარჩა 8 ხმა, რომლიდანაც ერთი „ოცნების“ ყოფილ დეპუტატზე, ეკა ბესელიაზე მოდის და მან ღიად დააფიქსირა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციასთან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემს.
„ვუთანაგრძნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეებში არიან, მაგრამ ვრჩები ერთგული 8 მარტის შეთანხმების… რა სჯობს, შეთანხმების რაღაც ნაწილი შევასრულებინოთ ხელისუფლებას და შევაცვლევინოთ საარჩევნო სისტემა, თუ ის ადამიანები უფრო დიდი ხნით დავტოვოთ ციხეში? არ გამოვრიცხავ, რომ ოცნებამ თავად ჩააგდოს ცვლილებები “, – ეს განცხადება ეკა ბესელიამ უკვე მოგვიანებით, სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა.
აქვე ვიტყვი, რომ 113 ხმამდე სულ რაღაც 7 ხმა აშორებს „ოცნებას“, რომელიც ასევე თავისუფლად შეუძლია მოაგროვოს მისი წიაღიდან გასული დეპუტატების ხარჯზე. სავარუდოდ, ზვიად ძიძიგურის „კონსერვატორებისა“ და თამარ ჩუგოშვილის პროდასავლური ფრთის წყალობით, წესით, 113-მდე უნდა ავიდეს.
მოკლედ, ბესელიას ხმის ჩათვლით, ამ ეტაპზე ოცნებას გარანტირებული 106 ხმა აქვს, თუ მისი საპარლამენტო უმრავლესობა მყარია. თუმცა, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დღეს უკვე ჩავარდნილი ამ ცვლილებებისა და მაჟორიტართა ე.წ ამბოხის ისტორიას თუ გავიხსენებთ, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მაჟორიტარები ისევ პარლამენტში არიან, ზოგიერთი მისივე განცხადებით – „ბუნებით მაჟორიტარია“, დეპუტატობა კვლავ უნდა და არც ამ პარტიის „მარჩენალი“ ბიძინა ივანიშვილი წასულა სადმე.
ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო და შიგნით დიდი ქაოსია. მოქმედი მაჟორიტარები სამაჟორიტარო წილებს ითხოვენ – საარჩევნო მხარდაჭერის სანაცვლოდ.
ადვილი წარმოსადგენია, რომ ძველი, ანუ მოქმედი სისტემით არჩეული 73 რეგიონალური ფეოდალის მადას ახალი სისტემის 30 მაჟორიტარული ადგილი უბრალოდ ვერ გასწვდება.
ყველას სადღაც დასაქმება და მათი ბიზნესების გაძლიერებაც ადვილი საქმე არაა. ნდობის მომენტია, ბიზნესის გარანტიას მაჟორიტარობით იღებენ ისეთ კლანურ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა.
გარდა ამისა, საპარლამენტო სიებში მოხვედრაც ადვილი საქმე არაა, მით უმეტეს „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს უკვე გაცხადებული აქვს, რომ სიის პირველ 20-ულს თავად დააკომპლექტებს. სხვათაშორის, ეს განცხადება მან პარტიაში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებამდე ერთი კვირით ადრე განაცხადა და ერთ კვირაში, ყველასთვის მოულოდნელად, ამავე მაჟორიტარების წყალობით, ცვლილებები ჩავარდა.
მაშინ, ნოემბერში, ამ ამბის გამო, „ოცნებელების“ ნაწილმა პარტია დატოვა, ნაწილმა კი თანამდებობები დაიმსახურა. მაგალითად ამ ამბების თავმა, მცხეთის ფეოდალმა, მანამდე რიგითმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სავარძელი მიიღო, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო, საერთოდ პოლიტიკიდან წასული, ამ კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ნაცვლად.
ივანიშვილის განაცხადი საპარლამენტო სიის ოცეულის დაკომპლექტების თაობაზე ძალაშია, დასაკმაყოფილებელი ბევრი მომხრეა და ახალი სახეებია პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსაყვანი, ამ ამოცანის შესრულება ადვილი არაა, რადგან „ოცნება“ ელექტორალურად ისეთივე მყარი აღარაა, როგორიც იყო. შესაბამისად, ყველას დასაკმაყოფილებელი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების იმედი მმართველ პარტიაში არ არის, მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა აკეთოს განცხადება პარლამენტის ექსსპიკერმა ირაკლი კობახიძემ, რომ 2020 წლის არჩევნებში პარტია ხმების 60%-ზე მეტს მიიღებს.
თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს დავუჯერებთ, როცა მმართველ პარტიაში საკუთარი შანსები კარგად შეაფასეს, მიხვდნენ, რომ 120/30-ზე სისტემა საერთოდ არ აწყობთ, რადგან მომხრეებს კარგავენ, 30 მაჟორიტარი რომც გაიყვანონ, პროპორციულ ნაწილში უბრალო უმრავლესობისთვის საკმარის ხმებსაც ვერ აგროვებენ. ამიტომაც დაიგეგმა „აფიორა-2“.
თანაც, ერთი შეხედვით, მსოფლიო პანდემია და საგანგებო მდგომარეობა საუკეთესო პირობებს ქმნიდა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არჩევნების ძველი – 77/73 სისტემით (77 პროპორციული სისტემით გასული დეპუტატი, 73 – მაჟორიტარი) ჩატარება შეეპარებინათ. მიტ უმეტეს, 48 ქვეყანამ არჩევნები უკვე გადადო და კორონავირუსის კატასტროფული სიჩქარით გავრცელება-გადადების ფონზე, ქვეყნების საარჩევნო პრობლემები არავის უკვირს.
თუმცა, საერთაშორისო მეგობრობასთან როგორ გაჭრა ამ „ოცნების“ ამ ტაქტიკამ, უკვე ვნახეთ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორი მძაფრი იყო ის ჩვენთან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის კარის საარჩევნო თამაშები ამით არ სრულდება.
ამ კარზე ისევ თამაშობენ წინა ლიგის მაჟორიტარები: მცხეთის ფეოდალი და წინა ცვლილებების მთავარი „ჩამგდები“ – დიმიტრი ხუნდაძე, არც მეტი და არც ნაკლები, მისივე განცხადებით – „ბუნებით მაჟორიტარი“ – კახა ოქრიაშვილი, „ისევ ხაშურის მაჟორიტარობა“ რომ უნდა და „პარტიას უკვე უთხრა“ – ის ვალერი გელაშვილი, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციით მუდმივად გაკვირვებული დაჩი ბერაია და ძმანი მათნი…
მახე, რომელზეც არ ოცნებობენ – ანუ პანდემიიდან რიგგარეშე არჩევნებამდე!
მაჟორიტართა გუნდის მთავარი მოთხოვნა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტში გარანტირებული სადეპუტატო სავარძლებია – ან სიით, ანდაც მაჟორიტარის კვოტით. ჰოდა, ახლა ძალიან საჭირო ხმების მეპატრონეები რა პოზიციას დაიკავებენ, 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად – კენჭისყრაზე გასატან საარჩევნო ცვლილებების მიღების დროს, გერმანელი ევროპალმენტარის, მაიკლ გელერის თქმისა არ იყოს, ნამდვილად იქნება ლაკმუსის ქაღალდი, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე მმართველი პარტიის რეალური ზრახვების გამოსააშკარავებლად.
ევროპარლამენტარ გელერის მოსაზრებასთან სრულ თანხმობაშია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა კაციტაძის არგუმენტები ივანიშვილის მაჟორიტარ ფეოდალებთან დაკავშირებით.
კაციტაძე “2020NEWS“-თან ექსკლუზიურად საუბრობს იმ მახეზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ არაკვალიფიციური და ბავშვური თამაშებით თავის თავს თავადვე დაუგო და იქიდან თავის დაძვრენა მარტივი აღარ იქნება.
მამუკა კაციტაძე: „მმართველი პარტიას დღევანდელი შემადგენლობით – 92 დეპუტატით, არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ევროპული საქართველოს“ ხმები არ სჭირდება – საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა ¾-ის მოსაგროვებლად. ამ ორი ოპოზიციური პარტიის ხმები რჩება, უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციონირებად, ხმების მითვლის თვალსაზრისით, ისინი პრობლემას ვერ ქმნიან.
-120/30-ზე სისტემა რატომ უნდა აწყობდეს „ბუნებით მაჟორიტარ“ „ოცნების“ წარმომადგენელს, რომელსაც ისევ უნდა მაჟორიტარობა მომავალ პარლამენტში და ფინანსებითაც „ამარაგებს“ მმართველ პარტიას?
– თუ „ქართული ოცნების“ რიგებში დღეს კიდევ მყოფი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც არ აწყობთ მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება, დადგებიან სხვა პოზიციაზე, ის, რაც თავის დროზე გააკეთეს ხუნდაძემ, ბერაიმ, ოქრიაშვილმა და სხვებმა, მაშინ ეს მაჟორიტართა პოზიცია კი არა, არამედ მორიგი, ხელოვნური განხეთქილებაა „ქართულ ოცნებაში“, რაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ კეთდება.
ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც გაივლის მმართველ პარტიაზე ერთმნიშვნელოვნად, თუ ისინი, როგორც მინიმუმ, 92 მანდატს არ დადებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილების სასარგებლოდ.
რას მოიმოქმედებენ დამოუკიდებელი დეპუტატები და „პატრიოტთა ალიანსი“ ჩემთვის უცნობია, მაგრამ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის 92 დეპუტატი, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ. თუ ამათი შემადგენლობა გაიბზარა და თუნდაც 5 კაცმა არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ ეს უკვე კეთდება „ქართული ოცნების“ კარნახით და არავითარ შემთხვევაში არაა რომელიმე მაჟორიტარის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, მე ასეთ კვალიფიკაციას ვაძლევ ამ მომენტს.
– ანუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ აფიორას გაიმეორებს?
– კი ბატონო, თუ გაიმეორებს, მასზე იქნება პოლიტიკური პასუხისმგელობა და რა ფასს გადაიხდის მერე ამაში, ვითარება დაგვანახვებს.
– არსებობს ვერსია, რომ არათუ „ოცნებას“ არამედ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ აწყობს 120/30-ზე სისტემით არჩევნების ჩატარება. პირიქით, მათ ინტერესებშია, საარჩევნო სიტუაცია გადაიზარდოს ქუჩის მღელვარებაში. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ უკლებლივ ყველა დეპუტატი ერთ პოზიციაზე იქნება, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილება მაინც განხორციელდება იმ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების ხმების მეშვეობით, რომლებიც არც „ნაცმოძრაობას“ და არც „ევროპულ საქართველოს“ მიეკუთვნებიან.
– და თუ ასე არ იქნება, ქვეყანა რევოლუციურ პროცესებში ეხვევა?
– მოდით, მე არ გავასწრებ მოვლენებს და რევოლუციურ სცენარებს არ შევაფასებ, თუმცა, აქ არის ერთი მომენტი, კენჭისყრა ხომ ჩატარდება და ის ფარული არაა? მაშინვე ცნობილი გახდება, ვინ დაუჭირა მხარი ცვლილებებს. ამ შემთხვევაში, პირველი საყურადღებო ჩემთვის იქნება ის 92 დეპუტატი. თუ „ოცნების“ 92 დეპუტატი იქნება ერთსულოვანი, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.
ესაა მთავარი, მაგრამ კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ყველას ავიწყდება.
1.დღეს კონსტიტუციაში მოქმედი ნორმა ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 77/73-ზე სისტემით და ყველა შემდგომი არჩევნები, თუნდაც რიგგარეშე კი – უკვე სრულად პროპორციული სისტემით.
2.ახალი საკონსტიტუციო პროექტი, რომელსაც ახლა უნდა ეყაროს კენჭი, ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე სისტემით, მაგრამ ყველა შემდგომი არჩევნები, მათ შორის რიგგარეშეც, რაც 2024 წლამდე ჩატარდება, ისევ ამ შერეული სისტემით – 120/30 – ჩატარდება.
ამიტომ „ქართულ ოცნებას“, გარდა იმისა, რომ აწყობს 77/73 მოცემულობის შენარჩუნება, არ აწყობს ის, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით!
თუ კონსტიტუციის ახლანდელი ნორმა დარჩა ძალაში, წარმოიდგინეთ, რომ 2020 წლის შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს არ ჩატარდება.
ის იქნება გაცილებით უფრო მალე, ყველანაირი პოლიტიკური პროცესი აქეთკენ წარიმართება და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, როგორც მოცემულობა, თანაც მთლიანად პროპორციული სისტემით. ეს მათთვის მეორე თავის ტკივილია.
ახლა საკითხი დგას ასე – დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ, ანუ შეინარჩუნონ 77/73-ზე და მერე სერიოზული პრობლემა გაიჩინოს – შესაძლო რიგგარეშე არჩევნების სახით, თუ დღესვე 120/30-ით ჩაატაროს ეს არჩევნები და შესაბამისად, გადაავადოს სხვა სისტემით არჩევნების ჩატარება, თუნდაც რიგგარეშედ ჩატარებული არჩევნების პირობებში.
ეს თემა უაღრესად საყურადღებო და სერიოზული თავისტკივილია ივანიშვილისთვის.
– ანუ გამოდის, რომ თუ ამ ეტაპზე ხელისუფლება არ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, უფრო დიდ მახეში გაყოფს თავს სამომავლოდ?
– აუცილებლად. მეტიც, შემიძლია ვთქვა, თუ ჩავარდა ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ახლაა ინიცირებული, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები. შეიძლება ის იყოს 6 თვეში, შეიძლება – ერთ წელიწადში, მაგრამ 2024 წლამდე ეს სიტუაცია არ გადაიდება და დღეს მოქმედი კონსტიტუციური ნორმის თანახმად, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით.
ეს კი გაცილებით დიდი თავისტკივილია „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე 120/30-ზე სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
– თუნდაც იმიტომ, რომ „ოცნება“ 120/30 სისტემით – მაჟორიტარების სახით, ერთი შეხედვით, გარანტირებულ 30 დეპუტატს სრულად პროპორციული არჩევნების პირობებში ბუნებრივად ვეღარ მიიღებს.
– სრულად პროპორციულ სისტემაში ხმების 50%-ზე მეტი მაინც უნდა მოაგროვოს, რიგგარეშე არჩევნებზე კი ეს გამორიცხულია იმიტომ, რომ ელემენტარულად, ქვეყანაში პროცესები განვითარდეს რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად და მმართველმა პარტიამ მეოთხეჯერ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღოს, ფანტასტიკის სფეროა.
40 დეპუტატი არის ის მაქსიმუმი, რის აკრეფასაც შეძლებენ. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ თუ ჰგონია, 77/73-ზე სისტემის შენარჩუნებით ფონს გავა, ეს იქნება, მერამდენე უკვე – ამერია, მაგრამ მათი მორიგი და სერიოზული შეცდომა. ამ ყველაფერს იწვევს ის, როცა გაკლია კომპეტენცია პოლიტიკურ საკითხებში და დღევანდელი დღით ცხოვრობ.
ეს ყველაფერი გამოიწვია 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამემ“, შემდეგ 24 ივნისს გაცხადებულმა პირობამ, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებდნენ, შემდეგ კი ამ არჩევნებისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ და სიტყვის უკან წაღებამ – ე.წ. მაჟორიტარების ბუნტით, მერე საერთაშორისო საზოგადოების განწყობების შეცვლის შემდეგ თემის კვლავ უკან დატრიალებამ და ამგვარმა საბავშვო თამაშებმა. ყველაფერს პროფესიონალიზმია საჭირო, რაც საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ ვიღაცისთვის, „ქართულ ოცნებას“ არ აღმოაჩნდა.“
ასეთია პოლიტიკოსების ღიად გაცხადებული მოსაზრებები მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. უფრო უკეთესად, რომ გავშიფროთ, რა მახეზეა საუბარი, გეტყვით, თუ „ქართული ოცნება“ უბრალო უმრავლესობას ვერ მოაგროვებს და მასთან რადიკალურ ოპოზიციაში მყოფი ძალები დიდი რაოდენობით შევლენ 2020 წლის პარლამენტში, შეიქმნება სამთავრობო კრიზისი.
„ოცნება“ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ მოახერხებს, რადგან ამისთვის სატელიტი ოპოზიციური პარტიების ხმები თუ ასეთები შევლენ ახალი მოწვევის პარლამენტში და რომელთა შეყვანასაც აუცილებლად შეეცდებიან, შესაძლოა არ ეყოს. სამთავრობო კრიზისი კი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის დათხოვნა მოხდება და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უკვე სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
აი მაშინ კი, როგორც კაციტაძე ამბობს, უკვე ფანტასტიკის სფეროა, მეოთხეჯერ მმართველმა პარტიამ არჩევნებში საჭირო ხმები მოაგროვოს და უბრალო უმრავლესობით მაინც იყოს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი.
ამ სცენარზე ღიად აქვს გაცხადებული მთავარ პოლიტპატიმარს, გიგი უგულავას და ის მალევე ციხეში შეაბრუნეს კიდეც. სწორედ ამიტომაა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მუდმივად და ხაზგასმით რომ ცდილობს, დაგვაჯეროს, 2020 წლის არჩევნებში მმართველი პარტია 60%-ს აიღებს. ზუსტად რიგგარეშე არჩევნებისთვის ფარული ომის ნაწილი იყო ისიც, როცა, მთავარი ოპოზიციური პარტიები დანარჩენი ოპოზიციისგან დაჟინებით მოითხოვდნენ, წინასწარ დაედოთ პირობა, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის „ოცნებასთან“ არავითარ შემთხვევაში ითანამშრომლებდნენ, არცერთ საკითხზე.
მოკლედ ესაა ის მახე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური თამაშები თავის თავს დაუგო და ესაა სააკაშვილის ფარული ომი – რიგგარეშე არჩევნებისთვის. შედეგებს შემოდგომაზე დავითვლით. წერტილი.
2020ნიუსი
კომენტარები