მწერალი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,- თეთრი თხილი რომ არის, ხომ იცით, აი, გუშინ ეგ ვჭამე, – მითხრა ბოტასების გამყიდველმა.
ამ დროს მე ჩემი პრობლემა მქონდა, 42 ზომა ფეხიდან მძვრებოდა, 41 კი მიჭერდა. ოფლი მდიოდა.
– ვა… – გავიკვირვე მე, მაღაზიიდან თავი გავყავი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
– ეხლა ნახე რაშია საქმე, შიგნით ჭიები ვიპოვე.
– თხილში?
– ჰო, პატარა ჭიები იყვნენ. გადავყარე და ჭამა გავაგრძელე.
– ეტყობა ძვირი გქონდა მიცემული, – გახუმრება ვცადე, თასმები ძალიან მოვიჭირე, მაგრამ 42 მაინც მძვრებოდა.
– მთელი პარკი ვჭამე… ბოლოსკენ თეთრი ჭიები ვიპოვე, ძალიან პატარები.
ისევ 41 ჩავიცვი და თასმები ძალიან მოვუშვი.
– დღეს დილით თავი ამტკივდა, ჭკვიანი კაცი ჩანხარ, რამე ხომ არ დამემართება?
– მუცელი არ გტკივა? – ვკითხე მე.
– არა, მუცელი არა, თავი მტკივა.
– მუცელი უნდა აგტკივებოდა, თავი არაფერ შუაშია.
– თავი არ არის შუაში?
– რაღაც კუთხით თავი უფრო შუაშია…
– იცი, რა ვიფიქრე?
– რა?
– მე ვფიქრობ, ეგ ჭია პირიდან თავში ამიძვრა და ამ წუთას იქ დაძვრება, – არ ხუმრობდა, ახლა ოფლი მას ასხამდა, – ხახიდან წავიდა ზემოთ, ღამე მიძვრებოდა და ახლა ჩემს თავში ცხოვრობს.
რაღაც უნდა მეღონა და სასწრაფოდ 41 ვიყიდე. ამ წერილს რომ ვწერ, ფეხზე მაცვია და ძალიან მიჭერს. ნინომ მითხრა, ბოტასებში წყალი ჩაასხი და საყინულეში შეინახეო.”
კომენტარები