ვიცით ქართველებმა გაჭირვების ჟამს ფულის კეთება და ამ ნიჭს ვერავინ წაგვართმევს. ანუ, ფულის კეთებას მაშინ ვიწყებთ, როცა ქვეყანას უჭირს და წესით, მაქსიმუმს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო, სადაც ვცხოვრობთ, ამ მდგომარეობიდან მალე გამოვიდეს და ყველამ ამოისუნთქოს, თუმცა არა – ზოგადად, ყოველთვის ისე გამოდის, რომ ერთეულებმა უნდა ამოისუნთქონ. საგანგებო მდგომარეობის ეტაპობრივად მოხსნის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ვგულისხმობთ. ანუ, 11 მაისიდან იხსნება ყველა ქალაქი, გარდა რუსთავისა და მარნეულისა. რუსთავი იხსნება 14 მაისს, მარნეული – 18-ში. ავტომატურად, იზოლაციაში რჩება რუსთავზე მიბმული გარდაბნის მუნიციპალიტეტი. რატომ?!
დავიწყოთ იმით, რომ გარდაბნიდან თბილისში მოსახვედრად აუცილებელია რუსთავის გავლა, სხვა შემთხვევაში არის შემოვლითი გზა, რომელიც გადის ალგეთის პოლიგონზე, შემდეგ ჩადიხარ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, იქიდან საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, იქიდან საგარეჯოში, საგარეჯოდან – თბილისში. ანუ, დაახლოებით ოთხი საათის გზაა. ეგ ერთი მხარე და მეორე მხარე უკან კიდევ 4 საათი. თუ სასწაული არ ხდება, ამ გზას არავინ გაივლის, მითუმეტეს მაშინ, როცა ალგეთის პოლიგონის მიმართულებით ზუსტად ისეთი გზაა, როგორც პოლიგონს შეესაბამება და თუ მაღალი გამავლობის ავტომობილი არ გყავს, მსუბუქ მანქანას უბრალოდ ნაწილებად დაშლი და ადგილზე დატოვებ. ჰო, გარდაბნიდან აზერბაიჯანშიც შეიძლება გადასვლა, მაგრამ მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარი დაკეტილია.
ახლა მარნეული ვნახოთ – მარნეულიდან შესაძლებელია თეთრიწყაროში წასვლა, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვერ გახვალ ქალაქიდან და რომც გახვიდე, თეთრიწყაროა დაკეტილი, იგივე ითქმის ბოლნისზე და რჩება კუმისი-თელეთის გავლით, ფონიჭალაში ჩამოსვლა და შემდეგ ან დედაქალაქში წასვლა, ანაც რუსთავში. მაგრამ ნურას უკაცრავად, მარნეულთათვის გასვლა არ შეიძლება და ეს გზაც ჩაკეტილია. ჰო, იმავე მარნეულიდან შესაძლებელია აზერბაიჯანში გადასვლა, რაც ასევე აკრძალულია.
„ეს ყველაფერი მარტივი მიზეზის გამო ხდება. რუსთავს და დედაქალაქს ძირითადად (დაახლოებით 70%) სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ამარაგებს გარდაბანი და მარნეული. საუბარი ძირითადად მწვანილზე გვაქვს, თორემ კიტრი და პომიდორი კახეთიდან მოდის, ვაშლი – შიდა ქართლიდან, აი, მწვანილის მონოპოლია კი ამ ორ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მაღაზიები სავსეა დაფასოებული მწვანილით, რომლის ფასიც 40-60 თეთრამდე მერყეობს. ამ დროს კი ორივე მუნიციპალიტეტში კონა მწვანილს ათ თეთრად იხვეწებიან და მყიდველი უბრალოდ არ არის. სწორედ ქსელურმა მაღაზიებმა უნდა ამოყიდონ თავისი პროდუქცია, რადგან შემდეგ მისი გასაღება ვეღარ მოხერხდება. ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსთავი არ გახსნეს და შესაბამისად, იზოლაციაში დატოვეს გარდაბანი და ეს არის მიზეზი იმისა, რომ დაკეტილია მარნეულიც. მითუმეტეს იმ რეალობაში, როცა იმავე რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში ვირუსის შემთხვევები თითქმის აღარ არის“, – გვეუბნება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, საადრეო ვაშლის შემოსვლის შემდეგ, ხელისუფლებამ შიდა ქართლი დაკეტოს, რადგან დღეს შემოტანილი ვაშლის ფასი 5 ლარიდან იწყება, გორელები კი ამხელა ფასს არ დაადებენ და ვიღაცას იმპორტირებული პროდუქცია უბრალოდ დაულპება. რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორიების ნაკლებად გვჯერა და ამიტომ, შევეცადეთ ფაქტებით გადაგვემოწმებინა.
როგორც გავარკვიეთ, გარდა იმისა, რომ დაკეტილ მუნიციპალიტეტებში დადიოდნენ ავტომობილები, რომლებიც მოსახლეობისგან პროდუქტს ჩალის ფასად იბარებდნენ, ხელის მოთბობას ცდილობდნენ სხვადასხვა კომპანიების დისტრიბუტორები. მაგალითად, ჩავიდა მარნეულში ლუდის, სასმელი წყლის ან ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუტორი, დაარიგა პროდუქცია და უკან ცარიელი მოდის. ის მოსახლეობისგან ყიდულობდა პროდუქტს და იმის გათვალისწინებით, რომ უკან მომავალ მანქანებს პრაქტიკულად არავინ ხსნიდა, ამ პროდუქტს უკვე დედაქალაქში აბარებდა. ეს სქემა დიდმა შემსყიდველებმა მალე გაშიფრეს და დისტრიბუტორების მანქანების ძირეული შემოწმებაც ამის შემდეგ დაიწყო. პარალელურად, მათ, ვისაც საშვი ჰქონდათ, დაიწყეს მოსახლეობისგან პროდუქციის შეძენა და საკუთარ პროდუქციასთან ერთად აბარებდნენ. ჰო, ეს ყველაფერი არ არის – მოსახლეობას ადგილზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა სხვა რამეც სჭირდებოდა და დედაქალაქიდან იმპორტირებული ხილის ეშელონები დაიძრა. მაშინ, როცა დედაქალაქში ბანანი, ციტრუსები და ვაშლი იაფი ღირდა, ქვემო ქართლში სისხლის ფასი ედო. ანუ, ისინი, ვინც პროდუქტს ყიდულობდა გარდაბანსა და მარნეულში, ხოლო სანაცვლოდ სხვა პროდუქტი ჩამოჰქონდა, ორმაგად ხეირობდა, ცალკე ქვემო ქართლის და ცალკე დედაქალაქის მომხმარებლის ხარჯზე. აბა, რა ძნელი მისახვედრია, რომ ამ კომპანიის (ძირითადად ორი შემომტანის) უკან ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ.
ის თუ გახსოვთ, ლამის მთელი საქართველოს მასშტაბით, ბაღის აღსაზრდელებზე ის პროდუქტები რომ დარიგდა, რომელიც მათ ბაღში სიარულის შემთხვევაში უნდა მიეღოთ? ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ერთი დიდი ძაღლის თავი აქაც არის დამარხული. მოგეხსენებათ, ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერს შემთხვევითი კომპანია ვერ იგებს და ამაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც ჩატარებულა. ჰოდა, ახლა, გამარჯვებული კომპანიები მშრალზე დარჩნენ, რადგან ბაღები შეჩერდა, შესაბამისად, ისინი პროდუქციას ვერ ყიდდნენ და მმართველი გუნდის ყულაბაში ოფიციალურად თუ არაოფიციალურად გადარიცხული თანხებიც ჰაერში რჩებოდა. ამიტომ, გადაწყდა, რომ პროდუქტი, რომელიც ბავშვებისთვის უნდა დაერიგებინათ, სწორედ ამ კომპანიებისგან შეეძინათ. ანუ, შესაძლოა არსებობდა (და რა თქმა უნდა არსებობდა) კომპანია, რომელიც იმავე პროდუქტს უფრო იაფად მიაწვდიდა და რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები საერთო ჯამში მილიონობით ლარს დაზოგავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და შესყიდვა მოახდინეს სწორედ მათგან, ვინც თავის დროზე ტენდერი მოიგო. ახლა გვეტყვიან, კანონიერად მოვიქეცითო, მაგრამ ერთ შესწორებას შევიტანთ – საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ შესყიდვა სხვისგან განეხორციელებინა.
ცალკე თემაა სასტუმროების ომი, ანუ ადგილები, სადაც კარანტინში გადასაყვანი პირები უნდა გადანაწილებულიყვნენ. საიდუმლო არაა, რომ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს აქვს სასტუმრო და რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხარჯზე ფულის კეთება მათაც მოუნდათ. ამიტომ, საკარანტინე ხალხზე ნამდვილი ნადირობის სეზონი იყო გამოცხადებული და მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ მწვავდებოდა, როცა კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან იყვნენ გადასაყვანი პირები სასტუმროში. მუნიციპალიტეტების დეპუტატები ამბობდნენ, რომ ისინი მათ კუთვნილ სასტუმროში უნდა გადაეყვანათ, ხოლო „რიგში“ რეალურად სხვა იდგა და მიდიოდა ზემოთ რეკვები და საქმის გარჩევები.
ასეა თუ ისე, ზუსტად ერთ კვირაში მთელი საქართველო გაიხსნება და იმის იმედად ნუ იქნებით, დაზარალებული ბიზნესი კლიენტის დასაბრუნებლად ფასებს გააიაფებს. პირიქით, ზარალის ასანაზღაურებლად ყველა და ყველაფერი გაძვირდება და ამ რეალობის წინაშეც ზუსტად ერთ კვირაში დავდგებით.
ანი დვალიშვილი
ალია №15
კომენტარები