როგორც ჩანს, ერმა კორონავირუსის პიკი გადააგორა და ვერ გეტყვით, გავივაკეთ თუ თავდაღმართში დავეშვით, მაგრამ ფაქტია – ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დაავადებულთა ოდენობას აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ციფრი მალე განულდება.
პანდემიის პიკის გადავლა მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ დამწყვდეული მოსახლეობა გამოვა ქუჩაში და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა დაუბრუნდება, არამედ იმასაც, რომ პოლიტიკური კულუარებიდან პოლიტიკოსები ავანსცენაზე გამოვლენ და საარჩევნო მზადებას შეუდგებიან. პრინციპში, შეუდგებიან, ცოტა არასწორია, რადგან შემდგარიც არიან და კულუარებში ისეთი ბრძოლებია გაჩაღებული, მუშტის მოქნევა და იარაღის ტრიალიც არავის უკვირს. ოპოზიციით დავიწყოთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს არც ფული აქვთ და არც ადამიანური რესურსი, მათ სჭირდებათ რაღაც, რაც არჩევნებს მოაგებინებს და ეს რაღაც გიგი უგულავას, გიორგი რურუას და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრებად მონათვლაა. ოპოზიციონერი ლიდერები კატეგორიულად ითხოვენ მათ გამოშვებას, წინაღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ იმ კანონპროექტს, რომელიც არჩევნების ჩატარებას 120/30 სისტემით გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება, რაც დასავლეთს გააბრაზებს. თანაც, ეს უბრალო კანონპროექტი კი არა, საკონსტიტუციო ცვლილებაა, ანუ საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის ხმები აუცილებლად სჭირდება. აი, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათანხმდება და სალომე ზურაბიშვილს ამ სამეულს შეაწყალებინებს (გამოშვების სხვა კანონიერი ბერკეტი არ არსებობს), მაშინ ოპოზიცია იტყვის, რომ მმართველმა გუნდმა უკან დაიხია და დაწყებულია ხელისუფლების გადაბარების პროცესს, რაც ამომრჩეველზე აშკარად იმოქმედებს. მედროვეები (და ასეთები უმეტესობაა) აუცილებლად დაიწყებენ დღევანდელი ოპოზიციის ლიდერებთან მისასვლელი გზების ძიებას და კოჰაბიტაციის გათვალისწინებით, ამის გაკეთება არ გაუჭირდებათ.
„ეს არის ოპოზიციის ერთადერთი ხსნა. ლიდერებმა დათვალეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 120/30 სისტემის პირობებშიც კი, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ სოლიდური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც ავტომატურად ნიშნავს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წაგებას და მინიმუმ ოთხწლიან ოპოზიციონერობას. ამიტომ, ისინი ცდილობენ დასავლეთის ხელით „ოცნება“ აიძულონ ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომლითაც ამომრჩეველზე იმოქმედებენ და მათ ფსიქოლოგიას შეცვლიან“, – გვეუბნება „მთავარი ოპოზიციური ძალის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
ოპოზიციის წისქვილზე წყალი დაასხა მიხეილ სააკაშვილის უკრაინულმა კარიერამაც. ამ დანიშვნამ მათ შესაძლებლობა მისცა ეთქვათ, რომ სისხლიანი ცხრა წელი მთლიანად „ოცნების“ მოგონილია და რეალურად, მთელი ცივილიზებული სამყარო სააკაშვილის რეფორმებსა და მის მმართველობას აღიარებს. მიშას დანიშვნას უკვე გადაყვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ძალიან დიდი ალბათობით, გადაჰყვება ელჩი, წყალი შეუდგა მინისტრს და ზოგადად, სააკაშვილის დანიშვნა მმართველი გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქ სრული ქაოსია. ჯერჯერობით, მათაც არ იციან, როგორ მივლენ არჩევნებამდე და ახლა მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ოპოზიციამ თავისი არ გაიტანოს და დასავლეთს ის ბერკეტები არ აამუშავებინოს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო 120/30 სისტემის ჩაგდების შემთხვევაში დაპირდა. ცოტა სატირულია, მაგრამ მმართველი გუნდის შიგნით არიან დეპუტატები (ანუ, არაერთი დეპუტატი), რომლებიც აცხადებენ, რომ თუ დასავლეთი მათ გააშავებს, პრობლემა არაა და ისინი საზღვარგარეთ არ ივლიან. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი და ევროპელი ელჩები, „ოცნების“ წევრებს დაპირდნენ, თუ 120/30 სისტემას არ დათანხმდებით, არათუ მინისტრები და დეპუტატები, საკრებულოს წევრებიც კი ვერ შეძლებენ ამერიკა-ევროპაში სიარულს, რადგან ისინი არასასურველ სტუმართა სიაში მოხვდებიანო. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ის დეპუტატები, ვისაც მაჟორიტარობის შანსები აქვთ, მაქსიმალურად ცდილობენ, ეს მისია თავიდან აიცილონ და გამსვლელ სიაში მოხვდნენ. ადვილი მისახვედრია, მათ თანხების დახარჯვა არ სურთ და იმის გათვალისწინებით, რომ დეპუტატებს წინასაარჩევნოდ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი (საუკეთესო შემთხვევაში) ეხარჯებათ, ოლქების გაერთიანების შემდეგ, ეს თანხა მილიონი იქნება და ასე „გაწეწვა“ არავის უნდა (ნუ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა).
„გამსვლელ სიაში მოსახვედრად დეპუტატები ერთმანეთში შიდა გარჩევებს აწყობენ, იყო შემთხვევები, როცა მოქმედმა დეპუტატებმა ერთმანეთზე ხელით გაიწიეს, იარაღით დაემუქრნენ და თქვეს, რომ უკან არაფერზე დაიხევენ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
სხვათა შორის, არაერთმა დეპუტატმა მოითხოვა უმრავლესობის სხდომის მოწვევა და საქმეების იქ გარჩევა, მაგრამ არსებული რეალობის გათვალისწინებით, სხდომის გამართვა ვერ ხერხდება. თანაც, აუცილებელია, რომ სხდომას პარტიის თავმჯდომარეც დაესწროს, ის კი სახალხოდ გამოჩენას ჯერჯერობით არ აპირებს. უკვე ცხადია, რომ დეპუტატებს მხოლოდ ლიდერების, კობახიძის, მდინარაძის, თალაკვაძის და კალაძის აღარ სჯერათ, სურთ, უშუალოდ ივანიშვილისგან მიიღონ პასუხი, ანუ ან გარანტია, ან უარი, რათა ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა იმოქმედონ მომავალში. იმავე წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, მომავალ არჩევნებზე, უმრავლესობის მოქმედი წევრები ოპოზიციურ ბანაკში აღმოჩდნენ და ამის ალბათობა ძალიან დიდია. შესაბამისად, მმართველ გუნდს ძალიან ფრთხილი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
„საუბარი აღარ არის იმაზე, ვის უფრო მეტი ფული აქვს და ვინ რამდენს გაიმეტებს არჩევნებისთვის. ფული ყველას აქვს, მთავარია გამსვლელ სიაში იხილონ თავისი გვარი და გადამხდელები არიან. ყველამ იცის, რომ ეს არჩევნები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება და ფული ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს, თუმცა ეს ის მხარეა, რომელზეც ხელისუფლება ყველაზე ნაკლებს ნერვიულობს. მათ აქვთ თანხები და იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მთელ ოპოზიციურ სპექტრს ერთად აღებული. ახლა მთავარი კანდიდატების სწორად შერჩევაა. გუნდში არც იმას მალავენ, რომ გამსვლელ სიაში რომელიმე იმ ექიმის გვარი ჩაწერონ, რომელმაც პანდემიის დროს, მოსახლეობის დიდი ნდობა მოიპოვა და რაც მთავარია, თქვან, რომ მომავალ პარლამენტში სწორედ ამ ექიმს ჩააბარებენ ჯანდაცვის კომიტეტს. არც თუ მცირე უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მედიკოსებს სრულ ნდობას უცხადებს და ის, რომ საქართველოში „იტალია არ განმეორდა“, სწორედ მათ დამსახურებად თვლის“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.
არის კიდევ მესამე ვარიანტი, რომელზეც ოპოზიცია შიშით საუბრობს. იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ მოახერხებს და „პატრიოტთა ალიანსისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების, ანუ ყოფილი თანაგუნდელების გადაბირებას მოახერხებს, შესაძლოა ნაციონალებისა და ევროპული საქართველოს ხმები აღარ დასჭირდეს. ამ თემაზე მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მათი დარწმუნება მოახერხოს. მითუმეტეს, რომ საუბარი უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას პოლიტპატიმრობაზეა, ანუ იმ სამეულის, რომლის პოლიტპატიმრობისაც არც პატრიოტთა ალიანსს სჯერა და წესით, არც დამოუკიდებელ დეპუტატებს, ანუ „ოცნების“ ყოფილ წევრებს უნდა სჯეროდეთ.
პ.ს. და ერთიც – ჯიუტად გავიმეორებთ, რომ საგანგებო სიტუაციის გაუქმების შემდეგ, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას დატოვებს და მათ ნაცვლად მუშაობას პირველი მოადგილეები გააგრძელებენ. უბრალოდ, საგანგებო სიტუაციის არსებობა კანონით არ აძლევს ხელისუფლებას მოხსნა-დანიშვნების უფლებას, თორემ გადაწყვეტილება რომ უკვე მიღებულია, ეს ყველაზე კარგად სწორედ წყალშემდგარმა მერებმა იციან.
ანი დვალიშვილი
ალია №15
კომენტარები