შეიძლებოდა თუ არა მასშტაბური ტრაგედიის თავიდან არიდება – ამ მთავარ კითხვას პასუხს სცემენ დამოუკიდებელი გეოლოგები, რომლებმაც ცოტახნის წინ საზოგადოებას ვრცელი კვლევა წარუდგინეს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის – მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე განგაშის სისტემები იქნებოდა დამონტაჟებული და შესაბამისი უწყებები შოვში მყოფ პირებს წინასწარ გააფრთხილებდნენ.
ამ მოკვლევისას მეცნიერებმა 2016 წლიდან დღემდე როგორც სეისმური, ასევე სატელიტური ჩანაწერები შეისწავლეს, სადაც მკაფიოდ ჩანდა, თუ როგორ ვითარდებოდა ადგილზე მეწყერსაშიში პროცესები.
“კვლევა ერთი წელია მიმდინარეობს, მონაცემებმა გვაჩვენა რომ 2015 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურ მონაცემს რომ შევხედოთ სტიქიის კერაში, 2023 წელი იყო გამორჩეული, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჩამოშლები, ამ წელს იყო განსაკუთრებით დიდი. ამის გარდა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიონი კუბის ჩამოშლა დაწყებულია სტიქიის აქტიური ფაზამდე 2 საათით ადრე და 3 საათზე ამ პროცესს დაემატა წყალი, რომელმაც სამწუხაროდ უზრუნველყო ამ ყველაფრის შოვამდე ჩამოტანა.” – აღნიშნა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ხაზს უსვამს იმას, რომ წინასწარი შეტყობინების არსებობის შემთხვევაში, და არა განგაშის სისტემის, შესაძლებელი იქნებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება.
“ძირითადი აქცენტები გვქონდა რა თქმა უნდა სატელიტური და სეისმური მონაცემების ანალიზზე და მოხდა ამ მონაცემების შეჯერება. დასკვნამ გაგვიმყარა აზრი რომ წინასწარი შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, და არა განგაშის სისტემის, აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. მაგრამ იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობს. იმხელა მასაა ხეობაში ჩამოტანილი, კლდის ნამსხვრევებიდან დაწყებული – ლოდები არის 200-250 ტონა, რომ აღგავა შოვის ტერიტორია,” – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
მთავარი არხი
კომენტარები