ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს ემოციური წერილით ემშვიდობება:
,,წუთისოფელი ბრძოლაა, ბრძოლა ნათელსა და ბნელს, სიკეთესა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის! ბევრჯერ გამარჯვებულს და დამაშვრალს, ადრე თუ გვიან, მაინც გიხმობს ღმერთი თავისთან.
კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა საქართველომ და სამედიცინო საზოგადოებამ.
ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. გარდა თქვენი დამსახურებული ტიტულებისა, თქვენ დაიმსახურეთ საკუთარი ხალხის ნდობა და სიყვარული. მუდამ ენერგიულს, გულანთებულს, სხვისი ჭირ-ვარამის გამზიარებელს და მკურნალს, აი ასეთს გიცნობდათ ყველა.
მე წილად მხვდა ბედნიერება, ერთად გვებრძოლა და გადაგვერჩინა ადამიანის სიცოცხლე ურთულეს პერიოდში.
ყოველთვის მხიბლავდა თქვენი ენციკლოპედიური ცოდნა და დამოკიდებულება კოლეგების მიმართ.
თქვენი სახით დავკარგე უფროსი მეგობარი და თანამებრძოლი.
დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გემშვიდობებით, ბატონო თენგიზ! თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებსა და ჩვენს ქვეყანას.
სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მებრძოლმა დიდმა ადამიანმა დაგვტოვა!”
პრიფესორ თენგიზ ცერცვაძეს დღეს, 14.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
,,ალია” სამძიმარს უცხადებს ბატონ თენგიზ ცერცვაძის ოჯახს, ახლობლებსა და იმ ადამიანების დიდ არმიას, ვისაც ამ დიდი ექიმის ძალისხმევითა და პროფესიონალიზმით, სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნდა.
კომენტარები