ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,რომელი სახელმწიფოს ჭკუათმყოფელი მთავრობა მისცემს ფულს სხვა სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მას მტრად აცხადებს ?!
დასავლეთი საქართველოს მთავრობას სტრატეგიული კომუნიკაციისთვის აძლევდა ფულს. ამ ფულით რეჟიმმა ანტიდასავლური პროპაგანდა გააჩაღა და მთავრობის ადმინისტრაცია ტროლობაში გამოჭირა მეტამ. დასავლური ფულით დასავლეთს ებრძოდა და რუსულ საქმეს აკეთებდა;
რომელი ნორმალური სახელმწიფო მისცემს ფულს იმ მთავრობას, რომელიც თავისი პროპაგანდისტული გაზეთითა თუ სხვა საშუალებებით რუსულ მითებს ავრცელებს ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ. ამ ცენტრისთვის 150 მილიონი დოლარი დახარჯა ამერიკამ და სამართავად საქართველოს მთავრობას გადასცა. კოვიდის დროს ლუგარი რომ არ გვქონოდა, არ ვიცი, სად ვიქნებოდით ახლა და ზოგადად, რამხელა საფრთხე ემუქრება ხალხს, თუ ამ ცენტრს არ შეეძლება, სრულფასოვად იმუშაოს საშიშ დაავადებათა აღმოსაჩენად;
რომელი სახელმწიფო ანდობს ფულს ჯარისთვის იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც პარტნიორს კი არა, მტერს უწოდებს;
რომელი სახელმწიფო დაეხმარება იმ ქვეყნის კორუმპირებულ მთავრობას გზების დაგებასა ან სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როცა ეს მთავრობა მის წინააღმდეგ მოქმედებს და მისი მტრების რეგიონში გასაძლიერებლად ძალებს არ იშურებს;
რომელი სახელმწიფო დაეხმარება იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც დიქტატურას ამყარებს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს მიმართავს;
რომელი ნატო და ევროკავშირი მისცემს ფულს მთავრობას, როცა ის ორივე გაერთიანებას უპირისპირდება. დააფინანსე ჩემი კორუმპირებული მთავრობა, ოღონდ მე რუსეთის მოკავშირე ვიქნები.
ცხადია, სულელი არავინაა დასავლეთში. მე ფული მოგცე და შენ ამ ფულით მე მებრძოლო ჩემს მტრებთან ერთად. ეს არ გამოვა.
ჩვენ უნდა გავიაზროთ – დასავლეთი კი არ წყვეტს დაფინანსებას, ივანიშვილი გვაკარგვინებს ამ დახმარებას, რომლის გარეშე არ ვიცი, რა ეშველება ამ ისედაც გაძვალტყავებულ ქვეყანას.
დასავლეთი რუსეთს არ დააფინანსებს. ეს კარგად უნდა გვესმოდეს, ივანიშვილის რეჟიმი კი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური და რუსულია.
ასე რომ, გაუგებარია კი არა, სრულიად გასაგებია, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არაა რთული მათი ნაბიჯების ახსნა. ივანიშვილი კლავს შანსს, რომ დასავლეთი ხალხს დაეხმაროს. როგორ გინდა ამერიკელ, ფრანგ, გერმანელ თუ დანიელ გადასახადის გადამხდელს აუხსნა, რომ რუს ოლიგარქს უნდა მისცე ფული, რომ ეს რუსი ოლიგარქი ისევ დასავლეთს დაუპირისპირდეს ამ ფულით უფრო ეფექტიანად.
ასე რომ, ოქტომბერში ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას.”
კომენტარები