სილამაზის სალონები კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი რეგულაციების მიღებას ელოდებიან.
როგორც სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამარ შარაშენიძემ იმედის დილის ეთერში განაცხადა, დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია.
მანამდე კი როგორც ცნობილია, სალონებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.
პატარა სალონებს კი, სადაც ამ დისტანციის დაცვა რთულია, შირმების დადგმა შეეძლებათ, რომელიც დეზინფექციას დაექვემდებარება.
„რაც შეეხება ერთ სივრცეში ადამიანების მიღებას, საუბარია 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მიღებაზე – თუ შირმა არ აქვთ, დადგებიან ორი მეტრის დისტანციით და მიიღებენ ერთ ადამიანს. აქ საუბარია არა კვადრატულობაზე, არამედ ერთ სივრცეზე, ერთ დარბაზზე“, – აღნიშნა თამარ შარაშენიძემ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რისი გათვალისწინებაც სალონებს მოუწევთ, დისტანციური თერმომეტრებია, თუმცა თამარ შარაშენიძის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სალონებში, სადაც 20-ზე ნაკლები თანამშრომელია, მათ თერმოსკრინინგის ვალდებულება აღარ აქვთ.
კომენტარები