დღეს შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ, რომ საერთაშორისო მოგზაურებთან მიმართებაში მიდგომები შეიცვლება. ჩვენ გვექნება ჩამონათვალი იმ მოთხოვნების, რომელი დოკუმენტების წარდგენაც და მოუწევთ საერთაშორისო მოგზაურებს, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია ერთობლივად და ეფექტურად ამოქმედდეს საქართველოს ყველა იმ წერტილსა და ლოკაციაზე, სადაც ტურიზმი აქტიური იყო, ან ახლა ვითარდებოდა.
„დღეს გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ფაქტობრივად, გადაწყვეტილებები ყველა მიმართულებით უკვე მიღებულია. შიდა უწყებებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონკრეტული დეტალების დაზუსტება და ამიტომაც არ მინდა მოვლენებს გავასწრო, თუმცა მომდევნო კვირის დასაწყისში ჩვენ მზად ვიქნებით უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ. ერთს ვიტყვი, რომ ყველა ის აქტივობა და მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, გატარდება ჩვენი ქვეყნის ყველა საზღვარზე, იქნება ის სახმელეთო თუ საჰაერო საზღვარი.
ჩვენ როგორც სახელმწიფოს გვექნება ასევე შემუშავებული პროგრამა, როგორ შევუწყოთ ხელი კერძო სექტორს, რომ ძალიან სწრაფად მიიღოს აღნიშნულ რეგულაციებზე რეაგირება და დანერგოს ის“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოდან სამოგზაუროდ წასული მოქალაქეების უკან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის საკითხსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუკი, სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, რომ მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება გატარებული.
„როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო დერეფანზე, ის მოიცავს ორ ქვეყანას შორის მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოგზაურობენ ორივე ქვეყნის მოქალაქეები და ეს ეხება საქართველოში როგორც შემომსვლელ, ასევე გამსვლელ ტურისტებს. იხვეწება ის ტექნოლოგიები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ მეორე, პარტნიორ ქვეყანასთან და თუკი, გვექნება იმის საშუალება, რომ მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება გატარებული“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კომენტარები