კი, ფული კარგია, მეტი ფული, კიდევ უფრო კარგი, მაგრამ ყოველთვის იმის კეთებით სჯობს ფულის შოვნა, რაც გიყვარს და გსიამოვნებს.
თუ შენ მხოლოდ ფულის გამო იწყებ ამ საქმეს, გაგიჭირდება ყველა დეტალის გათვალისწინება, არადა, ბაზარზე ფეხის მოკიდება კარგი გამოხმაურების, დეტალებზე ორიენტირების, კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მორგების უნარის გარეშე, გაგიჭირდება.
მოგწონს ადამიანების დახმარება? მოგწონს ადამიანების დახმარება, ისე, რომ ამ დახმარების პროცესში, თავი კომფორტულად იგრძნონ? გატაცებული ხარ მანქანებით? – მაშინ კი, მაშინ, ღირს ამ საქმეს ხელი მოკიდო და იმედი გქონდეს, რომ ერთ დღესაც გამართული ბიზნესის მფლობელი იქნები.
თუკი, წინა კითხვებს დადებითად უპასუხე, ახლა რამდენიმე მიზეზს გეტყვი,
რატომ უნდა დაიწყო ევაკუატორით მომსახურების ბიზნესი:
პირველ რიგში, ყოველდღიურად შეხება გაქვს მანქანებთან, ტარებასთან, საკითხებთან, რომლებიც მანქანას ეხება და ეს იდეალური გარემოა მანქანებით გატაცებული ადამიანებისათვის, თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, მწყერი ხეზე, მუხა მიწაში.
მანქანების რაოდენობა არ მცირდება, იზრდება, თუ სოფელში ცხოვრობ, რამდენ შენ მეზობელს ჰქონდა მანქანა და ახლა რამდენს აქვს?
მე იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი თბილისში რამდენიმე წელი, პირველ წელს მეზობლები ეზოში აყენებდნენ მანქანებს, მალევე, აღარავინ აყენებდა ეზოში მანქანას, რადგან, იმდენი მანქანა დაგროვდა, ყველა ვერ ეტეოდა და ვერ გადაწყვიტეს, ვის დაეყენებია, ვის – არა. მეზობლად ოჯახი ცხოვრობდა, ცოლი, ქმარი, 2 შვილი, რძალი – 5 ზრდასრულ ადამიანზე 4 მანქანა მიდიოდა და კაცი, მართალია, ყოველ დილით ბუზღუნებდა, რად გინდათ მანქანა, თუ საწვავის ფულს მე მთხოვთო, მაგრამ მაინც ტოვებდა სამივესთვის საწვავის თანხას ყოველ დილით.
მოკლედ, ხო, მანქანების რაოდენობა არ მცირდება, იზრდება, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა მათ მომსახურებაზეც. არ არსებობს იდეალური მანქანა, არ არსებობს იდეალური მდგომარეობა, არ არსებობს იდეალური გზა – შესაბამისად, დახმარებაც მეტს და მეტს სჭირდება.
ეს არის ბიზნესი, რომელსაც არ სჭირდება ტრენინგების კურსები, უნივერსიტეტის დიპლომი, საკმარისია უსაფრთხოების ნორმების გულდასმით და ყურადღებით შესწავლა და უკვე არსებული პროტოკოლის შენ კომპანიაზე მორგება.
რისკები:
რისკი ნებისმიერ ბიზნესს აქვს, ცხადია, ამ შემთხვევაში, მთავარი რისკი უსაფრთხოების ნორმების უგულებელჰყოფაა, თუ მანქანა დაზიანდება გადატანისას და დამტკიცდება, რომ დაზიანება შენი ბრალეულობაა – ნუღაც ეცდები სამართლებრივ ბრძოლაში გადაზარდო კონფლიქტი, რაც მეტად გაჯიუტდები, რისკი მეტად გაიზრდება, ფინანსურიც, სამართლებრივიც და რეპუტაციულიც.
12 ნაბიჯი ევაკუატორების ბიზნესის დასაწყებად
- ბიზნესის დაწყებამდე უნდა შეისწავლო ყველა იურიდიული საკითხი, იქნება ეს ლიცენზია, ნებართვა, მართვის მოწმობების კატეგორია, თუ ა.შ. რათა შემდგომში, ჯარიმის, ან სხვა სამართლებრივი პრობლემის წინაშე არ დადგე.
- დაითვალე სასტარტო თანხა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად დაგჭირდება – მთავარი ინვესტიცია, თავად ბუქსირია, მისი საყიდელი თანხა დამოკიდებულია ხარისხზე, ახალია, თუ მეორადი, მოდელზე და ა.შ. არ დაგავიწყდეს, მცირე ხარჯების დათვლაც – ნებართვა იქნება, თუ სარეკლამო თანხა, თუ საბუღალტრო ხარჯი, რომელიც შეიძლება მინიმალური იყოს, მაგრამ მისი შეყვანა ხარჯთაღრიცხვაში მაინც აუცილებელია, როგორც იცი, ზღვა კოვზით დაილია და ლარი თეთრებით.
- დაგეგმე ბიზნესის მოდელი – მკაცრად განსაზღვრე რა ტიპის მომსახურებას სთავაზობ, და რას ვერ, ან – არ. მაგალითად, ბუქსირების რა სისტემას სთავაზობ, რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურები და რა შემთხვევაში.
- ეცადე თავიდანვე განსაზღვრო, რა დამატებითი ფუნქციების შეთავაზება შეგიძლია – იქნება ეს, საწვავის მიტანა ადგილზე, საბურავების შეცვლა, დაბლოკვის მოხსნაში დახმარება და ა.შ. დამატებითი ფუნქციები შენი ბიზნესის სავიზიტო ბარათი იქნება და კონკურენტუნარიანს გაგხდის.
- შეარჩიე ბუქსირების ტიპი –სატვირთოს რამდენიმე გავრცელებული ტიპია:
ბრტყელი სატვირთო მანქანები: უკვე მიხვდებოდი, სახელიდან გამომდინარე, რომ ამ სატვირთო მანქანებს აქვთ ბრტყელი “საწოლი”, რომლის აწევა და დაწევა შესაძლებელია ჰიდრავლიკურად. ისინი იდეალურია იმ მანქანების ბუქსირებისთვის, რომლებიც ზედმეტად დაზიანებულია ან მიწაშია ჩაფლული, ასევე კარგი არჩევანია გრძელ დისტანციებზე ბუქსირებისთვის.
ინტეგრირებული სატვირთო მანქანები: ეს სატვირთო მანქანები აერთიანებს ბრტყელი სატვირთოსა და ტრადიციული ბუქსირების შესაძლებლობებს. სატვირთო მანქანები კაუჭით და ჯაჭვით. ისინი ჩვეულებრივ გამოიყენება მოკლე დისტანციებზე და არ არის რეკომენდებული ახალი მანქანებისთვის, რადგან ჯაჭვმა შეიძლება დააზიანოს მანქანა.
ბორბლიანი მტვირთავები: ამ სატვირთო მანქანებში გამოიყენება ლითონის სადგამი, რომელიც ჯდება მანქანის წინა ან უკანა ბორბლების ქვეშ და მანქანა ბორბლებზე ბუქსირდება.
ბუქსირების ტიპის არჩევისას გაითვალისწინე სერვისი, რომლის გაწევაც გსურს, ფასი სატვირთოს და ბაზარზე არსებული მოთხოვნები. არ დაგავიწყდეს გაითვალისწინო ის დამატებითი აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ მისი უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის.
6. ამის შემდეგ, დროა განსაზღვრო ბიზნესის ტიპი:
ინდივიდუალური მეწარმე
ყველაზე მარტივი ბიზნეს სუბიექტი შესაქმნელად და ოპერირებად.
უპირატესობები: მარტივი ფორმირება, ნაკლები იურიდიული დოკუმენტაცია, ნაკლები გადასახადი.
მინუსები: ინდივიდუალური მეწარმეა პირი, რომელიც თავად ასრულებს სამუშაოს, შესაბამისად, პირადად აქვს ვალდებულება ყველა დეტალზე, იქნება ეს იურიდიული საკითხი, თუ სამუშაოს შესრულება, ინდივიდუალურ მეწარმეს გაუჭირდება ინვესტორის პოვნა, პრაქტიკულად არ აქვს დასვენება, ან თუ აქვს, ეს მისი ბიზნესის გაჩერების ხარჯზე ხდება.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
უპირატესობები: წევრები არ არიან პირადად პასუხისმგებელნი რაიმე ბიზნეს დავალიანებაზე ან კომპანიის ვალდებულებებზე. შემოსავალი გადაირიცხება პერსონალურ საშემოსავლო გადასახადში, რომელიც იძლევა მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს კორპორაციასთან შედარებით. მოქნილი მართვის სტრუქტურა და გაზიარებული პასუხისმგებლობა
მინუსები: მისი ჩამოყალიბება და შენარჩუნება უფრო ძვირია, ვიდრე მაგალითად, ინდივიდუალური მეწარმის. საკუთრების გადაცემა შეიძლება იყოს შემზღუდველი.
კორპორაცია
უპირატესობები: ინვესტორებისთვის აქციების გაყიდვით მნიშვნელოვანი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა. სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაცვა განასხვავებს პირად აქტივებს ბიზნესში არსებული ნებისმიერი ფინანსური პრობლემისგან. როგორც ცალკე იურიდიულ პირს, კორპორაციას შეუძლია ფლობდეს ქონებას, დადოს ხელშეკრულებები და აწარმოოს სამართალწარმოება საკუთარი სახელით.
მინუსები: ექვემდებარება ორმაგ დაბეგვრას კორპორატიული საშემოსავლო გადასახადისა და კომპანიის დივიდენდებზე პირადი საშემოსავლო გადასახადის სახით. მისი მოვლა უფრო ძვირია.
7. შემდეგი ნაბიჯი ბიზნესის დარეგისტრირებაა.
დარეგისტრირება ბიზნესს შესძენს ლეგიტიმაციას, ეს კი სერიოზულობას სძენს ნებისმიერ საქმიანობას, აძლიერებს მომხმარებლის ნდობას, გეხმარება რეპუტაციის ჩამოყალიბებაში.
8. დაზღვევა
სახარბიელო სადაზღვევო ხელშეკრულება გადამწყვეტია ნებისმიერი კომპანიისთვის. არავინაა დაზღვეული და დამატებითი დაცვა ავარიის შემთხვევაში შეიძლება იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის. ეძებეთ კომპანია, რომელიც გარდა ავარიისა, დააზღვევს ტვირთს და ქონებას, ტვირთის დაზღვევა დაფარავს ბუქსირებული მანქანის დაზიანებას, საჭირო შემთხვევაში, ქონების დაზღვევა კი დაიცავს შენ მთავარ ინვესტიციის, სატვირთო მანქანას. კარგი დაზღვევა დაგიცავს რისკებისგან და მოგცემს მშვიდად ძილის საშუალებას.
9. ევაკუატორით მომსახურების ბიზნესის დაწყება არ გამოვა შიშველი ხელებით და ცარიელი საფულით და თუ არ გაქვს სატვირთო მანქანის საყიდელი თანხა, საუკეთესო ვარიანტია, ამ მასალის გამოყენებით შეადგინო კარგი, გამართული ბიზნეს გეგმა და შესთავაზო შენთვის სანდო ადამიანს საერთო საქმედ, ინვესტიციის ჩასადებად. თუ მაინც სესხის აღება მოგიწევს, არ იჩქარო, გაარკვიე რა ტიპის სესხია საუკეთესო შენ სიტუაციაში, გაიარე კონსულტაცია, კარგად დაითვალე ყოველთვიური ხარჯი და ისე დაგეგმე სესხით სარგებლობა.
10. თუ ყველა დეტალი გაიარე უკვე და მზად ხარ საქმიანობის დასაწყებად – არ დაგავიწყდეს, პირველ შეკვეთამდე, კიდევ ერთხელ შეამოწმო, ხომ გაქვს შეძენილი ყველა საჭირო ხელსაწყო, რომელიც დაგჭირდება უსაფრთხოებისთვის. იმის მიხედვით, რა სერვისის შეთავაზებას ფიქრობ, შესაძლო დაგჭირდეს დამატებითი საბუქსირე თასმები, „ვინჩები“, დამცავი სათვალეები, ხელთათმანები, მაღალი ხილვადობის ჟილეტები.
11. პარტნიორებისა და კლიენტების ქსელი
– ჯერ მუშაობა არ დამიწყია და აბა, რა ვიცი? – თუ გაიფიქრებ, ესე იგი, ჯერ კიდევ არ ხარ მზად ბიზნესის დასაწყებად, შენ გყავს მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებში მუშაოებენ, მეზობლები, ნაცნობები, დღეში შეიძლება ათობით ადამიანს ესალმები და ფიქრობ, რომ მათთან სალმის გარდა სხვა საერთო არ გაქვს – გამოიყენე ეს სალამიც კი. დაიწყე ბაზის შექმნა იმით, რომ თავად მოხვდი მათ ბაზაში, ეცადე კონტაქტი დაამყარო ავტო მაღაზიებთან, ავტოშეკეთების სალონებთან, თავიდან შეიძლება, პროცენტიც შესთავაზო და დააინტერესო, ან კარგი კომუნიკაციით დაამახსოვრო თავი, მთავარია, როგორღაც მათ ბაზაში მოხვდე, თან ისე და იმ ფორმით, რომ საკონტაქტო ინფორმაციას დახედავს, თუ არა, გაგიხსენოს.
12. პარტნიორი პლატფორმა, სადაც შენი ბიზნესისთვის კლიენტთა ბაზას ყველაზე სწრაფად დააგროვებ:
პარტნიორი პლატფორის შესარჩევად, ერთ კითხვას უნდა უპასუხო: – სად აქვეყნებენ განცხადებებს კონკურენტი კომპანიები? სად პოულობენ მათ მომხმარებლები? – ამ შემთხვევაში, ახალი ველოსიპედის გამოგონება საზიანოა და არაფრისმომცემი, სადაც შენ კონკურენტებს ეძებენ მომხმარებლები, სადაც მიჩვეულნი არიან ადამიანები მომსახურების ძებნას, შენც იქ უნდა განათავსო შენ ბიზნესზე ინფორმაცია და რაც მეტი კლიენტი გეყოლება ამ პლატფორმიდან, მით მეტ გამოხმაურებას მიიღებ, რაც მეტ კარგ გამოხმაურებას მიიღებ, მეტი ნდობა გექნება, მეტი ნდობა – მეტ კლიენტს ნიშნავს, ცხადია.
და თუ შენ ჯერ კიდევ ფიქრობ, დაიწყო, თუ არა ეს ბიზნესი, ან უკვე მიხვდი, რომ ეს არაა საშენო საქმე, ეს მასალა მაინც უნდა შეინახო, ისევე, როგორც იმ პლატფორმის მისამართი, სადაც საჭირო შემთხვევაში, შეგიძლია ევაკუატორის მომსახურება აირჩიო, შენთვის საჭირო კრიტერიუმებით, გამოხმაურებებით.
(R)
კომენტარები