აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ 23 აგვისტოს გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გააფართოვა, რის ფარგლებშიც 400-მდე პირსა და ერთეულს, როგორც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ, უკრაინასთან ომში რუსეთის ხელშეწყობისთვის სანქციები დაუწესდა.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, სანქცირებულ პირთა სიაში ასევე მოხვდა საქართველოს საკრებულოს ყოფილი წევრის, მარიკა დარჩიას შვილის, ნინო ორლოვის ქმარი, ალექსანდრე ორლოვი, რომელსაც შვეიცარიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. წლების განმავლობაში იგი რუსეთის მთავრობის მაღალი ღირებულების მქონე, უცხოეთში დამზადებულ ნახევარგამტარებთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შესყიდვის ქსელში იყო ჩართული, რომელიც საბოლოოდ რუსულ ჯარს ამარაგებდა.
2017-2021 წლებში მარიკა დარჩია თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ორლოვი ფლობსდა ასევე ხელმძღვანელობს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ კომპანია Alexandre Orloff Ltd, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს ჰონგ-კონგში დაფუძნებულ Zvigeni Technology Systems Limited და Dougong Trading Hong Kong Limited. ორლოვს ასევე დაარსებული აქვს საამიროებში დაფუძნებული შპს Digital Marketing Awards, რომლის მთავარი აღმასრულებელი დირექტორიც თავადვეა.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ჩინეთში დაფუძნებულმა Shanghai Techinital Materials Co Ltd-მ, რომელიც ნახევარგამტარების საწარმოო აღჭურვილობის კომპონენტებს აწარმოებს, ათეულობით ტვირთი გაუგზავნა აშშ-ს მიერ დასანქცირებულ Joint Company Scan-ს (JSC Scan), რაც მაღალი პრიორიტეტის მქონე ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიებსაც შეიცავდა. JSC Scan აშშ-ს ასევე სანქცირებულ ობიექტთა სიაში ჰყავს შეყვანილი. ამის მიუხედავად, Shanghai Techinital-ს ღია კონტრაქტები აქვს JSC Scan-თან, რის ფარგლებშიც ჩინური კომპანია რუსეთს ომისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიით ამარაგებს. 2023 წელს კი ორლოვის მფლობელობაში მყოფმა Zvigeni-მ ხსენებულ ჩინურ კომპანიას $1.5 მილიონზე მეტი გადაურიცხა.
შესაბამისად, აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულება #14024-ის ფარგლებში, ამერიკამ ორლოვი და Shanghai Techinital-ი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის ტექნოლოგიურ სექტორში მოქმედ ერთეულთა სიაში შეიყვანა.
ხოლო Alexandre Orloff Ltd, Zvigeni, Dougong, 9105 2829 Quebec Inc., და DMA, ამავე განკარგულების ფარგლებში, აშშ-მ ორლოვის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის, ან მფლობელობის, ან ორლოვის სასარგებლოდ მოქმედ, ობიექტთა სიაში შეიყვანა.
,,ტაბულა”
კომენტარები