ბათუმში აღებული ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს:
,,სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” (მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4) ხმელი სუნელის (დამზადების თარიღი: 18.07.2024 წელი) ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმით დასტურდება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას.
ობიექტში განთავსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა დასახელებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე, წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული ტესტირება ტოქსიკურობაზე (ტყვიის შემცველობაზე).
„ნთკ 2016-ის” არაგეგმური სახელმწიფო კონტროლისას დადგინდა, რომ ხმელი სუნელის მწარმოებელი ბიზნესოპერატორია ინდივიდუალური მეწარმე (მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი ზემო ხვედურეთი და ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი), ხოლო შპს „ნთკ 2016“ არის დამფასოებელი.
შესაბამისად, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდმეწარმესთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სრულყოფილად არ აწარმოებს ჩანაწერებს მიკვლევადობის შესახებ; დარღვეულია ეტიკეტირების წესი. მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით, დაილუქა ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა), რომელთა ნაწილი წარმოებულია ინდმეწარმის მიერ, ხოლო კურკუმა იმპორტირებულია ინდოეთიდან (პარტია: 25.03.2024-24.03.2026-მდე).
ბიზნესოპერატორს დაევალა დალუქული ნიმუშების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ხმელი სუნელის რეალიზაციის აკრძალვა, ბაზარზე განთავსება, განთავსებული ამოღება და გამოთხოვილი სურსათის თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება”
კომენტარები