ნანა სულავა
მაინცდამაინც არჩევნების წინ რატომ გაათავისუფლეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე? მაშინ რატომ ხუჭავდა თვალს ხელისუფლება, როცა ორი-სამი წლის განმავლობაში „ალიას“ ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა მამხილებელი სკანდალური ინფორმაციები, სადაც რუსლან აბაშიძეს ბრალს დებდნენ დიდი მასშტაბის კურუფციაში, ნეპოტიზმში, მასიურად სამსახურებიდან თანამშრომლების დათხოვნასა და ა.შ? ეს დღეები მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა რუსლან აბაშიძისა და მისი ცოლის, თაკო ჩხეიძის ქონებრივმა დეკლარაციამ. ამ ქონების დიდი ნაწილი რუსლან აბაშიძეს თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს შეძენილი.
ახლა ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, თითქოს უმაღლესი საბჭოს სახელით მოხდა ფარული ნომენკლატურული შერჩევა. რატომ ახლა და რატომ მანამდე არ წარადგინა თავისი კანდიდატი უმაღლესმა საბჭომ? როცა აბაშიძემ, როგორც უამრავი რესპონდენტი გვიყვებოდა, ყველაფერი გადაჭამა, მერე დააყენეს საკითხი უმაღლესმა საბჭომ დღის წესრიგში? დევნილები კი ამბობენ, უმაღლესმა საბჭომ კი არა, პრემიერმა კობახიძემ და გია ვოლსკიმ წარადგინეს ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურაო. კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია, მუშაობს დევნილთა მინისტრად. პარლამენტარ გია ვოლსკისთან არ დამირეკავს. ერთხელ, როცა მსგავს სიტუაციაში ვცადე მასთან დაკავშირება და ავუხსენი მდგომარეობა, ის ძალიან გაცხარდა და პოლემიკის გარდა, ამ საუბარმა არაფერი შემმატა. ამიტომ თავი დავანებე. დევნილები იმასაც ამბობენ, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანარჩენ ღირსეულ კანდიდატებს აუკრძალეს მონაწილეობის მიღება. ახლა ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ იყო ჩუმად აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და ახლა რატომ ამოიდგა ენა, რომ ახალი კანდიდატით შეცვლილიყო აღნიშნული პოსტი?
ამ და კიდევ სხვა კითხვებით დავუკავშირდი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას:
– (დუმს)…
ჯემალ გამახარიასთან საუბარი არ გამიგრძელებია, აზრი არ ჰქონდა. რომ ჰკითხო, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერია. ის ერთი რიგითი შემსრულებელია. მთავარია, თავისი თანამდებობა შეინარჩუნოს. გავიხსენოთ ზუგდიდის არჩევნები, როდესაც ჯემალ გამახარია როლანდ ახალაიას ზუგდიდის მერობის კანდიდატურას უჭერდა მხარს და ასეთი სიტყვებით დალოცა როლანდ ახალაია: წმინდა ამბროსი ხელაიას მადლი გფარავდეს არჩევნებშიო! აბა, ასეთ კაცს რაიმე დაეჯერება? „ქოცებს“ რომ ჰკითხოთ, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა უნდათ, ყოველ ნაბიჯზე კი სოკოებივით არიან ამოსული „ნაცები“. გამახარიაც ასეთია და რასაც ეტყვიან, იმას შეასრულებს. ყველა კანდიდატურას, რომელსაც ხელისუფლება შესთავაზებს, მხარს დაუჭერს. თუ არ დაუჭერს და მისი აჯობებს.
ამ თანამდებობაზე არადევნილი ადამიანის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ის იქნება სრული ბუტაფორია მინისტრთა საბჭოში.
ნიშნავენ ისეთ კაცს, რომელმაც გაბედა კონსტანტინე გამსახურდიას მიწის მიტაცება, რომლის მთელი შემოქმედება გაჯერებულია აფხაზეთის თემით. ნუთუ, ყველანაირმა ღირებულებამ დაკარგა ფასი? არჩევნებს კი არა, ჩვენს ისტორიას აყალბებენ ასეთი ადამიანები. ახლა რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ კონსტანტინე გამსახურდიას, ჩვენი დროის უდიდეს მწერალს, ლიძავაში აფსუა სეპარატისტებმა სახლი ჯერ გაუძარცვეს და მერე გადაწვეს. ამის შემდეგ ცნობილმა სამეულმა: კიტოვანმა, იოსელიანმა და სიგუამ დაწვეს კოლხური კოშკი. ახლა, „გასაოცარი დემოკრატიის“ პირობებში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ კონსტანტინე გამსახურდიასთვის მიცემული მიწა მიიტაცა ვიღაც ოლიგარქმა დეპუტატმა. ამით ის ხომ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობასთან გვიწყვეტს კავშირს!
ბიძინა ივანიშვილს ვეკითხები: ჯიხაშკარში მუზეუმს რომ აკეთებთ, რა სტატუსით? კოლხურ კოშს რატომ არ იცავს „ქართული ოცნება“? მოარული ხმები იმასაც ამბობენ, რომ ცოტნე გამსახურდიას იმიტომ მოუწყვეს ის ე.წ. ინცინდენტი, თავდაუზოგავად თავში იმიტომ ურტყეს, რომ იცოდნენ, ის კოლხური კოშკის მიწის გაყიდვას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა. მისი ჯანმრთელობა დღესაც სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ამით ისარგებლეს ზოგიერთებმა. აქ არ შეიძლება არ გაიხსენო მუხრან მაჭავარიანის ლექსის სტრიქონები: „ვახტანგის ადგილს იჭერს ხეჩუა, გვეცლება ქართლი თვალს და ხელს შუა“, ვიღაც ხეჩუა მგალობლიშვილი ყველაფერს ყიდულობს, რაც მას უნდა და მოესურვება.
მე-17 საუკუნეში, ინგლისში, როცა კაპიტალიზმი შემოვიდა, კაპიტალისტებმა მთელი ინგლისის მიწები შემოღობეს და ადამიანები ლუნტერპროლეტარებად აქციეს. ნაწილი ინგლისის ქალაქებში, ზოგი კი ამერიკისა და სხვა კონტინენტებზე დასახლდა, ნაწილი დაიხოცა. დაახლოებით იგივე პროცესი მიდის დღეს საქართველოში. ძალიან მალე ახდება კიდეც კახა ბენდუქიძის ოცნება: „მიწები დიდ ლატიფუნდიებს ეკუთვნისო“. ამიტომ იქცნენ სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლები დღეს ლუნტერპროლეტარებად. ოლიგარქიის ერთ-ერთი შედეგი ესეც არის. მე ხშირად ვამბობ ჩემს სტატიებში, რომ ყველა სიმდიდრე გადადის 200 ოლიგარქიული ოჯახის ხელში, თორემ რა, დევნილებში ერთი კაცი არ მოინახა, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავდებდა? აფხაზეთიდან რამდენი ღირსეული პროფესიონალი ადამიანია! საერთაშორისო მოლაპარაკებები რომ გაიმართება აფხაზეთის თემაზე, ვინ არის ეს მგალობლიშვილი, დევნილების სახელით რატომ ლაპარაკობსო, მაშინ რას იტყვით? როგორც შევიტყვე, ის აბაშიდან არის. მუშაობდა აბაშისა და სენაკის რაიონებში. აფხაზეთთან არანაირი კავშირი არასდროს ჰქონია. 14-15 წლის ბიჭი იყო, როცა სოხუმი დაეცა. რით დაიმსახურა აფხაზეთის დავნილობამ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ასეთი ირონია და ცინიზმი? შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების დროს ამ თანამდებობაზე დანიშნული კადრები წარმოშობით აფხაზეთიდან მაინც იყვნენ, სხვა თუ არაფერი.
რუსლან აბაშიძემ თავისი საქმე მოიყომარა, იშოვა დიდი კაპიტალი, ახლა გადავა ალბათ კერძო სექტორში, ქოცები კი ტრადიციას არ უღალატებენ.ყოფილმა ნაცებმა რაც იშოვეს და ჭამეს, მათ ერთი ლარი არ შეატანინეს საქართველოს ბიუჯეტში, ყველაფერი „ხახვივით“ შეარჩინეს. მოკლედ, „სიაფანდზე“, ერთი მიჰყავთ და ვითომ სხვა მოჰყავთ, ეს არის ცნობილი დებულება – მოხდეს ცვლილება, რომელიც არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს.
აფსუა სეპარატისტებმა ყველაფერი კარგად იციან, იციან რა კადრები ინიშნებიან თბილისში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეებად. იმიტომაც ამტკიცებენ, რომ ენგურის ორივე სანაპირო, გაღმა და გამოღმაც ჩვენიაო და იქვე, ხელში თოფით და გაეროს დროშით დგას რუსი, ქართული მდინარის, ენგურის პირას.
მე, როგორც ჟურნალისტი, ვისურვებდი, ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი დაინიშნოს, რომელიც გააცნობიერებს მტრობისა და სევდის ნაპირებს და არ იფიქრებს მარტო კერძო სარგებელზე და მომავლის ნაბიჯებს გადადგამს ამ ჩვენი ულამაზესი მხარის დასაბრუნებლად
კომენტარები