ირაკლი ნადირაძის სასამართლო პროცესზე დაკითხული სამი პოლიციელიდან ერთი ამტკიცებდა, რომ ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე გლდანში შეკრებილ ხალხს გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებდა და ხელს უშლიდნენ რამდენიმე დაკავებაში.
პოლიციელი ასევე ამბობდა, რომ გლდანში იმ დღეს ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, რის შემდეგაც სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სკამზე მჯდომმა ნადირაძემ, მოწმე პოლიციელს ჰკითხა – თუ გარეთ 50-მდე ადამიანი იყო, რატომ მოხდა ამ 50 ადამიანიდან მხოლოდ ორის, მისი და ირაკლი ეძგვერაძის ამორჩევა და დაკავება? – თუმცა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ოპოზიციონერს კითხვის დასმა გააწყვეტინა.
“სამწუხაროდ (მოსამართლე) თქვენ არ მიეცით შესაძლებლობა პოლიციელს, რომ ეპასუხა – უთხრა ნადირაძემ მოსამართლეს.
მეორე სამართალდამცველი ირწმუნებოდა, რომ ნადირაძის დაკავების მიზეზი გახდა პოლიციელების შეურაცხყოფა – “კრიმინალებს გვეძახდა”.
ნადირაძის კითხვაზე – “შეურაცხყოფას თუ მედავებიან, ეს ოქმში რატომ არ წერია?” – პოლიციელმა დაადასტურა, რომ ოქმში მართლაც არ წერია, თუმცა, მაინც ირწმუნებოდა, რომ დაკავების მიზეზი, სწორედ ეს იყო.
მესამე პოლიციელი ამტკიცებს, რომ სამხრე კამერები ღამით არ ანათებს, ამიტომაც ამბობდა, რომ ტელეფონით მოუწია განათების ჩართვა და მტკიცებულება ამიტომ არ აქვს, გადაღება ვერ მოასწრო.
გადაღება ვერ მოვასწარით, კამერა ჩვენი ვერ იღებს, სინათლე არ აქვს, გულსართის ტელეფონი ჩავრთე, კამერის ჩართვა ვეღარ მოესწრო – თქვა პოლიციელმა.
სამივე მოწმის ჩვენება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მოისმინა, რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ კი ამ ჩვენებების საფუძველზე ირაკლი ნადირაძე სამართალდამრღვევად გამოაცხადა. ოპოზიციონერ ლიდერს 7 დღე აქვს, რომ 2500 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს.
როგორც ჩანს, დაღამება უკვე, არამხოლოდ სამაშველო საქმიანობაში უშლის შსს–ს ხელს, არამედ, უკვე მტკიცებულებების მოპოვებაშიც.
კომენტარები