“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში:
მოგესალმებით საქართველოს ულამაზესი კუთხის, შიდა ქართლის შვილებს!
მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას ჩვენს ერთად დგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს.
ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალფეროვნებისა და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ქართლი კი ყოველთვის ყველა კუთხის, ამ მრავალფეროვნების შემკვრელი იყო და მუდამ მტკიცედ იდგა საქართველოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე. 3000-წლოვანი უფლისციხე, ყინწვისი, ატენის სიონი, წინაპრებისგან დატოვებული კიდევ უამრავი ხუროთმოძღვრების ძეგლი ყველაზე თვალსაჩინოდ შეგვახსენებს, თუ რამდენი რამ შესძინა ჩვენს ქვეყანას ამ ულამაზესმა კუთხემ. მრავალი საუკუნის მანძილზე, მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ქართლელი კაცის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, რამაც მტკიცე ხასიათი ჩამოგიყალიბათ, ძნელბედობისადმი შეგუების უფლება არ მოგცათ და მომავალი თაობების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ღირსეულად გატარებინათ.
12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების პაკეტი.
2012 წელს ჩვენ ვაცხადებდით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია და დაგპირდით, რომ ქართული სოფლის აღორძინებისთვის მილიარდიან ფონდს შევქმნიდით. ამ დაპირების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისათვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა; შეიქმნა 420 ახალი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი; 23 ათას ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები; 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობები და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიული ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე, პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი.
12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!
კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გაგრძელდება.
თუმცა, დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანოდ ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი, ხოლო მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთ პირობებში, ჩვენს გუნდს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ეს არ არის ჩვენი ახირება. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის.
კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:
1) პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი, გარკვეული პერიოდულობით, ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება.
დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას! ქართველების ენით აღუწერელი გმირობის კიდევ ერთი, გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა, ისტორია, რომელიც გვახსენებს, თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა! ეს ქალაქი და მთლიანად, შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოსცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა – ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე – ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა.
საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის;
2) მეორე: ჩვენ პარლამენტში უკვე წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს! საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ;
3) მესამე: საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას, მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. ქრისტიანული სარწმუნოება, მამულთან და ენასთან ერთად, ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება;
4) მეოთხე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას.
2012 წელს, როდესაც თქვენთან ერთად ვემზადებოდი კრიმინალური რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად, თქვენ წინაშე, ამ ქალაქში ვრცლად ვისაუბრე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ პროვოცირებული ომის შესახებ და მინდა, ჩემი 12 წლის წინანდელი გამოსვლიდან მცირე ამონარიდი გავიხსენო. 2012 წლის 15 ივლისს მე გითხარით შემდეგი:
„გულით თუ გვინდა, რომ ამ ჭრილობამ, ბოლოსდაბოლოს, პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი დღეს აქ. ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არამარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს, ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომავალშიც, ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ, ამ მხარეში. ჩვენ, ქართველებმა და ოსებმა, ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობის აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას“.
თქვენ წინაშე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ 12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.
დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება.
საქართველოს გულში მცხოვრებო ჩემო თანამოქალაქეებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მიზანი არა წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება და ომი, არამედ მომავლის შენება და განვითარებაა!
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველა ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები – მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით.
გაუმარჯოს ქართლელებს! გაუმარჯოს ჩვენს ოს დებსა და ძმებს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!
(R)
კომენტარები