ირკვევა, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს ლონდონის კომიტეტში გამართული პროცესის შედეგად ოლიგარქს არ მიეცა უფლება, მისი თანხები სურვილისამებრ განეკარგა.
ივანიშვილი გარანტიად დებდა თავის აქტივს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდს, ასევე უცხოურ ადმინისტრაციაში დარეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას. თუმცა კომიტეტმა დაადგინა, რომ სასამართლო საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მასზე ოლიგარქს კონტროლის მექანიზმი გააჩნია, ასევე კომიტეტმა რისკ ფაქტორად განსაზღვრა ის, რომ ოლიგარქს შესაძლოა დაეკისროს ფინანსური სანქციები.
საქმე ბერმუდის სასამართლოში “კრედიტ სუისთან” ფინანსური დავის ფარგლებში განიხილება.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება (შეფასება) ივანიშვილისა და ქართული სასამართლო სისტემის სანდოობაზე
“2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და ,,Credit Suisse Life Limited”-ს შორის არსებულ მრავალმილიონიანი დავის ფარგლებში განიხილა ,,Credit Suisse Life Limited“-თვის ლონდონის სასამართლო კომიტეტში ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მიცემისა და ივანიშვილის მიერ მისთვის უკვე მიკუთვნებული თანხის გამოყენების სანაცვლოდ გარანტიის წარდგენის შესახებ საკითხი.
გადაწყვეტილებით, ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ ლონდონის სასამართლოში ივანიშვილის მიერ საქმის წაგების შემთხვევაში, მის ქონებაზე აღსრულება შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს, რადგან:
1. ივანიშვილის სანქცირების შესაძლებლობა რეალურია;
2. ივანიშვილმა შესაძლებელია საკუთარი აქტივები გადაიტანოს საქართველოში ან გადააფორმოს მესამე პირებზე;
3. საქართველოში არსებულ/გადატანილ ქონებაზე აღსრულება შეიძლება ვერ მოხდეს, რადგან საქართველოს სასამართლო სისტემა ივანიშვილის გავლენის ქვეშაა.უაღრესად ყურადსაღებია და პრეცედენტული, რომ ბერმუდის სასამართლომ პირდაპირი სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისის, ფრიდომ ჰაუსის, საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნებს/განცხადებებს, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებზე და ივანიშვილის გადაჭარბებულ გავლენებზე. ” ნათქვამია ააიპ ,,საგამოძიებო ბიუროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიძინა ივანიშვილს ბერმუდის სასამართლოზე მოწმედ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესისა და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და თავმჯდომარე, ჯონი ხეცურიანი ჰყავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ხეცურიანმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა რამდენად დამოუკიდებელია ქართული მართლმსაჯულება და ერევა თუ არა მასში ივანიშვილი. საბოლოოდ ხეცურიანის ჩვენება არ იქნა გაზიარებული.
თავად ჯონი ხეცურიანმა “მთავარ არხთან” თქვა:
“იყო კითხვები და ვუპასუხე…არ ვარ ვალდებული თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ, კარგად იყავით”
ამ დავას, რომელიც დაახლოებით 10 წელია გრძელდება, ოლიგარქი კონსპირაციის თეორიებით ხსნის.
კომენტარები