რადიო თავისუფლების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამბობენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია.
„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – მისწერეს 3 ოქტომბერს მედიას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, – რომ ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“.
ივანიშვილის ოთხი შვილიდან სამი – უტა, გვანცა და ბერა ივანიშვილები – წლებია, არ ცხოვრობენ საქართველოში. ტელეკომპანია წერს, რომ წყაროს ცნობით, „აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური – წინა სასანქციო რეჟიმიდან“.
„ფორმულას“ არ გაუვრცელებია ცნობა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების ოფიციალური სანქცირების შესახებ. „ეს გულისხმობს, რომ ფინანსური ინსტიტუტები გადაწყვეტილებას ანგარიშის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული სუბიექტის სასანქციო რეჟიმში გადაყვანის თაობაზე იღებენ მაღალი სანდოობის მატარებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც აშშ-ის ხაზინის ან სახელმწიფო დეპარტამენტი, ან ევროპული ინსტიტუტები ავრცელებენ“, – აცხადებს ტელეკომპანია.
20 სექტემბერს, „ამერიკის ხმამ“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.
აშშ-ის საელჩომ „ამერიკის ხმის“ ცნობების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლო სანქციების დაწესებას არ აანონსებენ, თუმცა თქვა, რომ [ვაშინგტონში] „ძალიან შეშფოთებულნი“ არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
თავად ბიძინა ივანიშვილი, – რომელსაც ამ ცნობაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, – ბოლო პერიოდში აცხადებს, რომ „ფაქტობრივად სანქცირებულია“, რასაც შეერთებული შტატები ასევე უარყოფს.
კომენტარები