საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციების ახალ სერიას იწყებს. არჩევნებამდე 21 დღით ადრე, პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს.
ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით იმიტომ, რომ ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ…
დარწმუნებული ვარ ერთ რამეში რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები…
ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე – არა. (პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული) ამ ნიშნით: პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები