საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა:
“ერთი საინტერესო დეტალი მინდა შეგახსენოთ, როცა ზუგდიდში ტარდებოდა არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, 2019 წელს, მაშინ იყო საკმაოდ რთული ვითარება, ზღვარზე იყო რეალურად მონაცემები. როდესაც კვლევა ჩავატარეთ, ერთ მხარეს იყო ჩვენი კანდიდატი, რომელიც გახარიასთან იყო დაკავშირებული, გეგა შენგელია და მეორე მხარეს იყო სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და 50-50-ზე იჯდა მონაცემები ჩვენი კვლევის თანახმად, რაც ვუთხარით გახარიას, ერთი მომენტი შეშფოთდა და მივხედავო, ასეთი რაღაც თქვა. ამის მერე ხდება რა, ჩადის გვარამია ზუგდიდში და მთელ 2 დღეს, არჩევნების წინა დღეს და არჩევნების დღეს უძღვნის გეგა შენგელიას პიარ კამპანია იმისათვის, რომ გახარიას კანდიდატმა არ წააგოს არჩევნები. ეთერში უშვებს, მაშინ რუსთავი 2 იყო თუ არ ვცდები, ხალხის გამოკითხვას, სულ ალაგებდნენ ყოველთვის, მარტივად აჩერებდნენ 100 ადამიანს, იქიდან შეიძლება 10 ყოფილიყო სანდრა რულოვსის მომხრე და ათივეს ამას უშვებდნენ, უმეტესობა გაუშვეს გეგა შენგელიას მხარდამჭერები და ამას მოყვება მერე გვარამიას კომენტარი, რომ შენგელიაზე ცუდის მთქმელის ზუგდიდში ვერ ვნახეო. მერე გახსოვთ, როგორ აგინებს ზუგდიდელებს პირდაპირ ეთერში. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე პროცენტით გაზარდა შენგელიას რეიტინგი და მარტივად დასრულდა. რასაც დაგვპირდა დაალაგა გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით.”
პრემიერს, არ უთქვამს, რატომ გახდა “დასალაგებელი” მოგება სამეგრელოში, რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა, ან რა არ გააკეთა, რომ სამეგრელო არ ირჩევდა მათ კანდიდატს. ისევე, როგორც, ცხადია, არ უთქვამს, რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს არჩევნებზე ხელოვნური ზეგავლენის მოხდენაა.
პრემიერ–მინისტრს, არც ის უთქვამს, ამჯერად, 2024 წლის არჩევნებზე, გეგმავს ხელისუფლება, რომელიმე ოპოზიციონერის ხელით, რამის “დალაგებას”, თუ არა, და თუ გეგმავს, ვისი ხელით?
მოქმედებდა, როგორც უცხოელი აგენტი… – რას უხსენებს კობახიძე გახარიას
კომენტარები